ლუი ფილიპ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ფილიპ II
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1785
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი, 1793
წინამორბედი: ლუი ფილიპ I
მემკვიდრე: ლუი ფილიპ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი, 1747
გარდ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1793, (46 წლის)
მეუღლე: მარი ადელაიდა დე ბურბონი
შვილები: ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
ანტუან ფილიპი, მონპესიეს ჰერცოგი
ადელაიდა
ლუი შარლი, ბეჟოლეს გრაფი
დინასტია: ორლეანები
მამა: ლუი ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი ფილიპ ჟოზეფ ორლეანელი (ფრანგ. Louis Philippe Joseph d'Orléans), მეტსახელად ფილიპ თანასწორი (ფრანგ. Philippe Égalité; დ. 13 აპრილი, 1747 — გ. 6 ნოემბერი, 1793) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგი 1785-1793 წლებში. ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის მამა. დიდი ტერორის პერიოდში სხვა დიდებულების მსგავსად ისიც სიკვდილით დასაჯეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ფილიპი დაიბადა 1747 წლის 13 აპრილს. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის უფროსი ვაჟი. მისი ორივე მშობელი ბურბონთა დინასტიის ორი განშტოების: ორლენელებისა და კონტელების წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამიტომ, იგი სამეფო ოჯახის წევრად ითვლებოდა და სამეფო კარზე ცხოვრობდა.

დაბადებიდანვე იგი შარტრის ჰერცოგის წოდებას ატარებდა. 1785 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ორლეანის ჰერცოგიც გახდა. 1771 წლიდან იგი ფრანგი მასონების მეთაური გახდა.

აღსანიშნავია, რომ ლუი ფილიპი ყოველთვის ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. ამის გამო, საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი რევოლუციონერების მხარეს გადავიდა, უარი თქვა თავის ტიტულებზე და „მოქალაქე“ გახდა, რის შემდეგაც მიიღო მეტსახელი „თანასწორი“. გასამართლებისას მან ხმა მისცა თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, თავად ლუი ფილიპიც ვერ გადაურჩა რევოლუციას, რომელმაც შეიწირა მეფის, დედოფლის, სამეფო ოჯახისა და უამრავი დიდებულის სიცოცხლე. მისი ცოლი და ვაჟი აშკარად ანტირევოლუციურ იდეოლოგიას ატარებდნენ, რის გამოც მისმა ვაჟმა ლუი ფილიპმა რევოლუციონერებს შეთქმულება მოუწყო, თავად კი დედასთან ერთად გაიქცა ესპანეთში. ამის გამო რევოლუციონერებმა ფილიპ თანასწორი დააპატიმრეს, გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1793 წლის 6 ნოემბერს ლუი ფილიპ II ორლეანელს პარიზში, გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი, 46 წლის ასაკში. როიალისტები, რომელთაც იგი სძულდა ასეთი რამ განაცხადეს: „ის ძაღლივით ცხოვრობდა, მაგრამ გარდაიცვალა როგორც ანრი IV-ის შთამომავალი.“

ცოლი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1768 წლის 8 მაისს ლუი ფილიპმა ცოლად შეირთო მარი ადელაიდა დე ბურბონი, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი იყო. მასზე ქორწინებით ბურბონ-პენტიევრების მთელი ქონება ორლეანელების ხელში გადავიდა, თუმცა თავად ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან წყვილი ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებდა. მიუხედავად ამისა, მათ ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. მკვდარშობილი ქალიშვილი (1771);
  2. ლუი ფილიპი (1773-1850), ვალუას, შარტრისა და ორლეანის ჰერცოგი, მოგვიანებით საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ამალია ნეაპოლელი, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, რომელთაგან აღსანიშნავია ბელგიის დედოფალი მარი ლუიზი, ვიუტემბერგის ჰერცოგინია მარი და მონტესპიერის ჰერცოგი ანტუანი, რომელიც ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის ასულ მარია ლუისაზე დაქორწინდა, რომელთა ქალიშვილი მერსედეს ორლეანელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა;
  3. ლუი ანტუანი (1775-1782), მონტესპიერის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფრანსუაზი (1777-1782), მადმუაზელ დ'ორლეანი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუიზ მარი ადელაიდა (1777-1847), მადმუაზელ დე შარტრი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, აქტიურად მონაწილეობდა თავისი ძმის გასამეფებელ რევოლუციაში;
  6. ლუი შარლი (1779-1808), ბეჟოლუას გრაფი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი და უშვილო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Louis Philippe Joseph Orléans, Duc d'." Columbia Electronic Encyclopedia, 6Th Edition, Apr. 2016, p. 1.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Orleans, Louis Philippe Joseph, Duke of".Encyclopædia Britannica. 20 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 284–285.
  • Fraser, Antonia (2002). Marie Antoinette: The Journey. Anchor. ISBN 9780385489492.
  • Elder, Richard W. The Duc d'Orleans, Patriot Prince Or Revolutionary? an Investigation into the Chatelet Inquiry of 1789-1790, Central Michigan University, Ann Arbor, 1994.
  • Castelot, André (1994). Louis-Philippe: Le méconnu. p. 124. ISBN 9782262010720.
  • Harris, Robert D. "Philippe Égalité." American Historical Review, vol. 103, no. 4, Oct. 1998, p. 1258.
  • De Luna, Frederick A (Spring 1991), "The Dean Street Style of Revolution: J-P. Brissot, Jeune Philosophe", French Historical
  • France, Anatole (1979). The Gods Will Have Blood. London: Penguin Group. p. 52. ISBN 9780140443523.