ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტოტენჰემ ჰოტსპური
Tottenham Hotspur
Tottenham Hotspur.svg
სრული სახელი Tottenham Hotspur Football Club
მეტსახელი დეზები
დაარსდა 1886
სტადიონი უემბლი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 90,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ინგლისის დროშა დენიელ ლევი
მწვრთნელი არგენტინის დროშა მაურისიო პოჩეტინო
კაპიტანი საფრანგეთის დროშა უგო ლორისი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-2 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ (ინგლ. Tottenham Hotspur Football Club; გამოითქმის ([ˈtɒt:nəm])) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლონდონიდან. დაარსდა 1882 წელს, როგორც საფეხბურთო კლუბი „ჰოტსპური“. საშინაო მატჩებს ატარებს „უაით ჰართ ლეინზე“.

„ტოტენჰემი“ არის პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც გაიმარჯვა ევროტურნირზე. 1963 წელს, ბილ ნიკოლსონის თაოსნობით („ტოტენჰემის“ ფეხბურთელი (1938-1955), შემდეგ მწვრთნელი (1958-1974).) თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“, ანგარიშით 5-1. 1972 წელს, უეფა-ს თასის ნახევარფინალში იტალიური „მილანის“ გამოთიშვის შემდეგ, „ტოტენჰემი“ ფინალში ადგილობრივ „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდა და „ვულვზის“ მოედანზევე გაიფორმა გამარჯვება, მარტინ ჩივერსის დუბლით, „ტოტენჰემმა“ უეფა-ს თასის მოგება 1984 წელსაც შეძლო, კეიტ ბურკინშოუს თავკაცობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოციანებამდე (1882–1960)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად „ტოტენჰემი“ მუქი ლურჯი ფორმით თამაშობდა. შემდეგ კლუბის ფორმის ფერები ხშირად იცვლებოდა - იყო ღია ლურჯი მაისური და თეთრი შორტები, წითელი მაისური და ლურჯი შორტები, ასევე სხვადასხვა დროს დომინირებდა ყავისფერი და ყვითელი ფერები, საბოლოოდ კი 1899-1900 აირჩიეს თეთრი მაისურები და მუქი-ლურჯი შორტები, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, „პრესტონის“ გავლენით.

1888 წელს „ტოტენჰემმა“ საშინაო არენა შეიცვალა, „ტოტენჰემ მერშიდან“ „ნორთუმბერლენდ პარკში“ გადავიდა, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისა. 1892 წელს კლუბმა გადაწყვიტა შეერთებოდა სამხრეთ ლიგას, რომელიც „როიალ არსენალის“ (ამჟამინდელი „არსენალი“) ინიციატივით იყო შექმნილი, თუმცა კლუბმა საკმარისი ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო (23-დან ვერც ერთი), რის გამოც „ტოტენჰემს“ 1895 წლამდე მოუწია დაცდა. სამხრეთის ლიგაში კლუბის გაწევრიანებამ გაზარდა მაყურებელთა ინტერესი, რაც დასწრების რაოდენობის ზრდით გამოიხატა - იმ დროისთვის გუნდის თამაშებს სარეკორდოდ მაღალი, 15 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. 1898 წელს კლუბის პირველი თავმჯდომარე გახდა ჩარლზ რობერტსი და ეს პოსტი შეინარჩუნა 1946 წლამდე.

1899 წელს კლუბმა საბოლოოდ იპოვა საშინაო მატჩების გასამართი ადგილი. ეს იყო ყოფილი მარკეტის ტერიტორია, ჰაი როუდის ქუჩის მახლობლად. იმ დროისთვის ინგლისის ერთიანი საფეხბურთო ასოციაცია არ არსებობდა და დაყოფილი იყო რამდენიმე ასოციაციად. ჩრდილოეთში მომხდარი კონფლიქტის გამო საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ ფეხბურთელები, ჯონ კამერონი და ჯონ ბელი „ტოტენჰემს“ შეუერთდნენ. მათი წყალობით კლუბმა პირველი ტიტული - სამხრეთის ლიგა მოიგო და გახდა პირველი გუნდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებიდან, რომელმაც ნონ-ლიგიდან მოიგო აღნიშნული თასი. თასი „ტოტენჰემის“ კაპიტანმა, ჯეკ ჯოუნსმა აღმართა. თასი მორთული იყო ფერადი ლენტებით, ამის ინიციატორი იყო მორტონ კადმანის მეუღლე. ამით ჩაეყარა საფუძველი ინგლისური თასების ლენტებით მორთვას და ეს დღემდე გრძელდება.

„ტოტენჰემმა“ 1908-1909 წლებში შეძლო და თავი დააღწია საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონიდან და აღზევდა პირველ დივიზიონში (ახლანდელი პრემიერლიგა) 1914-1915 წლისთვის, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საფეხბურთო ლიგა დროებით გაუქმდა, ამ დროისთვის კლუბი ლიგის აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა.

1919 წელს, როდესაც ფეხბურთის მატჩების ჩატარება განახლდა, პირველი დივიზიონის გუნდების რაოდენობა 20-დან 22-მდე გაიზარდა. საფეხბურთო ლიგამ გამოიყო ორი დამატებითი ადგილი, ერთი „ჩელსისთვის, რომელიც 1914-15 წლებში მე-19 ადგილზე გავიდა და ფეხბურთის არ შეწყვეტის შემთხვევაში პირველი დივიზიონიდან მე-20 ადგილოსან „ტოტენჰემთან“ ერთად გავარდებოდა, მეორე კი „არსენალისთვის“, რომელმაც იმ წელს მეორე დივიზიონში მე-6 ადგილი დაიკავა. „ტოტენჰემი“ გავარდა მეორე ლიგაში, თუმცა იმავე წელს მოიპოვა დონით მეორე ჩემპიონატის ჩემპიონობა და 1920 წლისთვის კვლავ დაუბრუნდა პირველ დივიზიონს. მომდევნო წელს „სპურზმა“ (1921) მეორეჯერ დაისაკუთრა ასოციაციის თასი, ფინალში, სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა „ვულვზი“.

