შინაარსზე გადასვლა

თეიშებაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორცვი კარმირ-ბლურში სადაც მდებარეობდა თეიშებაინი

თეიშებაინიურარტუს სახელმწიფოს მსხვილი ადმინისტრაციულ-სამეურნეო ცენტრი. ციხესიმაგრე აგებულია ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევარში მეფე რუსა II-ის დროს. შიდაციხის ნანგრევები მდებარეობს კარმირ-ბლურზე, ერევნის მახლობლად. სისტემატიური გათხრები მიმდინარეობს 1939 წლიდან. აღმოჩენილია მონუმენტური ნაგებობის ნაშთები, დაახლოებით 150 სათავსი: სახელოსნოები, საწყობები, ბეღელი და მარნები. გათხრებმა გამოავლინა, რომ ურარტუს მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მებაღეობასა და მეცხოველეობას. თეიშებაინის მშენებლობის დროს მდინარე რაზდანიდან გაუყვანიათ კლდეში ნაკვეთი არხი, რომელიც დღესაც რწყავს მდინარის მარჯვენა სანაპიროს მინდვრებს. შემორჩენილია არხის სამშენებლო წარწერა. თეიშებაინის შიდა ციხის გარშემო გეგმაზომიერად გაშენებული ქალაქი იყო, რომელიც შედგებოდა განსხვავებული სოციალური ფენებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის ნაგებობათაგან. თეიშებაინში იყო ურარტუს მეფისნაცვალი, იდგა გარნიზონი, ცხოვრობდნენ ხელოსნები და მიწათმოქმედნი. თეიშებაინში შედიოდა აკრეფილი ხარკი, ხელოსნობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც გადამუშავების შემდეგ ურარტუს ცენტრში - ტუშფაში იგზავნებოდა.

თეიშებაინის კარიბჭის რეკონსტრუქცია არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

ლურსმულდამწერლობიანი ფირფიტები (ციხესიმაგრის არქივი) გვამცნობს ურარტუს მეფის ბრძანებებს თავისი ნაცვლისადმი. 1962-1963 წლებში აღმოჩენილი ტაძრის საძირკვლის წარწერაში მოთხრობილია თეიშებაინში 5 ტაძრის აშენებისა და ღმერთ ხალდისადმი „წმინდა იარაღის“ შეწირვის ამბავი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამ იარაღის დიდი ნაწილი: ფარები, რომლებზეც გამოსახულია ლომები და ხარები, მუზარადებზე საბრძოლო ეტლები და მეომრები, რკინის სატევრები, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები და შუბისპირები, რომელთა უმრავლესობას ღმერთ ხალდისადმი შეწირვის წარწერა აქვს. აღმოჩენილია აგრეთვე ურარტული ხელოვნების ნიმუშები (ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენის თავი, მხატვრული კერამიკა, ქვის ნაკეთობანი, ვერცხლის ამულეტები, ოქროს სამკაული, ქსოვილის ნარჩენები), ეგვიპტური, ასურული და აზიური ნაკეთობანი. თეიშებაინის საწყობებში ინახებოდა სკვითური ნაწარმიც (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, სამკაული), რაც მოწმობს ურარტუს ცენტრების კავშირს ჩრდილოეთ კავკასიისა და დნესტრისპირეთის სკვითებთანაც.

თეიშებაინის ციხის ფუნდამენტის ნაშთები

დაახლოებით ძვ. წ. 585 წელს ამიერკავკასიის ტომებმა სკვითებთან ერთად იერიშით აიღეს, დაწვეს და დაანგრიეს თეიშებაინი. კარმირ-ბლურზე დიდი ხნით შეწყდა ცხოვრება. ქალაქის ნანგრევებზე ელინისტური ხანის სამარხებია. XI-XIII საუკუნეებში აქ მცირე დასახლება გაჩნდა. არქეოლოგიური მასალა ინახება სომხეთის ისტორიულ მუზეუმში (ერევანი) და ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).