ლუი ჟან მარ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ჟან მარ დე ბურბონი
Nattier L J M de Bourbon duc de Penthievre.jpg
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1725
გარდ. თარიღი 4 მარტი, 1793, (67 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება პენტიევრის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე
შვილ(ებ)ი ლუი ალექსანდრი, პრინცი დე ლამბალი
მარი ადელაიდა, ორლეანის ჰერცოგინია
მშობლები მამა: ლუი ალექსანდრი, ტულუზის გრაფი
დედა: მარი ვიქტორია დე ნოალი

ლუი ჟან მარ დე ბურბონი (ფრანგ. Louis Jean Marie de Bourbon; დ. 16 ნოემბერი, 17254 მარტი, 1793) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთს მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ვაჟის, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარი ვიქტორია დე ნოალის ერთადერთი ვაჟი და პენტიევრის ჰერცოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ჟან მარი დაიბადა 1725 წლის 16 ნოემბერს, შატო დე რამბუილეტში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ნაბოლარა ვაჟის, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარი ვიქტორია დე ნოალის ერთადერთი შვილი. დედამისი მას საფრანგეთის მომავალ მეფე ლუი XV-თან ერთად ზრდიდა, ვინაიდან ლუის დედა, საფრანგეთის დოფინი მარია ადელაიდა სავოიელი მარი ვიქტორიას უახლოესი მეგობარი იყო, მისი და მისი ქმრის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ კი ტულუზის გრაფინიამ მათი შვილის აღზრდა თავის თავზე აიღო.

1733 წელს იგი საფრანგეთის მარშალი, ხოლო 1734 წელს ლეიტენანტ გენერალი ხდება. 1737 წელს ლუი ჟან მარის მამა გარდაიცვალა, მან კი მემკვიდრეობით შემდეგი ტიტულები მიიღო: საფრანგეთის ადმირალი, პენტიევრის ჰერცოგი, ამბუაზის ჰერცოგი, ლამბალის პრინცი, ომალის ჰერცოგი, რამბუილეტის ჰრეცოგი, ჟირზუას გრაფი, შატევილანის ჰერცოგი, კარინანის ჰერცოგი, არკ-ენ-ბარუას ჰერცოგი, ოს გრაფი, დრეს გრაფი, გინჟამპის გრაფი, საფრანგეთის დიდი პატრონი, საფრანგეთის დიდი მონადირე, საფრანგეთის მარშალი, ბრეტანის გუბერნატორი და ასევე გაინის გუბერნატორი.

როგორც ბურბონთა ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი და უამრავი ტიტულის მატარებელი, ლუი ჟან მარი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო იყო.

პირველი საქორწინო წინადადება თავად ფრანგებისგან წამოვიდა, როდესაც შესთავაზეს კონდეს პრინცის ასულ ლუიზ ანრიეტ დე ბურბონზე ქორწინება, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა და იგი ცოლად ორლეანის ჰერცოგს გაჰყვა.

1744 წელს პენტიევრის ჰერცოგი დაქორწინდა მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო III-ისა და მისი ცოლის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ასულ შარლოტ აგლაეს ქალიშვილ მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტეზე. არც თუ ისე ხანგრძლივი ქორწინებიდან, წყვილს სულ შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულობამდე

მარია ტერეზა ფელიჩიტა 1754 წელს გადაჰყვა მშობიარობას, 28 წლის ასაკში. ახალგაზრდა მეუღლის დაკარგვა ლუი ჟან მარიმ ძალიან განიცადა და ამის შემდეგ, იგი მეორედ აღარც დაქორწინებულა.

ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ლუი ჟან მარს შესძულდა ვერსალი და სამუდამოდ დატოვა სამეფო კარი. ამის შემდეგ იგი გადასახლდა პარიზში მდებარე შატო დე რამბუილეტში, სადაც იგი საფრანგეთის რევოლუციამდე ცხოვრობდა და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. რევოლუციის პერიოდში, მან დატოვა რამბულიეტი და შატო დ'ანეტში დასახლდა.

1791 წლიდან იგი გადასახლდა შატო დე ბიზიში, რომელიც ნორმანდიაში, კუნძულ ვერნოზე მდებარეობდა. მალევე მას შეუერთდნენ მისი ქალიშვილი და სიძეც. ამ დროისათვის მისი ვაჟი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი რძალი, პრინცესა დე ლამბალი კი პარიზის ქუჩაში მოკლეს რევოლუციონერებმა. თავისა და ოჯახის დასაცავად, იგი გარკვეულწილად რევოლუციონერთა მხარესაც იჭერდა, სწორედ ამიტომ ის და მისი შვილები ხელშეუხებელნი დარჩნენ, თუ არ ჩავთვლით მის რძალს, რომელიც მონარქისტთა მომხრე და დედოფალ მარია ანტუანეტას ახლო მეგობარი იყო. იგი ასევე მოესწრო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის სიკვდილით დასჯას. ლუი ჟან მარ დე ბურბონი გარდაიცვალა 1793 წლის 4 მარტს, 67 წლის ასაკში, იგი ბაღში სეირნობისას გულის შეტევით დაიღუპა და შესაძლოა ითქვას, რომ თავის ქალიშვილ მარი ადელაიდას ჩააკვდა ხელში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი მარი (1746-1749), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი ალექსანდრი (1747-1768), ლამბალის პრინცი, ცოლად შეირთო მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  3. ჟან მარი (1748-1755), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ვინსენტ მარი (1750-1752), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარი ლუიზი (1751-1753), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. მარი ადელაიდა (1753-1821), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I;
  7. ლუიზ მარი (1754), გარდაიცვალა ჩვილობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Erlanger, Philippe, Louis XIV, translated from the French by Stephen Cox, Praeger Publishers, New York, 1970, pp. 192-193.
  • Mémoires de La Grande Mademoiselle, Troisième partie, chapitre 3, http://penelope.uchicago.edu/mlle/partie3/chap303.html
  • The former Hôtel de Toulouse is now the seat of the Banque de France.
  • The Château de Chanteloup was demolished in 1823.
  • de Rochegude, Félix, Promenades dans toutes les rues de Paris par arrondissements, Hachette, Paris, 1910, p. 30.