ჩალაუბანი — სოფელისაქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 740 მეტრი, გურჯაანიდან 15 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 897 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები (მოჭრილი გორა, რცხილის სერი, ტინის სერი, გარეტყის გორა, დასაქანი). ყველა ნამოსახლარი ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნას განეკუთვნება. დასაქანის მახლობლად მდებარეობს ძვ. წ. XV-XIV საუკუნეების ნამოსახლარი და სამაროვანი. ყველა გორანამოსახლარი ბუნებრივ ბორცვზეა გამართული და იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ერთი ოჯახის სამოსახლოდ გამოდგებოდა. ნამოსახლარი ხელოვნური თხრილებით, მიწაყრილებითა და გალავნებით იყო გამაგრებული.
ჩალაუბნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა მეურნეობის მრავალი დარგის, განსაკუთრებით მევენახეობა-მემინდვრეობის განვითარებას. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. აღსანიშნავია, რომ ჩალაუბნიდან გურჯაანი-ველისციხისაკენ მიმავალ გზას, „ჩალაუბნის გზას“ ეძახდნენ. სოფელი მდებარეობს ქართლ-კახეთის დამაკავშირებელ გზაზე. აქედანვე გადადის ე. წ. „ქიზიყის გზა“ ისტორიულ ქიზიყში. საქართველოს ერთიანობის ხანაში ჩალაუბანს უშუალოდ სამეფო კარი აკონტროლებდა. კახეთის სამეფოს წარმოქმნისა და XVll საუკუნის მძიმე პოლიტიკური მოვლენების შედეგად, სოფელში მოსახლეობა შეთხელდა და მასზე უკვე ძირითადად თავადი ვაჩნაძეების გავლენა ვრცელდებოდა. მათთან ერთად ადგილობრივ ყმა-მამულს ონანაშვილები, სპანდიარიშვილები, აფხაზიშვილები და სხვა ფეოდალებიც ფლობდნენ (იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ონანაშვილები და სპანდიარიშვილები ვაჩნაძეების განაყოფები არიან). სოფელი ცნობილი იყო ჩალაუბნის ხევზე აგებული ვაჩნაძეების წისქვილებით. სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, სოფელი ბოდბელი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, რომელსაც პრაქტიკულად ქიზიყის მოურავი განაგებდა. ერეკლე ll-ის მეფობისას ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, ჩალაუბანიც მოშენდა და დაახლოებით თანამედროვე სოფლის ტერიტორია მოიცვა. უფრო ზემოთ დარჩა ძველი ჩალაუბნის ნასოფლარი.