შინაარსზე გადასვლა

ნატო-საქართველოს ურთიერთობები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები ISAF
საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები ISAF

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან (ნატო) 24-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ 1992 წლიდან დღემდე გრძელი და მნიშვნელოვანი გზა განვლო.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება წარმოადგენს.[1]

საქართველო სრულად იზიარებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.[2]

ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, ალიანსის უმთავრესი ამოცანაა წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად.[3] საქართველო ნატოს კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად განიხილავს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსი, რათა უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.[2]

1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და პროდასავლური კურსი აიღო. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყო.[4]

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელსაც 1997 წლიდან ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC-Euro-Atlantic Partnership Council) ეწოდა. აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული.[1]

1994 წელს საქართველო ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP - Parntnership for Peace) პროგრამას შეუერთდა. 1996 წლიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს PfP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.[5]

1999 წლიდან საქართველო ნატოს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ (PARP-Planning and Review Process) მონაწილეობს. ნატოსთან თანამშრომლობის აღნიშნული პრაქტიკული ინსტრუმენტი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების და მართვის სისტემების ნატოს ძალებთან თავსებადობას უწყობს ხელს.[5]

2002 წელს ქ. პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველომ პირველად გააჟღერა ნატოში გაწევრიანების სურვილი, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.[1]

[...] საქართველოში ყველა სერიოზული საკითხი ცხარე კამათის საგნად იქცევა ხოლმე. ერთადერთი, რის საწინააღმდეგოდაც არავის არასდროს წამოუყენებია რაიმე გონივრული არგუმენტი, არის ქართული საზოგადოების ხედვა საკუთარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა, რომელსაც ჩვენი ხალხი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობის კონტექსტში განიხილავს. მე ბედნიერი ვარ, რომ ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს გადაწყვეტილი აქვს, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი და თავგამოდებით იშრომებს, რათა მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის.[6][7]
ედუარდ შევარდნაძე ნატოს პრაღის სამიტზე.

2004 წელს საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP - Individual Partnership Action Plan) ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის ინსტრუმენტი წარმოადგენდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. დოკუმენტი ითვალისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი განხორციელებისათვის. ნატოს საერთაშორისო სამსახური IPAP-ის განხორციელებას ყოველწლიურად აფასებდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება განხორციელდა (4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური შეფასება).[8]

2006 წელს ქ. ნიუ-იორკში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო „ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე“ (ID-Intensified Dialogue on Membership Issues). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატის - ასპირანტის ფორმატზე, რაც გულისხმობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას.[9]

ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმს, რომელიც საქართველოს დაეხმარებოდა, ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს უკეთესად გაცნობოდა. ინტენსიური დიალოგის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მრავალი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლების საკითხებსა და სხვა საკითხებზე.[8]

საქართველოს მიერ IPAP-ით აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების და ინტენსიური დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა.[1]

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.

2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმნიშვნელოვნად დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC)[10] შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ.[1]

2008 წლის 2-3 დეკემბერს გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყება (ANP - Annual National Programme), რომელმაც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) ჩაანაცვლა. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-Membership Action Plan) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ერთი წლის განმავლობაში ქართული მხარის მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს, რომელთა ძირითადი მიზანი ქვეყნის ალიანსთან მიახლოებაა. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. საქართველო ამჟამად რიგით მერვე წლიურ ეროვნულ პროგრამას ახორციელებს.[1]

ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურად ფუნქციონირების მეშვეობით, 2008 წლის შემდეგ, საქართველო ყველა დონეზე კიდევ უფრო აღრმავებს ალიანსთან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. საქართველო ალიანსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით და პირნათლად ახორციელებს, რაც ნატოს საერთაშორისო სამსახურისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მრავალჯერ აღუნიშნავთ.[11]

2010 წლის აგვისტოში ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა (MC+GEO Work Plan) შემუშავდა, რომელიც სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.[5]

2010 წელს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ დეკლარაცია მიიღო, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა.[5]

2010 წელს ქ. თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი (NLO-NATO Liason Office) გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობაა.[5]

2011 წლის 7 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მინისტერიალის გადაწყვეტილებით, საქართველო ფორმალურად მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად (Final Statement). აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 28+4 ფორმატში, ალიანსთან ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იყო ალიანსის მხარდაჭერის ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების მიმართ.[1]

2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-Substantial NATO-Georgia Package) შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ალიანსმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და კიდევ ერთელ გაუსხვა ხაზი საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორი, სხვა ოთხ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (EOP-Enhanced Opportunity Partners’ Group) ჯგუფში მიიწვიეს, რომლის ფარგლებში ქვეყანამ ნატოსთან თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ შესაძლებლობები მიიღო.[12]

2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულება. მოკავშირეებმა კვლავ გამოხატეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (MAP-Membership Action Plan) წარმოადგენს საქართველოს ნატოში მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.[1]

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და პროგრამები

ნატო-საქართველოს კომისია (NATO-Georgia Commission, NGC)

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, 2009 წ.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, 2016 წ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა. 2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმნიშვნელოვნად დაგმეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ (Statement Meeting of the North Atlantic Council at the level of Foreign Ministers held at NATO Headquarters, Brussels).[13]