1992 წლის შემდეგ, როდესაც კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, „ლივერპულის“ შემდეგ. „ტოტენჰემს“ დაეწყო დაღმასვლა. ამ დაღმასვლამ პიკს მიაღწია 1928 წელს, როდესაც გუნდი ლიგიდან გავარდა. 1935-1938 წლებში კლუბი ზედიზედ სამჯერ გავიდა ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, თუმცა ეს ეტაპი მისთვის სამივეჯერ გადაულახავი აღმოჩნდა. 1939 წლისთვის (მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში) „სპურზი“ იყო მეეექვსე ადგილზე მეორე დივიზიონში, საფეხბურთო ლიგა კი ომის გამო დროებით კვლავ გაუქმდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა, უკვე ათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა უმნიშნველო მატჩებსაც კი. 1949 წელს კლუბის მწვრთნელად დანიშნეს არტურ როუ. მის სახელს უკავშირდება ახალი ტაქტიკური სქემის გამოგონება და განვითარება, რომელიც ცნობილია სახელით „უპასე და გაიქეცი“ (ფართოდ გამოიყენება ტერმინით „კედლის გათამაშება“). „ტოტენჰემი“ იყო პირველი გუნდი, რომელმაც ეს ტაქტიკა დანერგა ფეხბურთში. არტურ როუს წყალობით „სპურზი“ 1949-50 წლებში გახდა მეორე ლიგის ჩემპიონი და აღზევდა უმაღლეს ლიგაში. შემდეგ სეზონში უმაღლესი ლიგის მოგებაც შეძლო. ამ დროს გუნდში ირიცხებოდნენ: ალფ რემზი, რონი ბარგისი, ტედ დიჩბერნი, ლენ დუქემინი, სონი ვოლტერსი და ბილ ნიკოლსონი.

მომდევნო წელს კლუბმა შედეგის გამეორება ვერ შეძლო. მათ ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულეს, ხოლო ჩემპიონი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედი„. 1952-1953 წლებში კი „ტოტენჰემმა“ მდგომარეობა უფრო გაიუარესა და მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა. კლუბის საფირმო „კედელი“ კი გაქრა. 1954 წელს იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 30,000 ფუნტად „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ გადაიბირა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, დენი ბლანჩფლაუერი. ამავე წელს „სპურზი“ ასოციაციის თასს ალფ რემზის „ბლექპულისთვის“ „ნაჩუქარი“ გოლით დაემშვიდობა.

1955 წელს, „ტოტენჰემის“ არადამაჯერებელი თამაშის გამო, გუნდის მწვრთნელი, არტურ როუ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ასევე გადადგომის მიზეზი როუს ჯანმრთელობის გაუარესება იყო. პოსტი ჯიმი ანდერსონმა გადაიბარა. 1955-1956 წლები „დეზებისთვის“ კატასტროფული იყო, კლუბმა ჩემპიონატი მე-18 ადგილზე დაასრულა და 2 ქულით გადარჩა უმაღლესი ლიგიდან გავარდნას. მიუხედავად ნაჩვენები შედეგისა, ჯიმი ანდერსონმა თანამდებობა შეინარჩუნა, რაც როგორც შემდგომში გაირკვა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვინაიდან კლუბმა მომდევნო წელს (1956–57 წლების სეზონში) მეორე ადგილი დაიკავა - 8 ქულით ჩამორჩა იმ დროისთვის ახალგაზრდულ, „მანჩესტერ იუნაიტედს“. ჯიმი ანდერსონსაც ავადმყოფობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება, მისი პოსტი ბილ ნიკოლსონმა დაიკავა. სადებიუტო სეზონში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ლიგაში მე-18 ადგილი დაიკავა, თუმცა შემდგომში ნიკოლსონმა შექმნა ახალი ერა გუნდის ისტორიაში „60-იანების“ და „70-იანების“.

ნიკოლსონის წლები (1958-1972)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილ ნიკოლსონი „ტოტენჰემში“ ჩაირიცხა 1936 წელს. 68 წლის განმავლობაში (გარდაიცვალა 2004 წელს) ყოველთვის კლუბთან იყო იშვიათი გამონაკლისების გარდა, იყო როგორც მოთამაშე, ასევე მწვრთნელი და მწვრთნელის თანაშემწე. სამწვრთნელო კარიერის სადებიუტო მატჩში, 1958 წლის 11 ოქტომბერს, „სპურზმა“ „ევეტყონი“ დაამარცხა, ანგარიშით 10-4. ეს იყო იმ დროისთვის მათი სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება. 1960-1963 წლები „ტოტენჰემისთვის“ ძალიან წარმატებული გამოდგა. 1960-61 წლების სეზონში გუნდი მეორედ და ამ დროისთვის უკანასკნელად გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1961 წელს გააკეთა პირველი დუბლი მსოფლიოში (მოიგო ლიგა და ასოციაციის თასი), მომდევნო წელს მოიგო ასოციაციის თასი და გავიდა ევროპის თასის ნახევარფინალში, ხოლო 1963 წელს „ტოტენჰემი“ გახდა პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც უეფა-ს ტურნირის მოგება შეძლო, „დეზები“ თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდნენ. იმ დროისთვის გუნდის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ დენი ბლანჩფლაუერი, ჯო ვაითი, დეივ მაკეი, კლიფ ჯონსი, ჯიმი გრეივზი და ტერი მედვინი.

მომდევნო წლებში გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ამას დაემატა ტრავმირებული ფეხბურთელები და გუნდი დასუსტდა. თუმცა ნიკოლსონმა ააშენა ახალი გუნდი, რომლის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ: ალან გილზინი, მაიკ ინგლანდი, ალან მიულერი, ტერი ვენიბლზი, ჯო კინერი და კირილ ნოუვლზი. ამ გუნდმა 1967 წლის ასოციაციის თასის ფინალშ დაამარცხა „ჩელსი“ , ხოლო ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა. მწვრთნელის პოსტის დატოვებამდე ნიკოლსონმა მოპოვებულ ჯილდოებს დაამტა ლიგის თასი (1971, 1973) და უეფა-ს თასი (1971-1972) . როტერდამში, უეფა-ს თასის ფინალში წაგებული მატჩის შემდეგ, როდესაც ფანები „აჯანყდნენ„, ის გადადგა. ამით დასრულდა „ტოტენჰემის“ ოქროს წლები. ბილ ნიკოლსონმა „დეზებთან“ მწვრთნელის რანგში გაატარა 16 წელი, ამ დროის განმავლობაში კლუბმა მოიგო 8 მნიშვნელოვანი თასი.

