ველისციხე (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ველისციხე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ველისციხე |
კოორდინატები | 41°48′33″ ჩ. გ. 45°45′15″ ა. გ. / 41.80917° ჩ. გ. 45.75417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 380 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4508[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % სომხები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ველისციხე — სოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტში (ველისციხის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევის ნაპირას, თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 380 მ-ზე, გურჯაანიდან 11 9 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4 508 ადამიანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველისციხე კახეთის ერთ-ერთ უძველესი და დიდი დასახლებაა. ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ველისციხიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს 2 სატევრისპირი, მასრაგახსნილი შუბისპირი, ბუნიკი, ეჟვანი, სატევრის ტარის ე. წ. დაფანჯრული ქუდი, 17 ოთხკუთხა და მრგვალგანივკვეთიანი, თავგახსნილი და თავებგადასული სამაჯური (დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში).
სოფელი მდებარეობდა აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე (ხორნაბუჯი-ველისციხე-ჭერემი-უჯარმა), ამასთან ველისციხე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის (ველისციხე-ჭერემი-ჩაილურის) ჩამკეტი იყო ალაზნის ველზე.
ველისციხე, ისევე როგორც უძველესი დიდი მაგისტრალის სხვა პუნქტები (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი) ალბანეთის დასავლური ტერიტორიების ქართულთან ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. ველისციხე საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება V საუკუნეში. ჯუანშერის მიხედვით, სპარსთა მეფე ხოსრომ, როგორც მნიშვნელოვანი გზის ორი მთავარი პუნქტი, ჭერმის ციხესთან ერთად ველისციხეც შემუსრა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ლაშა გიორგიმ „სოფელსა — ველისციხესა იხილა ქალი ლამაზი“, რომელიც წაჰგვარა ქმარს და სასახლეში მიიყვანა. მისგან ლაშას შეეძინა ვაჟი — დავითი, შემდგომში დავით ულუდ წოდებული.
ეპარქიულად ველისციხე თავდაპირველად შედიოდა ჭერემის საეპისკოპოში, ხოლო მისი მოშლის შემდეგ, 1757 წლიდან — ალავერდის ეპარქიაში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, ველისციხის ყმა-მამულის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი მოურავების მეშვეობით, უშუალოდ კახეთის დედოფალი განაგებდა. 1797 წელს გადაწვა ხუნძახის ბატონმა ომარ-ხანმა. XVll-XVlll საუკუნეში, ველისციხეში დასავლეთ საქართველოდან ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი მიდიოდა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, კახელები თავდაპირველად შილდასთან, ხოლო შემდეგ ველისციხესთან, ე. წ. ფაფრის მინდორზე შეებნენ რუს დამპყრობლებს. ველისციხესთან ბრძოლაში ქართველებმა ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით, დიდად აზარალეს რუსები და გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებამ განაპირობა სოფელ ნუკრიანთან გამართულ ბრძოლაში ისევ ქართველთა წარმატება, რასაც მოჰყვა ქიზიყიდან რუსების დროებითი გაძევება. XlX-XX საუკუნეების მიჯნაზე ველისციხეში უმოგზაურია გერმანელ მოგზაურს და მეცნიერს ედუარდ აიხველდს, რომელიც ველისციხეს იხსენიებს, როგორც დიდ სოფელს, რომელიც ადრე გამაგრებული იყო. აქ განსაკუთრებით მევენახეობა და მემინდვრეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა წყლის წისქვილების მთელი სისტემა.
1929 წელს ველისციხეში აშენდა თეატრი. თეატრის რეჟისორი იყო ქეთევან ანდრონიკაშვილი. ის 550 მაყურებელს იტევდა.[2]
სოფელში გავრცელებული გვარებია: მამისაშვილი, შალაშვილი, სესიაშვილი, კარდენახლიშვილი, მესხი, ბახლიშვილი და სხვ.[3]
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველისციხის ცენტრში შემორჩენილია ადრეული შუა საუკუნეების ციხე-დარბაზისა და VI საუკუნის ღვთისმშობლის სამეკლესიიანი ბაზილიკა (გადაკეთებულია XVII და XIX საუკუნეებში). ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან დგას წმინდა მარიამის ეკლესია.
სოფლის მიდამოებში შემორჩენილია კვირაცხოვლის, ჩაჩაანთუბნის წმინდა ბარბარეს და მამისაანთ ეკლესიების ნანგრევები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | ქართველები | % | სომხები | % | ჯამში |
---|---|---|---|---|---|
1917[4] | 1770 | 39% | 2664 | 59% | 4536 |
1922[5] | 1821 | 36% | 3113 | 62% | 5050 |
1926[6] | 2199 | 37% | 3559 | 61% | 5934 |
1959[7] | 7273 | ||||
1979[8] | 6685 | 93% | 382 | 5% | 7195 |
2002[9] | 6194 | 97% | 191 | 3% | 6385 |
2014[10] | 4382 | 97% | 84 | 2% | 4508 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ველისციხის ხედი
-
ველისციხის ხედი
-
ველისციხე
-
ვენახები ველისციხეში
-
ველისციხე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ველისციხის კვირაცხოვლის ეკლესია
- ველისციხის ღვთისმშობლის ეკლესია
- ველისციხის ციხე-დარბაზი
- ველისციხის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ველისციხის წმინდა მარიამის ეკლესია
- მამისაანთ საყდარი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 107.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 351.
- ბალიაური მ., ზაქარაია პ., მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 217-218, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ რა ისტორია აქვს სოფელ ველისციხის თეატრს — knews.ge, 17 თებერვალი 2023.
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.
- ↑ Ethnic composition, all rural places of Eastern Georgia: 1917 census pop-stat.mashke.org
- ↑ Ethnic composition, all urban places: 1922 census.
- ↑ Ethnic composition, all communes: 1926 census.
- ↑ Georgian cities and Towns.
- ↑ Ethnic composition: 1979 census.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. გვ. 97.
- ↑ Ethnic composition, all places: 2014 census.
|