15-16 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელი სხდომა. 2008 წლის 2-3 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ NGC-ის სხდომაზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს კომისია განახორციელებდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს, წარმართავდა საქართველოსა და ნატოს შორის პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა დონეზე და გამოყენებული იქნებოდა, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი (Chairman’s Statement).[1]

ნატო-საქართველოს კომისია პოლიტიკური დიალოგის უმნიშვნელოვანესი ფორმატს წარმოადგენს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და საქართველო ერთობლივად არიან წარმოდგენილნი აღნიშნულ კომისიაში, 28+1 ფორმატში. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში რეგულარულად იმართება მაღალი და სამუშაო დონის სხდომები და შეხვედრები ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.[14]

წლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programm, ANP)

2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) საქართველოს წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) ჩაანაცვლა. წლიური ეროვნული პროგრამა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი.[1]

წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებსა და ნატოს რეკომენდაციებს ეყრდნობა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის ეროვნული მასშტაბით გასატარებელ მრავალმხრივ რეფორმებს განსაზღვრავს.

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას და სხვა სფეროებს. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ANP-ის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოს, წარმატებით გაატაროს რეფორმები, რომელიც ყოველწლიურად შეფასდება. ნატო, თავის მხრივ, მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების გატარებაში და ამისთვის მრავალმხრივ კონსულტაციებს უწევს, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო საკითხებში.

საქართველოს პრიორიტეტებია საჯარო და კერძო სექტორის გარდაქმნა დემოკრატიის, ეფექტური მმართველობის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება. წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი, ყოველი წლის დასაწყისში, ეროვნულ დონეზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მტკიცდება და ყოველწლიურად ნატოს მიერ ფასდება.[1]

24 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. "განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ერთი მხრივ, არსებითი პაკეტის აღსრულების თვალსაზრისით, ასევე, წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების კუთხით. არ დარჩენილა დელეგაცია, რომელიც ხაზგასმით არ აღნიშნავდა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც რეფორმების თვალსაზრისით საქართველომ მიაღწია" - განაცხადა დავით ბაქრაძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.[15]

ამჟამად, საქართველო წლიური ეროვნული პროგრამის VIII ციკლს ახორციელებს.

დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (Planning and Review Process, PARP)

საქართველო ნატოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში, რომელიც თანამშრომლობის პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, 1999 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტებისა და ალიანსის რეკომენდაციების საფუძველზე პარტნიორობის მიზნები (PGs- Partnership Goals) განისაზღვრება, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები ყოველწლიურად აფასებენ პარტნიორობის მიზნების განხორციელებას.[5]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიდი ძალისხმევით ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და უზრუნველყოფს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავდაცვის ტრანსფორმაციის კუთხით, სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, გენდერთან დაკავშირებულ საკითხებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობისა და ინსტიტუციონალურ მშენებლობაში.[16]

ნატოს სამხედრო კომიტეტის და საქართველოს სამხედრო სამუშაო გეგმა (Military Committe with Georgia Work Plan)

2010 წლის აგვისტოში ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი - ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა შემუშავდა. სამუშაო გეგმა ნატო-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მთავარ ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი იმ ღონისძიებებს მოიცავს, რომლის განხორციელებაც წლიური ეროვნული პროგრამით, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას უწყობს ხელს.[5]

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP)

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015

2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence Capacity Building, DCB)[17] ინიციატივის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მიიღო, რომელსაც საქართველო ნატოს აქტიური მხარდაჭერით ახორციელებს. არსებითი პაკეტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში დაეხმარება.[18]

ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ნატოს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 სხვადასხვა პროექტი განისაზღვრა, რომლებიც ახალი ინსტიტუციების ჩამოყალიბებასთან ერთად, თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლების კუთხით, ცალკეული მიმართულებების განვითარებას მოიცავს.[19]

ეს პროექტებია: წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (Joint Training and Evaluation Centre, JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School, DIB) დაარსება; ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება; ავიაციის განვითარება; საჰაერო თავდაცვის განვითარება; სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარება; სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება; სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა; შესყიდვების სისტემის განვითარება; სტრატეგიული კომუნიკაციები; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; კიბერუსაფრთხოება; სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემის განვითარება.[19]

არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ, რომელიც საქართველოს 2015 წლის იანვრის ბოლოს ეწვია. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებითი პაკეტი ნატოს მხრიდან საქართველოსთან პარტნიორობის დემონსტრირებაა, რომელიც საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების მომზადებასა და მიღწევაში დაეხმარება. როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა ის ელემენტებია, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაში დაეხმარება“.[20]

2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს 3 ექსპერტით დაკომპლექტებული ნატოს ძირითადი ჯგუფია (NATO Core Team) მოვლენილი, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების წარმატებით განხორციელების კოორდინაციასა და ზედამხედველობას უზრნუნველყოფს.

