ველისციხის ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ველისციხის ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის შუაში. განეკუთვნება IX საუკუნეს.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. რიგ ადგილებში შეინიშნება მათი ფრაგმენტები, ხოლო ნაწილი ჩართულია კედლების ნაშთებზე მოგვიანებით დაშენებულ სოფლის მაცხოვრებელთა შენობებში. შემორჩენილია მხოლოდ ერთი კუთხის კოშკი - დაახლოებით ორი სართულის სიმაღლეზე და სასახლის კედლების ნაწილები. თუ რა მდებარეობა აქვს გალავნის კედლებს სასახლესთსან მიმართებით გათხრების გარეშე არ ირკვევა.

სასახლის შემორჩენილი ნაწილი, სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (სიგრძე - 17,5 მეტრი; სიგანე - 12,2 მეტრი. კედლების სისქე დაახლოებით 1 მეტრი) აქვს ორი სართული და ქვით ნაშენი გარე კიბე ზედა სართულზე მოსახვედრად. კედლები ნაგებია რიყის ქვით, რომლებიც ალაგ-ალაგ დაწყობილია წესიერ, თარაზულ რიგებად. შენობის შემორჩენილი ნაწილები მოღწეულია დანაწევრებითა და გადაკეთებით, რის გამოც სართულების დაგეგმარების შესახებ დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. სასახლის სახასიათო ნიშანია მისი ცალკეულ ნაწილებად აგება. შეერთების ადგილებზე მკაფიოდ შესამჩნევი ვერტიკალური ნაკერებით, რომელთა უმრავლესობაც პირველ სართულს გარკვეულ სიმაღლეზე ასდევს და შემდგომ წყდება.

სასახლის ქვედა სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია განიერი (სიგრძე 2,2 მეტრი) ღიობი (შესასვლელი) და ორი გარეთკენ. შევიწროებული სარკმელი მოგვიანებით ღიობზე გარედან მიუშენებიათ სწორკუთა გეგმის, ზემოთკენ შევიწროებული კოშკისებრი ნაგებობა (ბუხრის მოწყობის მიზნით) რომელსაც სართულის მხრიდან ღიობის ტოლი სიგანის ნახევარწრიული შეღრმავება აქვს. ამავე სართულის მოპირდაპირე კედლის მთელ სიგრძეზე ერთმანეთისგან მარტივი პილასტრებით გამიჯნული ოთახი თაღოვანი შეღრმავებაა - ტეხილით თაღის წვერში. ზედა სართულის დასავლეთ კედელში მოწყობილი იყო ოთახი დიდი სარკმელი (შემორჩენილია ნაწილობრივ). მოპირდაპირე კედლებში კი - არათნაბრად განლაგებული სამი ღიობი, რომელთა შორის შუა კიბის ბაქნიდან დარბაზში შემოსასვლელი კარია.

სასახლის აღმოსავლეთ ფასადზე მიდგმულია კიბე. იგი დაყრდნობილია ორ სხვადასხვა სიგანისა და სიმაღლის თაღზე, რომელთა შორის ოთხკუთხა ბურჯია. მათგან სამხრეთით მდებარე თაღის თავზე მოწყობილია ვრცელი ბაქანი. კიბე გამოყვანილია ნაგებობაზე მიყრდნობით რაზედაც მეტყველებს ორი ნაკერის არსებობა. სასახლის განივი კედლები შესაბამის გრძივ კედლებს არ ერთვის. როგორც ჩანს, ისინი მოგვიანებით ჩატარებული აღდგენითი ან გადაკეთების შედეგად წარმოიქმნა.

წმინდა გიორგის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის ახლოს, ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთნ დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია წვრილი რიყის ქვითა და ქართული კვადრატული აგურით. გარეთა კუთხეებში შედარებით მოზრდილი, დამუშავვებული რიყის ქვებია გამოყენებული. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები (კამარა, საბჯენი თაღები, კონქი, ქარ-სარკმელთა წირთხლები და თაღები) და ლავგარდანი გამოყვანილია აგურით. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის გეგმის სწორკუთხედში (16,7 x 9 მ) ჩაწერილია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ვრცელი დარბაზი და აფსიდის ორსავე მხარეს თითო პატარა ( ფართობი დაახლოებით 2,5 კვ მ), ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი - სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის კარი, შიგნით და გარედან სწორკუთხაა, დასავლეთსა კი თაღოვანი.