1972-1990 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლსონის წასვლის შემდეგ „ტოტენჰემის„ ადმინისტრაციამ გუნდი ჩააბარა ლონდონის „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს, ტერი ნილს, მისი თავკაცობით 1974-75 წლების სეზონში დაქვეითების საშიშროების ქვეშ იდგა, მაგრამ გადარჩა. ნილი „ტოტენჰემის„ ფანებმა წარსულში „არსენალის“ ფეხბურთელობის გამო ცუდად მიიღეს და საბოლოოდ 1976 წლისთვის მას მოუწია გუნდის დატოვება, ხოლო ნილის ნაცვლად დაინიშნა მისი ასისტენტი, კეიტ ბარკინშოუ. უმაღლეს ლიგაში 27 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, 976-1975 წლების სეზონში, „ტოტენჰემი“ მეორე დივიზიონში დაქვეითდა. მალე ამას მოყვა ჩრდილო ირლანდიელი გოლკიპერის, პეტ ჯენინგსის „არსენალში“ გადასვლა, რამაც „ტოტენჰემის“ ფანებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ჯენინგსი „ტოტენჰემის“ რიგებში 8 წლის მანძილზე თამაშობდა, მის შემცვლელად კლუბში „ლივერპულიდან“ რეი კლემენსი გადმოვიდა.

მიუხედავად გუნდის პირველი ლიგიდან გავარდნისა, გუნდის ხელმძღვანელობამ ბარკინშოუ არ გაათავისუფლა. 1977 წელს „ჰოტსპურს“ კარგი სტარტი ჰქონდა და პირველ ლიგაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა, მაგრამ გუნდი სეზონის ბოლოს ფორმიდან ამოვარდა. მეორე ლიიგდან თავის დასაღწევად, „საუთჰემპტონთან“ სტუმრად გასამართ მატჩში „ტოტენჰემს“ ფრეც აწყობდა, მატჩი 0-0 დასრულდა და „დეზები“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ.

1978 წლის ზაფხულში, ბარკინშოუმ მსოფლიო ჩემპიონატის ორი არგენტინელი ვარსკვლავი, ოსვალდო არდილესი და რიკარდო ვილია შეიძინა. ასეთი ტრანსფერები ბრიტანულ ფებურთში ჯერ უცხო იყო. ამ ტრანსფერებმა საძირკველი ჩაუყარა ახალ წარმატებებს.

მომდევნო ათწლეული „ტოტენჰემმა“ კარგად დაიწყო. 1980-81 წლების სეზონში გუნდმა შეძლო კიდევ ერთხელ დაესაკუთრებინა ასოციაციის თასი, ფინალში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხეს, ანგარიშით 3-2. ამ მატჩში კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი გაიტანა რიკი ვილიამ. მომდევნო წელს გუნდმა კვლავ მოიგო იგივე თასი, ფინალში „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ დამარცხების შემდეგ. ამ წელს „ტოტენჰემი“ კიდევ 3 ჯილდოს დასაკუთრებასთან იყო ახლოს, მათ შორის პირველი ლიგის ჩემპიონობასთან, თუმცა ჩემპიონი „ლივერპული“ გახდა, „დეზებმა“ მე-4 ადგილი დაიკავეს. ასევე „ლივერპულმა“ გადაუღობა გზა ლიგის თასის ჯილდოსკენ, რომელმაც დამატებით დროში იმარჯვა. მეოთხე ჯილდოს დასაკუთრების შანსი „ბარსელონამ“ მოუსპო, როდესაც თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, კამპ ნოუზე დაამარხა. მანამდე, უაით ჰართ ლეინზე მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

ახალი მწვრთნელის, პეტერ შრივზის და მფლობელის, აირვინგ შოლერის წყალობით გუნდმა ახალი შემართებით დაიწყო თამაში. ამ წლებში დაიწყო გუნდის კიდევ ერთი დაღმასვლა. იმ დროს, როდესაც შოლერი ცდილობდა გამოეყვანა გუნდი ღრმა ფინანსური კრიზისიდან, გუნდს კრიზისის ჯერ კიდევ არაფერი ეტყობოდა და სეზონის ბოლომდე უწევდა კონკურენციას ჩემპიონ „ევერტონსა“ და მეორეადგილოსან „ლივერპულს“. საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა და უეფა-ს თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 1985 წლის დიდი უბედურების შემდეგ, როდესაც „ლივერპული“ - „იუვენტუსის“ მატჩის მსვლელობისას 39 მაყურებელი დაიღუპა, ინგლისური კლუბებს დროებით აეკრძალათ ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება. „ტოტენჰემმა“ და სხვა კლუბებმა(„ევერტონი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „საუთჰემპტონი“), რომლებიც იმ დროისთვის ევროასპარეზზე უნდა გამოსულიყვდნენ, გაასაჩივრეს უეფა-ს გადაწყვეტილება, ისინი მოითხოვდნენ მხოლოდ „ლივერპულის“ დასჯას, თუმცა უშედეგოდ.

1986-1987 წლების სეზონი „ტოტენჰემმა“ წარმატებით დაიწყო. გუნდში მოვიდა „ლუტონ თაუნის“ ყოფილი მწვრთნელი, დევიდ პლიტი, ამ დროს გუნდი თამაშობდა 5 ნახევარმცველით და 1 თავდამსხმელით. „დეზების“ გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა ისტორიაში პირველად „ტრებლის“ (3 ჯილდოს ერთ სეზონში მოგება) განხორციელებისა, თუმცა მათი იმედი იმედად დარჩა. ლიგის თასის ნახევარფინალიდან გუნდი გამოაგდო შემდგომში ამ თასის მფლობელმა „არსენალმა“, ასევე „ტოტენჰემმა“ ვერ მოახერხა პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული დასაკუთრება, ხოლო ბოლოს ასოციაციის თასისთვის ბრძოლაში დამარცხდა „ახალბედა„ „ქოვენთრისთან“ (ანგარიშით 2-3). 1987 წელი ასევე აღსანიშნავია იმით, რომ გუნდმა გრენ ჰოდლი „მონაკოს“ მიჰყიდა, ხოლო ერთითი წლის შემდეგ გუნდის მეკარემ, რეი კლემენსმა კარიერა დაასრულა.