არსებითი პაკეტის პროექტების განხორციელებასა და მიმართულებების განვითარებაში ოცზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. ქართულ მხარეს თითოეული ინიციატივის განხორციელებაში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მოვლენილი წარმომადგენელები ეხმარებიან.[19]

არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით, ქართული მხარის ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი ალიანსის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა.[21]

2016 წლის 10-11 თებერვალს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წევრმა ქვეყნება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება დადებითად შეაფასეს.

„უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს. დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმა.[22]

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) გახსნის ცერემონია

2015 წლის 27 აგვისტოს, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაფუძნდა. „წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის შედეგად ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს შეირაღებული ძალები გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. ნატო იქნება უფრო ფართოდ წარმოდგენილი საქართველოში და ალიანსის ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდება ქვეყანაში, საქართველოს წვლილი კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.[23]

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების სიმბოლოა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ერთადერთი ერთობლივი ცენტრია შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში. ცენტრი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებაში.

ცენტრში გამართული ორმხრივი და საერთაშორისო წვრთნები და შეფასებები ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომ ერთობლივად და შეთანხმებულად იმოქმედონ საერთაშორისო წვრთნებისა და საერთაშორისო ოპერაციების დროს.

წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება და რეგულარულად გამართული ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების შემდეგ:

  • 2015 წლის ივლისში საქართველოში პირველად ნატოს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2015 ჩატარდა;
  • 2016 წლის 4-11 აპრილს წვრთნისა და შეფასების ცენტრში პირველი სწავლება, ლოგისტიკის კურსი, ჩატარდა;
  • 2016 წლის 16 მაისს ქართული ქვეითი ასეულის პირველი როტაციის ერთობლივი შეფასება დაიწყო. 2016 წლის ბოლომდე იგეგმება ქართული ქვეითი ასეულის 11 როტაცია;

ნატო-საქართველოს სწავლება 2016

ნატო-საქართველოს სწავლება 2016

2016 წლის 10-20 ნოემბერს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ფარგლებში დაარსებულმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პირველად ნატო-საქართველოს ერთობლივ მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციურ სწავლებას უმასპინძლა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე საერთაშორისო სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობასთან (ACT) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრთან (JFTC) მჭიდრო თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა, რომელიც დაგეგმვის საწყისი ეტაპიდან ნატოს პროცედურებისა და მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობდა. სწავლება პირველად აისახა ნატოს წვრთნების რეგულარულ ციკლში, რომელიც მომავალშიც ჩატარდება.[24]

სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, დაგეგმარებას, კოორდინაციასა და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად სწავლებაში ნატოს 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყანა (უკრაინა, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა, მაკედონია) მონაწილეობდა.[25]

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა აღნიშნა, რომ სწავლება საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობაში წინგადადგმული ნაბიჯია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016‘‘ საუკეთესო შესაძლებლობაა ურთიერთთავსებადობის გაზრდისათვის და შემდგომში საქართველოს კონტრიბუციისთვის, საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა თუ სხვაგან. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პირველად ხდება, როდესაც წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ქართულ მხარეს უნიკალური წვრთნისა და განვითარების შესაძლებლობები მისცეს“.[24]

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School, DIB)

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) საქართველოში, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა.[26]

თავდაცვის ინტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიზანია გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება როგორც თავდაცვის, ასევე ფართო უსაფრთხოების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებისთვის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2012 წელს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) ბაზაზე დაარსდა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება; ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები განკუთვნილია როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო თუ სამხედრო პირებისთვის, ასევე აღნიშნული სფეროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. სკოლის კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ მონაწილეებს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ამოცანაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ხელშეწყობა და დიალოგის გაღრმავება სასწავლო ღონისძიებების განხორციელებით.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატოსთან თავსებად თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებსა და მართვის მოდელს გამოიყენებს, რაც სკოლას შესაძლებლობას მისცემს ნატოს სკოლის სტატუსი მიიღოს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის უპირატესი მიმართულებებია: ეფექტური მმართველობა და უსაფრთხოების სექტორის მართვა; უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა; კომუნიკაცია და თანამშრომლობა უსაფრთხოების სექტორში; რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა.[27]

სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს.

ნატოს პროგრამები

ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამა (Individual Partnership and Cooperation Programme, IPCP)

ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამაში (IPCP) საქართველო 1996 წლიდან მონაწილეობს, რომელიც წარმოადგენს თითოეული ქვეყნის ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით განსაზღვრული ღონისძიებების ნუსხას.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ნატოს და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სახის კურსებში, ტრენინგებში, სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში.[28]

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (Professional Development Programme, PDP)

ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამა 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე დაარსდა. საქართველოს მთავრობასა და ნატოს შორის პროგრამის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია და ვენის 1961 წლის კონვენციას ექვემდებარება.

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ეფექტური, დემოკრატიული მმართველობის დანერგვისა და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე პირების, პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კურსები სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი და როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. აღნიშნული პროცესი უსაფრთხოების სექტორში უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები შემდეგ საკითხებს მოიცავს: ინგლისური ენა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების სექტორის მენეჯმენტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანური რესურსების მართვა, მართვის უნარები, იურიდიული საკითხები, ანალიტიკური უნარები, შესყიდვები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფაკულტეტების განვითარება და თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) მხარდაჭერა.[29]

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა განხორციელების სამ ფაზას მოიცავს:

  • I ფაზა 2009-2011წ.წ.: სამიზნე ჯგუფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალი;
  • II ფაზა 2011- 2014 წ.წ.: სამიზნე ჯგუფი უსაფრთხოების ფართო სექტორი;
  • III ფაზა 2014-2016 წ.წ: სამიზნე ჯგუფი საჯარო სექტორი.

