ჩუმლაყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჩუმლაყი

სოფლის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ჩუმლაყი
კოორდინატები 41°46′00″ ჩ. გ. 45°46′25″ ა. გ. / 41.76667° ჩ. გ. 45.77361° ა. გ. / 41.76667; 45.77361
ცენტრის სიმაღლე 420
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3651[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩუმლაყი — საქართველო
ჩუმლაყი
ჩუმლაყი — კახეთის მხარე
ჩუმლაყი

ჩუმლაყისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ყიტაანი). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 420 მეტრი, გურჯაანიდან 4 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3651 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუმლაყი შუა საუკუნეებში იყო: „სოფელ დიდი და კეთილმარგებელი“. იგი ჩალაუბან-ველისციხის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. სოფელი თავდაპირველად რუსთავის საეპისკოპოსო მამული იყო, შემდეგ მისი ნაწილი მარტყოფის ღვთაების ტაძრისათვის შეუწირავთ, მაგრამ ჩუმლაყელ გლეხებს მაინც ევალებოდათ რუსთველი ეპისკოპოსის თევზით მომარაგება და მისთვის ჭილის შეგროვება. კახთა მეფის გადასახადებისგან უშუალოდ ჩუმლაყი თავისუფალი იყო. ერთადერთი, რასაც სამეფო ხელისუფლება ამ სოფლისგან ითხოვდა, სანადიროდ ორი გაწვრთნილი ქორის მეფის ფრინველთუხუცესისათვის მიგვრა იყო. ყველა სხვა გადასახადი ჩუმლაყელებს რუსთველისათვის უნდა მიერთმიათ. ჩუმლაყიდან გამოყვანილი მებრძოლები რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ. სამეურნეო და სამხედრო საკითხების გადასაჭრელად რუსთველ ეპისკოპოსს ჩუმლაყში სპეციალური მოხელე — მოურავი ჰყავდა დანიშნული. აქ მოურავებად ზურაბიშვილები ინიშნებოდნენ. XVlll საუკუნიდან სოფელში დამკვიდრებას იწყებენ ცალკეული ფეოდალები. რუსთველი ეპისკოპოსი ერეკლე ll-ს სწერდა იმის თაობაზე, რომ ამ სოფელში ბევრი ყმა-მამული გასხვისდა უკანონოდო. პასუხად მეფემ მოურავ ზურაბიშვილს უბრძანა, რომ სამეფო კარისა და რუსთველის გარეშე ჩუმლაყში ყმა-მამულის გასხვისება არ მომხდარიყო. სოფლის ყმა-მამულის ავალიშვილებიც ფლობდნენ, რომელთა ოჯახის წევრებიც ერეკლე ll-ს ხლებიან ინდოეთში ლაშქრობისას და როგორც მეფის ერთგულ და თავდადებულ მებრძოლებს, აქ ყმა-მამული წყალობად მიუღიათ. ეპარქიულად ჩუმლაყი ჭერემის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. ჭერემის საეპისკოპოსოს მოშლის შემდეგ, 1757 წელს, თეიმურაზმა და ერეკლემ ჩუმლაყი ნინოწმინდელის სამწყსოდ დაადგინეს. 1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, სოფელთან ორჯერ მოხდა დიდი შეტაკება აჯანყების მონაწილეებსა და მთავრობის ჯარს შორის. ქართველებს ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ხელმძღვანელობდა, რომელიც კახელებმა ქართლიდან გადმოიყვანეს და „მეფედ“ გამოაცხადეს. ბრძოლაში რუსების მხარეს არაერთი ქართველი თავადი იბრძოდა. ქართველებმა შეძლეს რუსების დამარცხება. ამ ბრძოლაში მოკლეს რუსების მხარეს მებრძოლი, ერეკლე მეფის სიძე — ვახტანგ დიმიტრის ძე ყაფლანიშვილი, „რომელიც იყო პოლკოვნიკი რუსთა“ და დაიჭრა პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ასევე რუსთა სამხედრო მოხელე — გენერალ პაულუჩის ადიუტანტი. რუსებს ისევ ქართველები დაეხმარნენ, ნიანია ზურაბიშვილმა მათ ასწავლა გზა, რომლითაც რუსებმა სოფელში შესვლა მოახერხეს. თავადების ღალატით სასტიკად აღშფოთებული ჩუმლაყელები თავს დაესხნენ რუსებს და დაამარცხეს ისინი. კახელთა წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მარკიზ პაულუჩის ზავიც კი შეუთავაზებია მათთვის. საბოლოოდ არტილერიის წყალობით, საგრძნობი ზარალის ფასად რუსთა ჯარმა სძლია აჯანყებულებს „იქმნა სოფელსა შინა ბრძოლა ძლიერი და მოწვეს რუსთა ჩუმლაყი“. გრიგოლ ბატონიშვილი დაღესტანში გაიქცა. სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძვ. წ. ll ათასწლეულის დასასრულის ორმოსამარხები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.