სოფელ კოლაგის განვითარებაში დიდი წვლილი ჰქონდა მის მდებარეობას თბილისი-გურჯაანი-თელავის გზაზე, კახეთის უძველესი ქალაქისა და ციხესიმაგრის ვეჯინის მეზობლად. სოფლის ყმა-მამულებზე ანდრონიკაშვილების და ვაჩნაძეების გავლენა ვრცელდებოდა. ისინი ხშირად დავობდნენ კოლაგსა და ვეჯინს შორის არსებულ მიწებზე. დავის გადასაწყვეტად კოლაგში თავად ერეკლე II ჩასულა. მეფის გადაწყვეტილებით, საქმე დაფიცებით უნდა გადაწყვეტილიყო. როგორც ჩანს აქ მეფეს ვაჩნაძეების სიმართლის სჯეროდა, რადგან ისტორიულად კოლაგსა და ვეჯინს შორის ტერიტორია ვეჯინისაკენ ანდრონიკაშვილებს, ხოლო კოლაგისაკენ ვაჩნაძეებს ეკუთნოდათ.