PDP-ის მესამე ფაზა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყო და მისი კონკრეტული მიზნებია ორგანიზაციული განვითარება შიდა უწებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების გზით; ადგილობრივი პროფესიული განვითარების ცენტრების მხარდაჭერა კურსების დაგეგმვითა და ჩატარებით; საჯარო მოხელეების (განსაკუთრებით მათი, ვინც მუშაობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე) ჩართვა პროფესიული განვითარების სპეციალიზებულ ღონისძიებებში.

ნატოს მხრიდან PDP-ის განხორციელებას ზედამხვედელობას ნატოს წევრი და კონტრიბუტორი ქვეყნებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო (Steering Committee) და ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები უწევენ. თბილისში დაფუძნებული პროგრამის მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, ხოლო თანათავმჯდომარეობას საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი უწევს, პროგრამის საქმიანობის კოორდინირებას ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფს. პროგრამის ყოველდღიურ საქმიანობას ადგილობრივი თანამშრომელთა გუნდი უძღვება.

პროგრამას ნატოს PDP ნდობის ფონდი(Trust Fund) აფინანსებს, რომელიც წევრი ქვეყნების ფინანსური და არაფინანსური კონტრიბუციისგან შედგება.[30]

სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (Defence Education Enhancement Program, DEEP)

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) მხარს უჭერს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების განვითარებას, ტრანსფორმაციასა და ბოლონიის პროცესთან შესაბამისობას. ამ მიმართულებით 2009 წელს ნატომ საქართველოსთვის სპეციალური სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა (DEEP) შეიმუშავა. იგი თავდაცვის აკადემიებისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტების კონსორციუმის მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე პარტნიორობის ტრენიგებისა და სასწავლო ცენტრების და მოკავშირეთა თავდაცვითი ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობით.

პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემურ განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით:

  • ვის ვასწავლოთ (Whom to teach) : აკადემიური პერსონალისა და სამხედრო ინსტრუქტორების გადამზადება;
  • რა ვასწავლოთ (What to Teach): სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების გადახედვა და დახვეწა;
  • როგორ ვასწავლოთ (How to Teach): მეთოდოლოგია, სწავლების მეთოდები/პრინციპები;

2014 წლის აპრილში DEEP-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის წლიური სამოქმედო გეგმა (Annual Action Plan) შემუშავდა. სამოქმედო გეგმაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის საჭიროებებისა და უპირატესი მიმართულებების გათვალისწინებით კონკრეტული ღონისძიებები გაიწერა, რაც კონკრეტულ სფეროში DEEP-ის ექსპერტების მიერ ეთა-ს აკადემიურ პერსონალთან და სამხედრო ინსქტურტორებთან ტრენინგის ჩატარებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება ყოველწლიურად, DEEP-საქართველოს ხელმძღვანელი პირების საქართველოში ვიზიტის დროს ხდება. 2015 წლის მარტში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრმა მოითხოვა DEEP-ის მხარდაჭერა ცენტრის შემდგომი განვითარების მიზნით. DEEP-თან არსებული სამოქმედო გეგმა მოიცავს სწავლებას, გაცნობით შეხვედრებს, მობილური საწვრთნელი ჯგუფების ვიზიტებს და სემინარებს, როგორც ეროვნულ თავდაცვის აკადემიის, ასევე სერჟანტთა მომზადების ცენტრისთვისაც. ეთა-ს ოთხწლიანი საბაკალავრო კურსი სრული დატვირთით მუშაობს. 2015 წელს აკადემიამ იუნკერთა პირველი გამოშვება აღნიშნა. 2016 წელს DEEP ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეთა-ს საბაკალავრო პროგრამის შეფასებასა და განვითარებაზე და სამაგისტრო პროგრამა „თავდაცვის ანალიზის“ შემუშავებაზე.

ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივა (Smart Defence Initiative, SD)

2012 წლის მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საფუძველი ჩაეყარა გონივრული თავდაცვის ინიციატივას (Smart Defence Initiative), რომლის მიზანია უსაფრთხოების სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავება ერთიანი ძალისხმევით (pooling and sharing) და მინიმალური დანახარჯებით.

გონივრული თავდაცვის ინიციატივის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ეროვნული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვადასხვა მრავალეროვნული პროექტი ხორცილდება, რომლებიც მონაწილე ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.[31]

საქართველო აღნიშნულ ინიციატივაში 2012 წელს ჩაერთო და 8 მრავალეროვნულ პროექტში მონაწილეობს, რომლის მიზანია გენდერის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო განათლების, ლოგისტიკის, რეზერვის, საზღვაო უსაფრთხოების და საჰაერო შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული პროექტები ნატოს შესაბამისი სტრუქტურების და წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობით ხორციელდება.