საკურთხეველში გაჭრილია განიერი და მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი, რომელშიც ჩასმულია შემინული ოთკუთხა ჩარჩო. გარედან ჩარჩოს თავზე (სარკმლის თაღოვან არეში) ნახევარწრიული ტიმპანია, რომლის შუაში გამოსახულია შეღრმავებული და წითლად დაფერილი რომბი. ამ სარკმლის გარდა ინტერიერს კიდევ ხუთი მსგავსი სარკმელი აშუქებს. მათგან სამი ჩრდილოეთითაა, ორი სამხრეთით და ერთი დასავლეთით - შესასვლელის ზემოთ. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშაა. ჩრდილოეთით მდებარე ნიშა გეგმით ნახევარწრიულია და თაღითაა დასრულებული. სამხრეთით მდებარე კი - სწორკუთხაა. აფსიდის მთელ სიგრძეზე დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიმაღლის საფეხური გასდევს. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, კონქის თაღი შეისრული ფორმისაა. ეკლესიის დარბაზი აფსიდთან შედარებით მაღალია, რის გამოც აფსიდის თაღის ზემოთ გამოყვანილია დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის ეგრეთწოდებულო „შუბლი“, რომელიც ადის დარბაზის კამარის საბჯენ თაღამდე. თვით თაღი ეყრდნობა დარბაზის აღმოსავლეთ კუთხეებში შეკიდულ პილასტრებს. პილასტრების ერთი წყვილი დასავლეთ კუთხეებშია ხოლო ორი გრძივ კედლებზე, რომლებიც შესაბამის კედლებს სამ თანაბარ ნაწილად ყოფენ. ყველა პილასტრი მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტითაა დასრულებული. პილასტრებს შორის გამოყვანილია მუზარადისებრი თაღით გადახურული თითო ღრმა უბე, რომლებშიც კარ- სარკმლებია განთავსებული. კამარის ქუსლის დონეზე ჩადგმულია ექვსი რეზონატორი.

სამკვეთლო და სადიაკვნე მათ დასავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით უკავშირდება დარბაზს. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით. შიდა სივრცის ერთნავიანობის მიუხედავად, ეკლესიის დარბაზს, გრძივი კედლების ღრმა უბეების წყალობით. გარედან ბაზილიკური გარეგნობა აქვს - ძირითადი, კამარით დასრულებული ნაწილი რამდენამდე შემაღლებულია გვერდითი ნაწილების მიმართ და ორფერდა სახურავითაა გადახურული. გვერდითი, გაცილებით ვიწრო ნაწილების გადახურვა ცალფერდაა. დარბაზსა და აფსიდს შორის სიმაღლეთა სხვაობა გამოვლენილია გარეგან მასებშიც. შიდა გეგმარების შესაბამისად, საკურთხევლის ნაწილი დარბაზის შემაღლებული ნაწილიგან გამოყოფილია და დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი აქვს, რომლის კალთები დარბაზის გვერდის ნაწილების კალთებთან ერთ სიბრტყეს ქმნის. ფასადების დამუშავება საკმაოდ მარტივია. კედლების უმეტესი ნაწილი აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითაა ნაწყობი, ნაწილი მხოლოდ რიყის ქვისაა, რაც, როგორც ჩანს, გვიან შეკეთების შედეგია. მორთულობის ძირითადი ელემენტებია შეღრმავებული და წითლად დაფერილი მაღალი ჯვრები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სამ-სამი ჯვარია, სამხრეთ ფასადის შესასვლელის თავზე - ერთი. სამხრეთი შესასვლელი საფლავის ქვებითაა მოპირკეთებული, რომლებზეც დაბალი რელიეფით გამოყვანილია მდარე ხარისხის მცენარეული ორნამენტი. შესასვლელის გვერდებზე გამოსახულია თითო შეღრმავებული და წითლად დაფერილი რომბი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურიანი ლავგარდნით რომელიც შედგენილია ჩვეულებრივვად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