გუნდის ლიდერების წყალობით, როგორებიც იყვნენ სტივ არჩიბალდი, გერს კრუკსი, გლენ ჰოდლი, ოსვალდო არდილესი და სტივ პერიმენი, კლუბმა 1984 წელს მოახერხა უეფა-ს თასის მეორედ დასაკუთრება, მაგრამ ამ გამარჯვებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბარკინშოუმ განაცხადა, რომ ის აპირებდა კლუბის დატოვებას სეზონის დასასრულისთვის. ბარკინშოუს 4 წლიანი მუშაობის მანძილზე „ტოტენჰემს“ ჰყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კლუბის ისტორიაში, რომელმაც შეძლო 3 მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება.

1987 წელს, 1 სეზონიანი მუშაობის შემდეგ, პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, პლიტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მის ნაცვლად „ტოტენჰემის“ მწვრთნელად დაინიშნა კლუბის ყოფილი მოთამაშე ტერი ვენიბლზი. მან ორი წლის განმავლობაში „კრისტალ პალასი“ მესამე ლიგიდან პირველში გადაიყვანა, ასევე 1982 წელს გუნდი გაიყვანა ასოციაციის თასის ფინალში (ფინალში „ტოტენჰემთან“ დამარცხდნენ). ახალ გუნდში ვენიბლზის მუშაობა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა - 1987-1988 წლების სეზონში გუნდი მე-13 ადგილზე გავიდა.

შედეგი ადასტურებდა რომ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა. „ტოტენჰემმა“ 1988 წლის იანვარში გადაიხადა იმ დროისთვის სარეკორდო თანხა, 2 მილიონი ფუნტი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ გასკოინის სანაცვლოდ, ასევე კლუბმა იყიდა თავდამსხმელი პოლ სტიუარტი, რაც 1.7 მილიონი ფუნტი დაჯდა. ერთი თვის შემდეგ ვენიბლზმა კიდევ ერთი თავდამსმხელი დაიმატა. გუნდს შეუერთდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი პოლ ვოლში. ამ ფეხბურთელისთვის „ტოტენჰემმა“ 500 000 ფუნტი გადაიხადა. მიუხედავად სერიოზული გაძლიერებისა, „სპურზმა“ 1988-1989 წლების სეზონში ძალიან ცუდად დაიწყო, ამ სეზონში ოქტომბრის ბოლოსთვის „ტოტენჰემი“ მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ კლუბი კრიზისიდან გამოვიდა და საბოლოოდ მე-6 ადგილზე გავიდა. 1989 წლის ივლისში „ტოტენჰემმა“ „ბარსელონიდან“ გადაიბირა ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გარი ლინეკერი, ეს გარიგება 1.1 მილიონი ფუნტი დაჯდა.

1990-1999 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-90 წლების სეზონი „ტოტენჰემმა“ მესამე ადგილზე დაასრულა, „ლივერპულისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ, ხოლო მეოთხე ადგილი „არსენალმა“ დაიკავა. 1990 წელს გუნდში კიდევ ერთხელ დაიწყო კრიზისი. თანამდებობიდან გადადგა გაკოტრებული შოლერი. 1990-1991 წლების სეზონში უეფამ ინგლისურ კლუბებს სასჯელი გაუუქმა, თუმცა მხოლოდ ერთი ადგილი გამოყო უეფა-ს თასზე ინგლისის ლიგიდან - ეს ადგილი დაისაკუთრა მეორეადგილოსანმა „ასტონ ვილამ“, „ტოტენჰემი“ კი ევროასპარეზის გარეშე დარჩა. შოლერის წასვლის შემდეგ ვენიბლზმა ბიზნესმენ ალან შუგართან ეთად შამოაყალიბა „Tottenham Hotspur PLC" (ღია საზოგადოება), მასში 20 მილიონი ფუნტის ინვესტიცია ჩაიდო. 1990-1991 წლების სეზონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოვლენებით დატვირთული წელი კლუბის ისტორიაში. მათ დაიწყეს ლიგა შესანიშნავი ფორმით, ოქტომბრის ბოლოსთვის ჩატარებული 10 მატჩიდან არც ერთი არ ჰქონდათ წაგებული და იმყოფებოდნენ მესამე ადგილზე, „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემდეგ. ზამთარში გუნდი ფორმიდან ამოვარდა, 15 მატჩიდან 7 წააგო და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ მათ ვერ მოახერხეს რეაბილიტაცია და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს. მიუხედავად ამისა „ტოტენჰემმა“ შეძლო ასოციაციის თასის ფინალში გასვლა, სადაც „ნოტინგემ ფორესტთან“ დრამატულ ბრძოლაში (ამ მატჩში მძიმედ დაშავდა გასკოინი, ხოლო „ნოტინგემის“ მცველმა, დეს ვოლკერმა დამატებით ტაიმში ავტოგოლი გაიტანა.) მოახერხეს გამარჯვება. ამ ჯილდოს წყალობით „ტოტენჰემი“ ასოციაციის თასის რეკორდსმენი გახდა. მოგვიანებით, 1994 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მისი შედეგი გაიმეორა, ხოლო 1996 წელს გააუმჯობესა.