ნატოს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა (Building Integrity Initiative, BI)

ნატოს გამჭირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) ინიციატივა 2007 წლის ნოემბერში „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის შესახებ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ (PAP-DIB) ფარგლებში შეიქმნა. ნატოს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივის მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების ამაღლება და კორუფციის რისკის შემცირება წარმოადგენს.[32]

საქართველო მონაწილეობს ნატოს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივაში და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და სასწავლო პროგრამებში.

2013 წელს ქართულმა მხარემ BI ინიციატივის თვითშეფასების კითხვარი შეავსო. ქართული მხარის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარსა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული ინტერვიუების ანალიზზე დაყრდნობით, ნატოს ჯგუფმა შეფასების დოკუმენტი (Peer Review Report) შეიმუშავა. დოკუმენტში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც სამინისტრომ გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით უკვე გადადგა.

2014 წლის იანვარს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტალურ აზიაში, ჯეიმზ აპატურაი, ოფიციალურ ანგარიშში დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.

„გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენება; გააქტიურდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; გაიხსნა სამოქალაქო მისაღები; დაიწყო ფუნქციონირება შერჩევის საბჭოებმა და დაინერგა სამოქალაქო პერსონალის დამოუკიდებელი ტესტირების სისტემა. დადებითად შეფასდა კორუფციის პრევენციის მიზნით ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის შემოღება,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.[33]

ნატოს ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფორმატების მეშვეობით, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს.[34]

ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტო (NATO Support and Procurement Agency, NSPA)

პროექტი საქართველო IV

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP) პროგრამის ნდობის ფონდის ფარგლებში საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან (ყოფილი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო.

2002 წლის 1 ოქტომბერს საქართველოსა და ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც შემდეგი პროექტები განხორციელდა:[35]

  • „საქართველო I“ - „მიწა-ჰაერი ტიპის მართვადი რაკეტების დემილიტარიზება“ - პროექტი შედგებოდა ორი ფაზისაგან: 1) ს-75 ტიპის რაკეტების დემილიტარიზაცია; 2) ”კრუგის” ტიპის რაკეტების დემილიტარიზაცია.
  • „საქართველო II“ – „უმართავი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ“ - „ალაზანისა“ და „კრისტალის“ ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო და ს-8 ”ჰაერი-მიწა” ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების დემილიტარიზაცია.
  • „საქართველო III“ - „ომის ფეთქებადი ნარჩენების შესახებ“ - შეიარაღებული ძალების EOD ასეულის (66 სამხედრო მოსამსახურე) ჰუმანიტარულ განაღმვაში წვრთნა და აღჭურვა. ფიზიკური სარეაბილიტაციო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიაციის ცენტრში.[36]

2014 წლის ოქტომბერში გაიმართა პროექტის „საქართველო IV“ ოფიციალურად გახსნის ცერემონია. პროექტი გულისხმობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს აფეთქებული საბრძოლო მასალების სკრის საცავისა და მიმდებარე ტერიტორიის გაუვნებელყოფას და საინჟინრო ასეულის საერთაშორისო განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას.[37]

„მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამა (Science for Peace and Security Programme, SPS)

მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამა (SPS) 1958 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია სამეცნიერო პროექტების განხორციელება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. აღნიშნული პროგრამა სამ ძირითად სფეროზეა დაფუძნებული: მეცნიერება, თანამშრომლობა და უსაფრთხოება. იგი ხელს უწყობს მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებას და მეცნიერებს შორის ნდობის გაღრმავებას.

ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნად ისახავს სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას, ისეთ საკითხებზე როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემების და მონაცემთა ბაზების სტანდარტიზაციის კვლევები და ტექნოლოგიები, ასევე უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ერთობლივი შესწავლა. ასევე მთელ რიგ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლა, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ტერორიზმი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გავრცელება.[38]

საქართველო ნატოს სამეცნიერო ღონისძიებებში 1994 წლიდან მონაწილეობს. ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ნატოს პროგრამაში „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (SPS) არსებული სხვადასხვა შესაძლებლობებით. „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“(SPS) პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა წყლის ხარისხის გაუმჯობესების, სასაზღვრო ზოლში რისკების შემცირების მიმართულებით ხორციელდება. ასევე მოიცავს ისეთ სფეროებს, რომლებიც დაკავშირებულია მიწისძვრებთან სამხრეთ კავკასიაში.[39]

სამეცნიერო პროგრამა ესწრაფვის, გააძლიეროს სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. საქართველომ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ვირტუალურ პროექტში, რომელმაც სამცენიერო-კვლევითი ცენტრებისთვის თანამგზავრული ქსელის შექმნის მეშვეობით, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობასშეუწყო ხელი.[40]

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები (NRF) 1

2011 წლის ივლისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა. ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა სახის გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. მორიგი შეხვედრა 2014 წლის ივლისში ჩატარდა, სადაც განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ისეთ სფეროებში როგორიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერ, ქიმიური, ბიოლოგიური რადიოაქტიური და ბირთვული თავდაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა იმის დასტურია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები (NATO Response Force, NRF)

