სომხეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხეთის გერბი
Coat of arms of Armenia.svg
დეტალები
დამტკიცდა 1992 წლის 19 აპრილს
ფარი ოთხად გაყოფილი, ცენტრში მცირე ფარით, რომელზეც გამოსახულია არარატი მწვერვალზე ნოეს კიდობნით. ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გაფრენილი ორთავიანი არწივი ლაჟვარდისფერ ფონზე; ზედა მარცხენა კუთხეში — სპილენძისფერი ლომი ჯვართან ერთად მეწამულ ფონზე; ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გვირგვინოსანი სპილენძისფერი ლომი ჯვრით დაგვირგვინებული კვერთხითურთ მეწამულ ფონზე; ქვედა მარცხენა კუთხეში — ორი სპილენძისფერი არწივი წრის ფორმის ორნამენტითურთ ლაჟვარდისფერ ფონზე.
ფარმჭერები სპილენძისფერი ლომი (მარჯვნივ) და არწივი (მარცხნივ).
სხვა ელემენტები ფარის ქვეშ გამოსახულია გადაჯვარედინებული ხორბლის თავთავები და შეკრული ბუმბულები, მათ შორის კი ხმალია მოთავსებული ვადით ქვევით, რომელზეც გაწყვეტილი ჯაჭვია მიმაგრებული. უკანა პლანზე გამოსახულია სპილენძისფერი (ისევე, როგორც სხვა დეტალები) ლენტი.[1]

სომხეთის გერბი (სომხ. Հայաստանի զինանշանը) — სომხეთის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. გერბი შედგება ჰერალდიკური ფარისა და ფარმჭერი ლომისა და არწივისაგან. ის აერთიანებს ძველ და ახალ სიმბოლოებს. არწივისა და ლომის უძველესი სომხური სიმბოლოები თარიღდება ქრისტეშობამდე არსებული უძველესი სომხური სამეფოების პერიოდით. მათ, ასევე, იყენებდნენ სომხეთის სამეფო დინასტიები.

არსებული გერბი მიიღეს 1992 წლის 19 აპრილს სომხეთის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 2006 წლის 15 ივნისს სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელმწიფო გერბის შესახებ.

სიმბოლური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი ელემენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხმალი წარმოადგენს ერის ძალასა და ძლევამოსილებას, რომელიც ამსხვრევს ჯაჭვებს.
  • გატეხილი ჯაჭვი წარმოადგენს ერის ძალისხმევას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოსაპოვებლად.
  • ხორბლის თავთავები წარმოადგენს სომეხი ხალხის მძიმე სამუშაო პირობებს.
  • ბუმბული აღნიშნავს სომეხი ხალხის კულტურულ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობას.[2]
  • ლენტი აღნიშნავს სომხეთის დროშის ფერებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის დღევანდელი გერბი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის საფუძველზეა შექმნილი. სომხეთის დრ-ის ხელისუფლების მიერ 1918 წელს მიღებულ გერბზე იგივე სიმბოლოებია გამოსახული, რომლებიც დღევანდელზეა, თუმცა განსხვავებული იყო მათი ფერები (დღევანდელ გერბზე, ძველისაგან განსხვავებით, პრაქტიკულად ყველა სიმბოლო სპილენძისფერია), პოზიციური განლაგება და თანმიმდევრობა (განსაკუთრებით ფარის დაბლა გამოსახული ხუთი სიმბოლოსი). აღსანიშნავია, რომ ლომსა და არწივს ენები გამოყოფილი ჰქონდათ, რაც მათ უფრო მებრძოლ გამომეტყველებას სძენდათ; ამავდროულად, ცენტრში არსებულ მცირე ფარზე გამოსახული იყო მხოლოდ არარატი (მცირე არარატთან ერთად) ნოეს კიდობნის გარეშე. გერბის დიზაინი შეიმუშავეს არქიტექტორმა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრმა ალექსანდრე ტამანიანმა [საჭიროებს წყაროს მითითებას] და მხატვარმა ჰაკობ კოჯოიანმა.

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასფსრ-ის გერბი 1922-1924 წლებში
ასფსრ-ის გერბი 1930-1936 წლებში

1922 წელს სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. ასფსრ-ის გერბი მიიღო მისმა მთავრობამ, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. გერბი აერთიანებდა ასფსრ-ის შემადგენლობაში შემავალი სამივე ქვეყნის სიმბოლოებს.

გერბის საბოლოო ვერსია მთლიანად კომუნისტური სიმბოლოებით იყო შექმნილი, თუმცა თავდაპირველი ვერსია ბევრად მეტ ეროვნულ ელემენტს შეიცავდა. სომხეთს ამ გერბზე არარატის მთა წარმოადგენდა, საქართველოს გერბის ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმის შემქმნელი ორნამენტი (რომელიც აშკარად საქართველოს დრ-ის გერბიდანაა აღებული), აზერბაიჯანს კი ნახევარმთვარე. გერბზე, ასევე, გამოსახული იყო კომუნისტური სიმბოლოები — ნამგალი, ურო და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ამ გერბმა ასფსრ-სთან ერთად 1936 წლამდე იარსება.

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის სსრ-ის გერბი

1936 წელს ასფსრ-ის დაშლის შემდეგ მიიღეს ახალი გერბი, რომელზეც გამოსახული იყო სომხეთის ტრადიციული სიმბოლო — არარატის მთა საბჭოურ სიმბოლოებთან სხივოსან ხუთქიმიან ვარსკვლავთან, ნამგალსა და უროსთან ერთად. საბჭოთა კავშირის დაშლისა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბჭოური გერბი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის კორექტირებულმა ვერსიამ ჩაანაცვლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]