1991-92 წლების სეზონში ვენიბლზი გახდა გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მწვრთნელად მოიწვიეს „ტოტენჰემისთვის“ უკვე კარგად ნაცნობი უელსელი პიტერ შრივზი. ამ სეზონში „ტოტენჰემი“ მონაწილეობას იღებდა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, მეოთხედფინალში „ფეიენორდთან“ დამარცხდა. ამ სეზონში, გარი ლინეკერმა, რომელმაც ნოემბერში განაცხადა რომ ის სეზონის ბოლოს აპირებდა „სპურზის“ დატოვებას და კარიერის იაპონიაში გაგრძელებას, გაიტანა 28 გოლი და დასახელდა ინგლისის წლის საუკეთესო მოთამაშედ. თუმცა ლინეკერის გოლებმა ვერ უშველა „ტოტენჰემს“, გუნდმა 38-დან 20 მატჩის წაგების შემდეგ სეზონი ცხრილის ქვედა ნაწილში - მე-15 ადგილზე დაასრულა. გასკოინი ასოციაციის თასის ფინალიდან 5 თვის თავზე კვლავ დაშავდა, ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის გამო. 1991-92 წლების სეზონი გასკოინმა გამოტოვა, 1992 წელს კი 5.5 მილიონ ფუნტად „ლაციოში“ გადავიდა.

1992-93 წლის სეზონში პიტერ შრივზი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გუნდს სათავეში ჩაუდგა დუგ ლივერმოულისა და რეი კლემენის მწვრთნელთა დუეტი. ამ პერიოდში პირველი ლიგის ნაცვლად ჩამოყალიბდა პრემიერლიგა. ახალ ლიგაში გუნდი გაძლიერებული შემადგენლობით წარდგა, მათ გადაიხადეს სარეკორდო თანხა, 2.1 მილიონი ფუნტი „ნოტინგემ ფორესტის“ თავდამსხმელ ტედი შერინგემისთვის. ასევე „ტოტენჰემმა“ 750 000 ფუნტად „საუთჰემპტონიდან“ გადმოიბირა ნილი რუდოკი და 19 წლის „პორტსმუთელი“ გარემარბი დარენ ანდერტონი 1.75 მილიონ ფუნტად. ის სეზონი გუნდმა მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო ახლადშეძენილი ტედი შერინგემი 22 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. იმავე სეზონში „ტოტენჰემი“ ახლოს იყო ასოციაციის თასის მოგებასთან, თუმცა ნახევარფინალში „არსენალთან“ დამარცხდა (1:0). 1993 წელს გუნდს გადაიბარა „დეზების“ ყოფილმა მოთამაშემ, ,ოსვალდო არდილესმა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერა 4 წლის დაწყებული ჰქონდა. მანამდე არდილესი წვრთნიდა „სვინდონ თაუნს“, „ნიუკასლ იუნაიტედს“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“. „ტოტენჰემში“ არდილესის მწვრთნელობა არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, გუნდმა ჩემპიონატი მე-15 ადგილზე დაასრულა. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ „ტოტენჰემი“ დასჯილ იქნა უეფა-ს მიერ, ფეხბურთელებისთვის წესების დარღვევით კონტრაქტების გაფორმებაში და დაეკისრა ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც იმ დრომდე ინგლისურ კლუბს დაკისრებია. კლუბმა გადაიხადა 600 000 ფუნტი ჯარიმის სახით, ასევე 1994-95 წლების სეზონს გუნდი დაიწყებდა მინუს 12 ქულით, და ამავე სეზონის ასოციაციის თასის გათამაშებაზე გამოსვლაც აეკრძალა, მოგვიანებით უკანასკნელი სანქცია გაუქმდა, -12 ქულა -6 ამდე შემცირდა, მაგრამ ჯარიმა გაიზარდა 1.5 მილიონ ფუნტამდე.

არდილესმა ამ სანქციების ფონზე გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და სეზონის დაწყებამდე „ტოტენჰემმა“ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ორი ფეხბურთელი - გერმანელი თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი და რუმინელი გარემარბი ილიე დუმიტრესკუ გადაიბირა, გუნდში ასევე თამაშობდნენ ცნობილი ფეხბურთელები: ტედი შერინგემი, დარენ ანდერტონი და ნიკ ბარმბი. მიუხედავად ამისა გუნდმა 1994-95 წლების სეზონიც წარუმატებლად დაიწყო და 1994 წლის 1 ნოემბერს არდილესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ დროისთვის „ტოტენჰემი“ იმყოფებოდა მე-17 ადგილზე 6 ქულით(დაუსჯელობის შემთხვევაში იქნებოდა მე-11 ადგილზე 12 ქულით).

ახალ მწვრთნელად დაინიშნა გარი ფრენსისი, რომელმაც გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულებინა. ასოციაციის თასზე „ტოტენჰემმა“ ნახევარფინალამდე გააღწია, შემდეგ კი „ევერტონთან“ 4-1 განადგურდა. კლისმანი გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, მან ყველა ტურნირზე ჯამში 29 გოლი გაიტანა. „დეზების“ ევროტურნირზე ვერგასვლის გამო კლინმანმა გუნდი დატოვა და მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდა. ფრენსისმა „ტოტენჰემში“ მუშაობის განმავლობაში რამდენიმე მნიშიველოვანი ფეხბურთელი დაიმატა: რულ ფოქსი, კრის ამსტრონგი, ლეს ფერდინანდი და დევიდ ჟინოლა. თუმცა მისი მწვრთნელობის პერიოდში კლუბს მნიშვნელოვანი ჯილდო არ მოუპოვებია. საბოლოოდ, 1997 წელს „ლივერპულთან“ 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ ფრენსისმა თანამდებობა დატოვა. (ამ მარცხმა „ტოტენჰემი“ მე-16 პოზიციამდე დააქვეითთა). ფრენსისის ნაცვლად გუნდში მოვიდა კრისტიან გროსი, შვეიცარიის ჩემპიონ „გრასჰოპერის“ მწვრთნელი. იმავე სეზონში ნახევარწლიანი არენდით „დეზებს“ დაუბრუნდა იურგენ კლინსმანი. იმ სეზონში გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ერთი ჯილდო - ლიგის თასი მოიპოვა.