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები (NRF) 1

ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წლის ნოემბერში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, ნატოს გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირების ძალები (NRF) ჩამოყალიბდა. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები აერთიანებს სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალების კომპონენტებს. NRF სწრაფი მობილურობით, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობით გამოირჩევა.[41]

შესაბამისი ნატოს წვრთნისა და შეფასების პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, 2015 წლიდან საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში 2015-2017 და ერთი ქვეითი ასეული NRF 2018 წელსაც მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ნატოს არაწევრ ოთხ ქვეყანას შორის (ფინეთი, უკრაინა, შვედეთი)[42] ერთ-ერთია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებთან მაღალ თავსებადობაზე მიუთითებს.[43]

ნატოს სამიტები, ნატოს მინისტერიალები და მაღალი დონის ვიზიტები

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მონტენეგროს და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად განიხილება ნატოს სამიტებისა და მინისტერიალების ფარგლებში და აისახება შესაბამის დოკუმენტებში.

ნატო-საქართველოს 24-წლიანი ურთიერთობის მანძილზე არაერთი სამიტი თუ მინისტერიალი გაიმართა, სადაც საქართველოს სწრაფვა ალიანსისაკენ და ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არაერთხელ დადასტურდა.

2002 წელს ნატოს პრაღის სამიტზე საქართველომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი გააკეთა და სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.[44]

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ განცხადებით მოკავშირეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება გამოხატეს, რაც ნატოს მომდევნო სამიტებზე მრავალჯერ დადასტურდა.[45]

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 2016

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის კიდევ ერთი დადასტურებაა 2009 წლის 3-4 აპრილს სტრასბურგსა და კელში ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები (Strasburg/Kehl Summit Declaration), რის საფუძველზეც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების ერთგულებას.[46]

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, 2016 წ.

მნიშვნელოვანი იყო 2011 წლის 15 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბერლინში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირველად იქნა მიღებული ერთობლივი განცხადება (Joint Statement). განცხადებაში მოკავშირეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა გამოხატეს.[47]

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, 2013 წ

2011 წლის 7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მინისტერიალის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ფორმალურად მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად (Final Statement)[48] . აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართული ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა ალიანსთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 28+4 ფორმატში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იყო ალიანსის მხარდაჭერის ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების მიმართ. ჩიკაგოს სამიტისას ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ცალსახად დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილების ურყევობა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.[49]

2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ იქნა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. უელსის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უკვე მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმებს, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება(Wales Summit Declaration).[50]

ნატოს უელსის სამიტზე, წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარეს და სხვა ოთხ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალი, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ ჯგუფში მიიწვიეს, რომლის ფარგლებში საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის უფრო მეტ შესაძლებლობებს მიიღებს.

მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 5 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება (Joint Statement). განცხადებაში დაფიქსირებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატება და ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატოს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს. ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.[51]

2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ იქნა განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით (Statement).[52] ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად.[51]

2016 წლის 10-11 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში, ქ. ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტონტელბერგმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმდინარე რეფორმები და ძალისხმევა დადებითად შეაფასა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაზე დადებითად შეფასდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი. „ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძლიერია. ნატო ეხმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ხელს უწყობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.[53]

ნატოს ვარშავის სამიტი 2016 (NATO Warsaw Summit 2016)

თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ურთიერთთავსებადობის ფორმატში
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 2016 წ
ჯეიმზ აპატურაის განცხადება შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2016 წლის 8-9 ივლისს ქ. ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართა. ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ეს იყო ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა.

ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში (Warsaw Summit Communiqué)[54] ხაზგასმულია, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ გრძელდება და ალიანსი განაგრძობს ასპირანტი ქვეყნების საქართველოს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის და ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარდაჭერას ამ გზაზე.

ვარშავის კომუნიკეში მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე და მის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ელემენტი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება.

მოკავშირეებმა კვლავ აღნიშნეს, რომ ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად.

კომუნიკეში დაფიქსირებულია, რომ 2008 წლიდან დღემდე საქართველომ რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

იენს სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში

ნატომ დადებითად შეაფასა საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და ავღანეთში მტკიცე მხარადაჭერის მისიაში (RSM). ალიანსმა მზაობა გამოხატა დამატებითი პრაქტიკული მზარდაჭერა გაუწიოს საქართველოს კრიზისების მართვის შესაძლებლობების, წვრთნისა და სწავლებების და სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით.

მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ვარშავის სამიტი ნათელი მაგალითია, რომ ნატოს კარი ღიაა. საქართველო აპლიკანტი ქვეყანაა. მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამ პროგრესის ნათელი დასტურია. ჩვენ საქართველოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის ვთანამშრომლობთ. საქართველოში ვაგრძელებთ თავდაცვის ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. საქართველოს წევრობა დღის წესრიგში რჩება,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.[55]

საქართველოში განხორციელებული ნატოს მაღალი დონის ვიზიტები

ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობისა და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიტიზები.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, პერიოდულად იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები საქართველოში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტით 2008 წლის 15-16 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.[56]

2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2016 წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში რიგით მეოთხეა, რაც ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ვარშავის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ახალი ინიციატივების განხორციელების გეგმები.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. განსაკუთრებულად აღინიშნა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, რაც თავის მხრივ აახლოებს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებასთან.