XX საუკუნის 80-აინი წლების II ნახევარში, სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო- საწარმოო სახელოსნომ ეკლესიას ჩაუტარა სარესტავრაციო სამუაშაოები (პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. მინდორაშვილი) შენობის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები განთავისუფლდა 1950-იან წლებში მიშენებული ნაგებობებისგან. ამოშენებულ იქნა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების დანგრეული ნაწილები, მოიხსნა ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული სამრეკლოს შემორჩენილი საფუძველი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთით ათიოდე მეტრზე გალავნის ჩრდილოეთ-დასავლეთით კუთხეში მდგარი კოშკია, რომელზეც XIX საუკუნეში დაუშენებიათ მაღალი, შიგნიდან წრიული (დიამეტრი-3,1 მეტრი), ხოლო გარედან ექვსწახნაგოვანი სამრეკლო.

კოშკი გეგმით წრიულია (გარე დიამეტრი ფუძის დონეზე - 6,5 მეტრი). ნაგებია მთლიანად რიყის ქვით. შემორჩენილია ორი სართული (სიმაღლე - 5,2 მეტრი). ორივე სართულს ცალ-ცალკე შესასვლელი ეზოს მხრიდან (აღმოსავკეთიდან) აქვს. ორივე კარი თაღოვანია. სართულშუა გადახურვა გამორთული ყოფილა ხის კოჭებზე (შემორჩენილია კოჭების ბუდეები).

სამრეკლო მთლიანად აგურისაა. დგას დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის საფუძველზე, რომელიც სიმაღლეში ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. საფუძვლის ქვედა ნახევარი გარედანაც მრგვალია, დასრულებულია მაღალი, პროფილირებული სარტყლით, რომლის თავი დეკალური აგურით გამოყვანილი ლილვია, ხოლო ძირი ხერხივითაა დაკბილული. საფუძვლის ზედა ნაწილი ექვსწახნაგოვანია, თითოეულ წახნაგზე (თითქმის მთელ სიგანეზე) გამოყვანილია დაბალი სწორკუთხა შეღრმავება, რომლის თავს ხერხისებრი არშია გასდევს. ფანჩატურის ექსტერიერი მორთულობის სისტემით სამ იარუსადაა გადაწყვეტილი (სიმაღლე საფუძვლიდან სახურავის ძირამდე დაახლოებით 14 მეტრია). ქვედა და ზედა იარუსები თანაბარი სიმაღლის და შუა იარუსზე სამჯერ უფრო მაღალია. სამივე იარუსზე ფანჩატურის წიბოებს ასდევს პილასტრისმაგვარი შვერილი, რომლებიც შუა იარუსზე მსგავსი ფორმის ჰორიზონტალურ შვერილივით იკვეთება. შუა და ზედა იარუსებზე შვერილებს შორის მოქცეული არეები ხერხისებრი არშიითაა დასრულებული. ყოველი წახნაგი გახსნილია თითო მაღალი თაღოვანი ღიობით, ხოლო შუა იარუსის წახნაგებში მოწყობილია თითო მრგვალი ღიობი. თაღები მორთულია ლეკალური აგურით ნაწყობი თავსართებით, რომელთა ბოლოები ქვედა იარუსზე ერთმანეთს ებმის. მრგვალი ღიობები პროფილირებულ საპირეშია ჩასმული. ფანჩტურის ქვედა ნაწილში, თაღოვანი ღიობების ორივე მხარეს გამოსახულია ერთმანეთის თავზე განლაგებული, წყობაში ჩაღრმავებული 10-10 ტოლმკლავა ჯვარი. სამრეკლო დაგვირგვინებულია მაღალი ოთხსაფეხურიანი ლავგარდანით. გადახურულია თუნუქით შემოსილი პირამიდისებრი სახურავით. თავსართებით, რომელთა ბოლოები ქვედა იარუსზე ერთმანეთს ებმის. მრგვალი ღიობები პროფილირებულ საპირეშია ჩასმული. ფანჩატურის ქვედა ნაწილში, თაღოვანი ღიობების ორივე მხარეს გამოსახულია ერთმანეთის თავზე განლაგებული, წყობაში ჩაღრმავებული 10-10 ტოლმკლავა ჯვარი. სამრეკლო დაგვირგვინებულია მაღალი ოთხსაფეხურიანი ლავგარდანით. გადახურულია თუნუქით შემოსილი პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]