1999 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999-2000 წლების სეზონი არაფრით იყო გამორჩეული. მომდევნო წელი აღსანიშნავია იმით, რომ გუნდის თავმჯდომარე გახდა დენი ლევი, ასევე შეიცვალა მწვრთნელი. პოსტი დაიკავა „სპურზისთვის“ კარგად ნაცნობმა გლენ ჰოდლიმ, ეს მოხდა 2001 წლის აპრილში, როდესაც გუნდი პრემიერლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა. მის სადებიუტო მატჩში, ასოციაციის თასის ნახევარფინალში, „ტოტენჰემი“ „არსენალთან“ განადგურდა. გუნდის კაპიტანმა, 2001 წლის ზაფხულში, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და თანამოქალაქე მტერს, „არსენალს“ შეუერთდა, რის გამოც ის „ტოტენჰემის“ ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ფეხბურთელი გახდა.

გლენ ჰოდლის მოსვლამდე 1 წლით ადრე, „ტოტენჰემმა“ 11 მილიონ ფუნტად, კიევის „დინამოს“" თავდამსხმელი, სერგეი რებროვი შეიძინა. თუმცა რებროვმა იმედები ვერ გაამართლა, 4 წლის მანძილზე ჩაატარა 60 მატჩი და გაიტანა მხოლოდ 10 გოლი. ბოლო სეზონი მან არენდით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, შემდეგ კი მეზობელ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადავიდა. 2001-2002 წლების სეზონი „სპურზმა“ მე-9 ადგილზე დაასრულა, გარდა ამისა „ტოტენჰემი“ გავიდა ლიგის თასის ფინალში („ჩელსის“ ნახევარფინალში განადგურების შემდეგ ანგარიშით 5-1), თუმცა თასი „ბლექბერნს“ დაუთმო. 2002 წლის ზაფხულში გუნდმა „ლიდზ იუნაიტედისგან“ შეიძინა რობი კინი. სეზონი გუნდმა კარგად დაიწყო, იანვრისთვის „ტოტენჰემი“ მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა, მაგრამ სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. რამდენიმე ფეხბურთელმა ღია უკმაყოფილება გამოთქვა ჰოდლის პოლიტიკის მიმართ. 2003-2004 წლების სეზონი „სპურზმა“ არადამაჯერებლად დაიწყო და 6 მატჩის შემდეგ გუნდი ცხრილის ბოლოში აღმოჩნდა. გლენ ჰოდლი განთავისუფლდა დ მის ნაცვლად დროებითი მოვალეობის შესრულებას დევიდ პლიტი შეუდგა.

2004 წლის ზაფულში გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა. „ტოტენჰემმა“ მთავარ მწვრთნელად მიიწვია იასქეს სანტინი, მის თანაშემწედ მარტინ იოლი, ხოლო სპორტულ დირექტორად ფრენკ არნესენი. სანტინიმ კლუბი იმავე წლის ნოემბერში დატოვა. მისი შემცვლელის ძებნა კლუბს დიდხანს არ დასჭირვებია, ახალმა მწრთნელმა, მარტინ იოლმა სადებიუტო სეზონში გუნდი მე-9 ადგილზე გაიყვანა. 2005 წლის ივნისში, არნესენის ნაცვლად სპორტულ დირექტორად დამიენ კომოლი დაინიშნა.

2005-2005 წლების სეზონში „ტოტენჰემი“ 6 წთვის განმავლობაში იყო საუკეთესო ოთხეულში. სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე „დეზები“ „არსენალს“ 1 ქულით უსწრებდნენ და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ექნებოდათ. თუმცა „ვესტ ჰემთან“ მატჩში გუნდმა მობილიზება ვერ მოახერხა და მე-4 ადგილს დაემშვიდობა (მატჩამდე 1 დღით ადრე გუნდის რამდენიმე მოთამაშე საკმაოდ უცნაურ ვითარებაში საკვებით მოიწამლა). იმ სეზონში „სპურზი“ მხოლოდ მე-5 ადგილს და უეფა-ს თასზე მონაწილეობის უფლებას დასჯერდა.

2007-2008 წლების სეზონის დასაწყისში მარტინ იოლი „სევილიას“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა შეცვალა. „სპურზმა“ იმ წელს ლიგის თასი მოიგო, ფინალში დაამარცხა „ჩელსი“. 2008-2009 წლების სეზონის სტარტი ყველაზე ცუდი იყო „ტოტენჰემის“ ისტორიაში, გუნდი დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ხუანდე რამოსის გათავისუფლების შემდეგ მოსულმა ჰარი რედნაპმა სიტუაცია გამოასწორა და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მე-8 ადგილზე გაიყვანა. იმავე წელს კლუბმა დაიბრუნა რობი კინი, „ლივერპულში“ გატარებული წარუმატებელი 6 თვის შემდეგ.

2009-2010 წლების სეზონი გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, ასეთი სტარტი (პირველ ოთხ თამაშში 12 ქულა) უკანასკნელად გუნდს 1960-61 წლებში ჰქონდა, როდესაც „ტოტენჰემი“ ჩემპიონი გახდა. ჰარი რედნაპმა პირველი თვის საუკეთესო მწვრთნელის, ხოლო დეფომ საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. საბოლოოდ „სპურზმა“ დაძაბულ ბრძოლაში მეოთხე ადგილი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, ჩამოიტოვა „ლივერპული“, „ასტონ ვილა“ და „მანჩესტერ სიტი“. მინიშვნელოვანი გამოდგა 5 მაისს, „მანჩესტერ სიტისთან“ მისსავე სტადიონზე გამარჯვება, რითიც „სპურზმა“ გაინაღდა მეოთხე ადგილი და დაამხო ბოლო 5-წლიანი მონოპოლია საუკეთესო 4 გუნდისა („მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „არსენალი“).

ახალი სეზონი „სპურზმა“ უშუალო კონკურენტ, „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშით დაიწყო (0:0), ამას მოჰყვა „იანგ ბოიზთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირსიპირება, რომელშიც „ტოტენჰემი“ გამოვიდა გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში 6:3) და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. „ტოტენჰემის“ ჯგუფში მოხვდა მიმდინარე ჩემპიონი „ინტერი“, ასევე „ვერდერი“ და „ტვენტე“. რედნაპი 2012 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს. მისი მწვრთნელობის 4 წლის მანძილზე „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ორჯერ მე-4 და ერთხელ მე-5 ადგილი დაიკავა.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უაიტ ჰარტ ლეინი“ ჰაერიდან.

„ტოტენჰემი“ თავდაპირველად თამაშობდა „ტოტენჰემ მერშის“ სტადიონზე. მისი ამ არენაზე საშინაო მატჩების გამართვა 6 წელი გაგრძელდა. 1898 წელს კლუბმა გადაინაცვლა „ნორთუბერლენდ პარკზე“. სტადიონზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი მივიდა 1899 წლის აპრილში, „არსენალის წინააღმდეგ გამართულ მატჩს 14 000 ფანი დაესწრო. ამის შემდეგ კლუბი გადავიდა „უაით ჰართ ლეინის“ სტადიონზე, რომელიც ეკუთვნოდა „ჩერინგტონების“ ორგანიზაციას. პირველი მატჩი ამ სტადიონზე „ტოტენჰემმა“ „ნოტსქაუნთის“ წინააღმდეგ გამართა, ამხანაგურ მატჩს 5 000 მაყურებელი დაესწრო, „სპურზმა“ მოიგო ანგარიშით 4-1. პირველი ოფიციალური მატჩი კი გუნდს „ქუინს პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ მოუწია, სადაც 0:1 წააგო, თამაშს კი 11 000 გულშემატკივარი დაესწრო. 1905 წელს, „ტოტენჰემი„ „უაით ჰართ ლეინის“ ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. 1921 წელს მოხდა სტადიონის პირველი რეკონსტრუქცია, ამის შემდეგ არენის გაფართოება ეტაპობრივად ხდებოდა. ბოლო რეკონსტრუქცია „უაით ჰართ ლეინზე“ 1996 წელს ჩატარდა. სტადიონი ამჟამად იტევს 36,310 ადამიანს. „ტოტენჰემის“ ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, რომ გუნდმა შეიცვალოს არენა. კლუბი ეძებს სტადიონს, სადაც გაცილებით მეტი ადმიანის დატევა იქნება შესაძლებელი. კლუბი აპირებს ააშენოს საკუთარი არენა. ეს სტადიონი იქნება „უაით ჰართ ლეინის“ ჩრდილოეთით. ახალი სტადიონის 2/3 აშენების შემდეგ მოხდება არსებულის ჩრდილო და დასავლეთ მხარეების დანგრევა, ერთი წლის შემდეგ კი ახალი სტადიონი მზად იქნება. სვარაუდოდ ახალ სტადიონს დაერქმევა სპონსორის სახელი. ახალი ტადიონის დიზაინი შეიმუშავა KSS დიზაინ-ჯგუფმა, 2008 წლის დეკემბერში.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტოტენჰემის“ პირველი ფორმა შედგებოდა მუქი ლურჯი მაისურისა და შორტებისგან. პირველი სეზონის შემდეგ გუნდმა შეიცვალა ფორმა და დაიწყო ღია ლურჯი მაისურით და თეთრი შორტებით თამაში. „ნორთუმბერლანდ პარკზე“ გადაბარგების შემდეგ გუნდის მაისური გახდა წითელი, ხოლო შორტები ლურჯი. 5 წლის შემდეგ, როდესაც გუნდი გახდა პროფესიონალური, ფორმა კვლავ შეიცვალა და „ტოტენჰემმა“ დაიწყო ყავისფერი და ყვითელი ზოლებიანი ფორმით თამაში. XIX საუკუნის ბოლოს კვლავ შეიცვალა გუნდის „ამუნიცია“, ამჯერად „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები თეთრი მაისურით და ლურჯი შორტებით გამოდიოდნენ. ამ ფორმის არჩევა შთაგონებულ იქნა „პრესტონისგან“, კლუბისგან, რომელიც იმხანად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ინგლისში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გუნდის მაისურზე დაემატა გერბი - მამლის გამოსახულებით. 1939 წელს პირველად გამოჩნდა ნომრები მაისურების უკანა მხარეს, ხოლო 1983 წელს „ჰოლსტინი“ გახდა პირველი კომერციული სპონსორი, რომლის ლოგოც გამოჩნდა გუნდის მაისურზე. 2002 წელს, გუნდის ფორმაზე „თომსონის“ ლოგოს გაჩენამ გამოიწვია პროტესტი ფანების მხრიდან, რადგან ლოგო იყო წითელი და ამ ლოგოიანი მაისური წააგავდა „არსენალის“ მაისურს. 2006 წელს, „ტოტენჰემმა“ გააუმჯობესა რეკორდი და 34 მილიონ ფუნტად გააფორმა კონტრაქტი ინტერნეტ-კაზიონოს ჯგუფ „მანსიონთან“. 2010-2011 წლების სეზონის დასაწყისში შეიცვალა ფორმის დიზაინი და სპონსორიც. გუნდის სპონსორი გახდა კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი მძლავრი კომპანია „Autonomy“, ახალი მაისურის ლოგოზე კი დაეწერა კომპანიის სახელი (ეხება მხოლოდ პრემიერლიგის თამაშებს, თასების თამაშებს ეყოლება სხვა სპონსორი).

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლიდან „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ აქვს გერბი, რომელზეც გამოსახულია ბურთზე მდგარი მამალი, ხოლო ბურთს მარცხნიდან და მარჯვნიდან ამშვენებდა ორი წითელი ლომი, ქვმოთ კი „ტოტენჰემის“ დევიზი იყო გამოსახული. 1909 წელს გუნდის ყოფილმა მოთამაშემ, უილიამ ჯეიმზ სკოტმა გააკეთა ბრინჯაოს ქანდაკება, რომელზეც გამოსახული იყო ბურთზე მდგარი მამალი, ეს ქანდაკება დადგეს სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის ცენტრში და ის დღემდე ამშვენებს „უაით ჰართ ლეინს“. 2006 წელს გუნდის გერბი შეიცვალა, წაიშალა ორი წითელი ლომი და დევიზი, შეიცვალა მამლის და ბურთის ფერებიც, ასევე ფორმაც. ასევე 2006 წლამდე გუნდის დევიზი იყო „Audere est Facere“. ეს სიტყვები ლათინურია და ქართულად ნიშნავს „იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე“. 2006 წელს გერბთან ერთად შეიცვალა კლუბის დევიზიც და ამჟამად „ტოტენჰემის“ დევიზია იგივე ტექსტი ინგლისური სიტყვებით „To Dare is To Do“.

ფანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტოტენჰემის“ ფანების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩრდილო ლონდონიდანაა. ასევე გუნდს ჰყავს ფანები ინგლისის სხვა ნაწილებსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით ნაკლებია. 1946-1969 წლებში „სპურზის“ მატჩებს საშუალოდ ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა სხვა გუნდებთან შედარებით. პრემიერლიგის ყველა სეზონის საშუალო დასწრების მიხედვით კლუბი მე-11 ადგილზე. „ტოტენჰემის“ ფანები ჩრდილო ლონონში დაყოფილი არიან რამდენიმე ჯგუფად. ერთ-ერთი ჯგუფია „Yid Army“ (ებრაული არმია), რომელიც დაახლოებით 3500 ფანისგან შედგება. „Yid Army“ სხვა ჯგუფებთან შედარებით ყველაზე პოპულარულია და მასზე რამდენიმე ფილმიცაა გადაღებული. „ებრაული არმია“ შემთხვევით არ ჰქვია ამ ჯგუფს. გადმოცემის მიხედვით „ტოტენჰემის“ შექმნაში ლომის წილი მიუძღვით ებრაელებს, სწორედ ამის გამოა შექმნილი ეს ეთნიკური ჯგუფი და ხშირად ისრაელის დროშებიც ამის გამო ფრიალებს „უაით ჰართ ლეინის სტადიონზე“. როდესაც იურგენ კლინსმანი გადავიდა “ტოტენჰემში“, „Yid Army“-ის წევრებმა სტადიონზე გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ეწერა „იურგენ კლინსმანი იყო გერმანელი, მაგრამ ახლა ებრაელია“. „ტოტენჰემის“ ფანების ნაწილი ეწინააღმდეგება „Yid Army“-ის არსებობას.

მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საფრანგეთის დროშა მეკარე უგო ლორისი (კაპიტანი)
2 ინგლისის დროშა მცველი კაილ უოლკერი
3 ინგლისის დროშა მცველი დენი როუზი
4 ბელგიის დროშა მცველი ტობი ალდერვეირელდი
5 ბელგიის დროშა მცველი იან ვერტონგენი
7 სამხრეთ კორეის დროშა თავდამსხმელი სონ ჰინ მინი
9 ნიდერლანდების დროშა თავდამსხმელი ვინსენტ იანსენი
10 ინგლისის დროშა თავდამსხმელი ჰარი კეინი
11 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ერიკ ლამელა
12 კენიის დროშა ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა
13 ნიდერლანდების დროშა მეკარე მიშელ ვორმი
14 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი ჟორჟ-კევინ ნ'კუდუ
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ერიკ დაიერი
16 ინგლისის დროშა მცველი კრისტან ტრიპიერი
17 საფრანგეთის დროშა ნახევარმცველი მუსა სისოკო
19 ბელგიის დროშა ნახევარმცველი მუსა დემბელე
20 ინგლისის დროშა ნახევარმცველი დელე ალი
23 დანიის დროშა ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი
25 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ჯოშუა ონომა
27 ავსტრიის დროშა მცველი კევინ ვიმერი
29 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ჰარი უინკსი
30 ესპანეთის დროშა მეკარე პაუ ლოპესი
33 უელსის დროშა მცველი ბენ დევისი
38 აშშ-ის დროშა მცველი კამერონ კარტერ-ვიკერსი

იჯარით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
- არგენტინის დროშა მცველი ფედერიკო ფასიო („რომაში“)
- ალჟირის დროშა ნახევარმცველი ნაბილ ბენტალები („ასტონ ვილაში“)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
- კამერუნის დროშა თავდამსხმელი კლინტონ ნ'ჟიე („მარსელში“)

კლუბის რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეკორდული გამარჯვება: 13-2, „ქრიუ ალექსის“ წინააღმდეგ, ასოციაციის თასის მე-4 ეტაპი, 1960 წლის 3 თებერვალი.
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში: 115, უმაღლესი დივიზიონი, 1960-61.
  • ყველაზე მეტი მატჩი „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში: სტივ პერიმენი, 854 მატჩი.
  • სატრანსფერო რეკორდი (გაყიდულ ფეხბურთელებს შორის): 30.5 მლნ. ფუნტი, დიმიტარ ბერბატოვი, „მანჩესტერ იუნაიტედში“.
  • სატრანსფერო რეკორდი (ნაყიდ ფეხბურთელებს შორის): 16.5 მლნ. ფუნტი, ლუკა მოდრიჩი, „დინამო ზაგრებიდან“.
  • ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე: ჯონ ბოსტოკი, 16 წლის და 295 დღის, 2008 წლის 6 ნოემბერს, „დინამო ზაგრების“ წინააღმდეგ.
  • ყველაზე მეტი გოლი სეზონში: კლაივ ალენი, 49, სეზონი - 1986-87.
  • კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი: ჯიმი გრივზი - 266 გოლი.
  • ყველაზე მეტი მოგება ლიგის სტარტზე ინგლისის ისტორიაში, მიყოლებით: 11, 1960 წთ. ეს მაჩვენებელი ყველა სხვა კლუბის ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია.
  • პირველი კლუბი მსოფლიოში, რომელმაც უეფა-ს თასი მოიგო, 1972.
  • კლუბის ისტორიაში ინგლისის ნაკრებში სულ გამოძახებული იყო 59 ფეხბურთელი. ეს მაჩვენებელი მეორეა ქვეყნის მასშტაბით.
  • დღევანდელი მდგომარეობით, ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის მე-12 ადგილზეა.
  • მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგების მხრივ კლუბი მე-5 ადგილს იკავებს ყველა დროის ინგლისურ კლუბებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1992 წლამდე ინგლისის უმაღლეს ლიგას ეწოდებოდა საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი, ამჟამად მისი სახელწოდება პრემიერლიგაა. ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატს ეწოდებოდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი, ამჟამად მისი სახელწოდებაა ჩემპიონშიფი.