7 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაცია გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობით დასრულდა.[57]

2014 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელსაც ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობდა.

ქ. თბილისში 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.[58]

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში

2017 წლის 2-3 მარტს საქართველოს მეორედ ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობდა. ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარესთან სამხედრო კომიტეტის მუდმივი სესია გაიმართა. გარდა ამისა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმომადგენლებმა მოინახულეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და ადგილზე გაეცნენ ცენტრის შესაძლებლობებს.[59]

სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის ტრანსფორმაცია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება, და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.

ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების, გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სამხედრო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.[60]

გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა ქართული მხარის მზაობა, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან. გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. ჩვენ განსაკუთრებულად მადლიერები ვართ საქართველოსი ავღანეთის მისიაში მონაწილეობის გამო. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.[61]

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა

საჩხერის საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი
საჩხერის საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი
საჩხერის საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი

2006 წლის 14 აგვისტოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. საქართველოსა და საფრანგეთის შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, სასწავლო კურსების პროგრამები შემუშავდა. სკოლის საერთაშორისო კურსები ტარდება გამოცდილი ქართველი ინსტრუქტორების მიერ, რომლებიც სამთო მომზადებას ფრანგ ინსტრუქტორებთან სამი წლის განმავლობაში რეგულარულად გადიოდნენ.[62]

2010 წელს ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი (2012 წელს ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსს ნატოს პარტნიორობის წვრთნისა და განათლების ცენტრის სტატუსი ეწოდა (PTEC).[63]

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსმენელებს სთავაზობს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP) პროგრამის ფარგლებში.

2011-2014 წლებში სკოლაში ჩატარდა სამთო მომზადების ზამთრის/ზაფხულის საბაზისო და შუალედური კურსები.

2015 წელს ზემოთ აღნიშნულ კურსებს დაემატა ზაფხულის სამთო მომზადების ჯგუფის უფროსის კურსი.

გარდა ამისა სკოლაში მიმდინარეობს კურსები საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის: სამთო ტექნიკური კურსი, სამთო სამაშველო კურსი, მაღალ მთაში სროლის კურსი და სამთო ტაქტიკური კურსი.

თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში

EADRCC-ის საერთაშორისო სწავლება, საქართველო 2012

კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი (EADRCC) ნატოს ძირითადი სამოქალაქო საგანგებო რეაგირების მექანიზმია. EADRCC 1998 წელს შეიქმნა და მის საქმიანობაში ნატოს ყველა წევრი და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. EADRCC-ის მთავარი ამოცანაა სტიქიური და ტექნოგენური კატასტროფების დროს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე დახმარების აღმოჩენა.[64]

EADRCC-ის საერთაშორისო სწავლება, საქართველო 2012

საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან საგანგებო სიტუაციების სფეროში, რაც ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამის ფარგლებში ყველაზე მსხვილ არასამხედრო ხასიათის საქმიანობას წარმოადგენს. საქართველოს მონაწილეობა EADRCC-ის ეგიდით გამართულ საველე და სამეთაურო საშტაბო სწავლებებში ხელს უწყობს ქვეყნის ეროვნული საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის შესაძლებლობების განვითარებას.

EADRCC-იმ საქართველოს დაეხმარა 2005 წელს დიდი წყალდიდობის, 2006 წელს სამხრეთ საქართველოს ტყეებში გაჩენილი ხანძრებისა და 2009 წლის მიწისძვრის დროს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ EADRCC-იმ კოორდინაცია გაუწია საქართველოსთვის ასობით ტონა პირველადი დახმარების ნივთების მიწოდებას.

2012 წლის 22-28 სექტემბერს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე სწავლება „საქართველო 2012” ჩაატარა. სწავლება EADRCC-ის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება იყო, რომელშიც 1000-ზე მეტმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილების მქონე სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.[65]

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

ნატოს კვირეული, 2015 წ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში თანამშრომლობის საკვანძო სფეროს წარმოადგენს.

2005 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით ნატოსა და ევროკავშირზე საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ფუნქცია დაეკისრა.

2016 წლის 4 აპრილს საქართველოში, ქ.თბილისში ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი პირველად გაიმართა. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეფექტიანი საჯარო დიპლომატია, სტრატეგიული კომუნიკაციები, პროპაგანდასთან ბრძოლის პრობლემები და პერსპექტივები - ასეთი იყო თემები, რომელიც ოთხი პანელისგან შემდგარ ორ დღიან ფორუმს მოიცავდა.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 2016 წ

პანელის მონაწილეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით გამოიყო სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, ტერორიზმისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხე, ლტოლვილთა მიგრაცია, ასევე რუსეთის პოლიტიკა.[66]

საზოგადოების ინფორმირების კუთხით, ასევე დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში 2015 წლის 2 ივნისს შეიქმნა. დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გაძლიერება.[67]

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ხუთი რეგიონული გაზეთისთვის გამოსცემს „საგაზეთო ჩანართს“, რომლის მიზანია ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.[68]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ნატოს როლზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

