ველისციხის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ველისციხის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, სოფლის შუაგულში. განეკუთვნება VI საუკუნეს.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, გარეშემოსავლელით სამი მხრიდან. შენობის გეგმის სწორკუთხედში (15,8x12,4 მ) მოქცეულია საკურთხევლის აფსიდით დასრულებული, განიერი და მაღალი დარბაზი, რომელიც ორფერდა სახურავითაა გადახურული და მასზე სამი მხრიდან მიდგმული, ვიწრო და დაბალი, ცალფერდასახურავიანი გარშემოსავლელი, რომლის სამხრეთით და ჩრდილოეთი ფრთის დასავლეთი ნაწილი დამოუკიდებელ ნაწილს წარმოადგენს. ჩრდილოეთი ფრთის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდება. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი სწორკუთხა გასასვლელით.დროთა განმავლობაში შენობამ სახეცვლილება განიცადა, რის შედეგადაც მას მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. XVII საუკუნეში მთავარი ეკლესიის კამარის თავზე გამოიყვანეს მეორე სართული, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია, დანარჩენ კედლებში კი სათოფურები. ამ სართულზე მოხვედრა მხოლოდ მისადგმელი კიბით იყო შესაძლებელი დასავლეთ ღიობიდან. მეორე სართული დაშენებული ყოფილა გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ფრთაზეც. მთავარ ეკლესიაზე დაშენებული სართული დასრულებული იყო აგურის ხუთსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც გამოყვანილი იყო ჩვეულებრივი დაწყობილი და კუთხეებით წინწამოწეული აგურების რიგთა მონაცვლეობით. XIX საუკუნეში, რუსული საეკლესიო მმართველობის დროს, მთავარი ეკლესია მთლიანად იქნა მობათქაშებული და შეთეთრებული. ამავე დროს მოუწყვიათ ხის კანკელი. ძეგლი ძლიერ იყო დაზიანებული: მთელი შენობა დაახლოებით 2 მეტრით მიწაში იყო ჩამჯდარი, დანგრეული იყო მთავარი ეკლესიის თავზე მოწყობილი მეორე სართულის კამარის დასავლეთი ნახევარი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, გარშემოსავლელის დასავლეთი და სამხრეთი ნაწილებიდან მთავარი ეკლესიის კედელზე, აქა-იქ შემორჩენილი იყო კამარის ნაწილები. გარეთა კედლები კი მიწით იყო დაფარული. 1983 წელს სპეციალურად სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. მინდორაშვილი).

გარშემოსავლელის სამხრეთით და დასავლეთით ფრთები გაიწმინდა ნაყარი მიწისგან და კონსერვაცია გაუკეთდა მათ შემორჩენილ კედლებს. მთავარ ეკლესიაზე მოიხსნა მეორე სართული, ხოლო ჩრდილოეთ ეკლესიაზე — გვიანდელი დანაშენის შემორჩენილი კედელი. ძირითადი ნაწილების მიხედვით, მთავარი და ჩრდილოეთი ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. ბაზილიკა ნაგებია რიყის ქვით. ქვები შერჩეულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. კუთხეებისათვის გამოყენებულია განსაკუთრებით დიდი ზომების და ფორმით სწორი ქვები. მთავრი ეკლესის საკმაოდ ვრცელი (შიდა ზომები: სიგრ.- საკურთხევლის ჩათვლით — 11,3 მ, სიგ. — 4,3მ) განათებული ოთახი სარკმლით - თითო აღმოსავლეთით და დასავლეთითაა, ხოლო ორი — სამხრეთი სარკმლები თარაზულდაა გადახურული,ხოლო დანარჩენ ორს ნახევარწრიული თავი აქვს. შესასვლელები ორია, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. XVII საუკუნეში განახლების დროს დასავლეთი შესასვლელის ამაღლების მიზნით, მის ზემოთ კედელი გაუნგრევიათ, წირთხლები კი აგურით გამოუყვანიათ და ღიობი ოდნავ დაუვიწროებიათ. საკურთხევლის აფსიდი ნალისებრია. იგი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხებით (XVII საუკუნეში წინა საფეხურის ქვედა ნაწილები ჩამოუჭრიათ), რომლებსაც ეყრდნობა კონქსის ასევე ორსაფეხურიანი თაღი. თაღის ორივე საფეხური ნალისებრი ფომისაა, მსგავსი ფორმისაა კამარაც, რომლის დასაყრდნობად დასავლეთ კედელთან მოწყობილია განიერი საბჯენი თაღი. აფსიდში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. სამხრეთ კედელში მოწყობილი ყოფილა ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი — მრგვალი სვეტით შუაში.

ჩრდილოეთი ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რაშიც მოწყობილია განიერი და მაღალი ნალისებრი თაღით დასრულებული ნიშა. იგი წირვის დროს, როგორც ჩანს, აფსიდის მოვალეობას ასრულებდა. კამარა ჩამოსხმულია ქარგილზე: მთავარი ეკლესიის კედელთან იგი დყრდნობლია საფეხურზე (მაქსიმალური სიგრძე 27 სმ),რომელიც გამოყვანილია კედლის ზედა ნაწილის სისქის შემცირებით ქვედას მიმართ. ანალოგიური საფეხურია გამოყვანილი მთავარი ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზეც. სამკვეთლო განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა სარკმლით, გადახურულია სხმული კამარით. მთავრ ეკლესიაში გამავალი კარი თარაზულად გადახურულია. გარშემოსასვლელის დასავლეთ ნაწილს შესასვლელი დასავლეიდან ჰქონია. გარედან ეკლესია სრულიად სადაა. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც გაფორმებული იყო პატარა ნალისებრი თაღების მწკრივით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]