XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად XlX საუკუნის ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები. ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრეთით, ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.