საქართველოს მონაწილეობა ნატოს საერთაშორისო მისიებში

საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში

საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სახელმწიფო, აქტიურად არის ჩართული ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში. ქართული სამხედრო ქვედანაყოფები 1999-2008 წლებში მონაწილეობდნენ კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR - Kosovo Forces). საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვის აუზში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“, რომელიც ინიციირებულ იქნა ნატოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ.[69]

საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში აწ უკვე დასრულებულ ოპერაციაში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF - International Security Assistance Force). საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ცალკეული ქვეითი ბატალიონის მონაწილეობის შედეგად, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ISAF-ის მონაწილე, არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით. 12 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ISAF-ის მისიაში „გადასროლის წინა მომზადება“ ამერიკელი საზღვაო ქვეითების ინსტრუქტაჟით გაიარა.[70]

2015 წლიდან საქართველო ჩაერთო ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია.

ალიანსის და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა.[71]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 საქართველო ნატო-ს ურთიერთობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2020-10-31.
  2. 2.0 2.1 საგარეო პოლიტიკის სტრატეგია : NATO-ში გაწევრიანება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26. ციტირების თარიღი: 2020-10-31.
  3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
  4. სამეცნიერო ჟურნალი „ქართული პოლიტიკა
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  6. „Statement by President of Georgia Eduard Shevardnadze at the EAPC Summit“ (პრეს-რელიზი). ჩეხეთი, პრაღა: ნატო. 2002-11-22. ციტირების თარიღი: 2023-09-11.
  7. ჩარკვიანი, გელა (2016). ნაცნობ ქიმერათა ფერხული. თბილისი: ინტელექტი. ISBN 978-9941-466-38-0. 
  8. 8.0 8.1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
  9. ნატოს ოფიციალური საიტი
  10. ნატოს ოფიციალური საიტი
  11. Georgia's European Way- sixth edition
  12. Wales Summit Declaration ნატოს ოფიციალური საიტი
  13. ნატოს ოფიციალური საიტი
  14. ნატოს ოფიციალური საიტი
  15. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2016-04-04.
  16. ჟურნალი „საქართველოს ევროპული გზა“
  17. ნატოს ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2016-07-13.
  18. Wales Summit Declaration
  19. 19.0 19.1 19.2 Substantial NATO-Georgia Package (SNGP)
  20. [ http://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2015_12/20151209_151209-factsheet-nato-georgia-package.pdf შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან თავდაცვის სამინისტრო
  21. Statement by NATO Foreign Ministers on Open Door Policy
  22. იენს სტოლტენბერგი: „საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია“
  23. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაფუძნდა
  24. 24.0 24.1 „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დაიწყო
  25. NATO-GEORGIA EXERCISE 2016 Fact Sheet
  26. საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა
  27. Defence Institution Building School - DIB
  28. საქართველოს თავდასვის სამინისტრო
  29. საქართველოს თავდასვის სამინისტრო
  30. ნატოს ოფიციალური საიტი
  31. ნატოს ოფიციალური საიტი
  32. ნატოს ოფიციალური საიტი
  33. თავდაცვის სამინისტრო
  34. თავდაცვის სამინისტრო
  35. ნატოს ოფიციალური საიტი
  36. NATO/PfP TRUST FUND PROJECT IN GEORGIA
  37. ნატოს ოფიციალური საიტი
  38. ნატოს ოფიციალური საიტი
  39. ნატოს ოფიციალური საიტი
  40. ნატოს ოფიციალური საიტი
  41. ნატოს ოფიციალური საიტი
  42. ნატოს ოფიციალური საიტი
  43. ჟურნალი „საქართველოს ევროპული გზა
  44. ნატოს ოფიციალური საიტი
  45. ნატოს ოფიციალური საიტი
  46. ნატოს ოფიციალური საიტი
  47. ნატოს ოფიციალური საიტი
  48. ნატოს ოფიციალური საიტი
  49. ნატოს ოფიციალური საიტი
  50. ნატოს ოფიციალური საიტი
  51. 51.0 51.1 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-08. ციტირების თარიღი: 2016-03-29.
  52. ნატოს ოფიციალური საიტი
  53. ნატოს ოფიციალური საიტი
  54. Warsaw Summit Communiqué
  55. Why the Warsaw Summit matters
  56. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში დაარქივებული 2016-03-15 საიტზე Wayback Machine. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
  57. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი საქართველოში/ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 2016 თავდაცვის სამინისტრო
  58. ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  59. ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი JTEC-ში
  60. გენერალი პეტრ პაველი: „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში“
  61. NATO Military Committee in Georgia to take stock of the implementation of Substantial NATO-Georgia Package
  62. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2016-04-14.
  63. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  64. Euro-Atlantic Disaster Response Coordination Centre ნატოს ოფიციალური საიტი
  65. Georgia to host NATO/EAPC disaster response exercise ნატოს ოფიციალური საიტი
  66. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  67. [ttps://matsne.gov.ge/ka/document/view/2933326 matsne.gov.ge]
  68. ნეტგაზეთი
  69. საქართველო ნატო-ს ურთიერთობები დაარქივებული 2016-04-30 საიტზე Wayback Machine. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  70. „საქართველოს ევროპული გზა“, მეექვსე პერიოდული გამოცემა
  71. საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო