უელინგტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
უელინგტონი
ინგლ. Wellington / მაორ. Te Whanga-nui-a-Tara
Wellingtonbysteffen.JPG
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 41°17′20″ ს. გ. 174°46′38″ ა. გ. / 41.28889° ს. გ. 174.77722° ა. გ. / -41.28889; 174.77722
დაარსდა 1839
ფართობი 290 კმ²
მოსახლეობა 431 400 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1487,59 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+12, ზაფხულში UTC+13
ოფიციალური საიტი http://www.wellingtonnz.com

უელინგტონი მდებარეობა ახალი ზელანდია

Red pog.svg

უელინგტონი (ინგლ. Wellington, მაორ. Te Whanga-nui-a-Tara) — ახალი ზელანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქი ოკლენდის შემდეგ, ოკეანეთის ქვეყნებში ყველაზე დიდი დედაქალაქი და მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქი[1]. ქალაქი მდებარეობს უელინგტონის რეგიონში, ჩრდილოეთი კუნძულის სამხრეთ ნაწილში. მაორის ენაზე უელინგტონის დასახელებაა — ტე ფანგა-ნუი-ა-ტარა (მაორ. Te Whanga-nui-a-Tara).

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ქალაქ უელინგტონს სახელი დაერქვა ბრიტანეთის იმპერიის გამოჩენილი მხედართმთავრის, ვატერლოოს ბრძოლის გამარჯვებულის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, უელინგტონის I ჰერცოგის ართურ უელსლის პატივსაცემად «ქალაქის მომავლის მეტროპოლიასთან სამუდამო დაკავშირების» მიზნით, ასევე ჰერცოგისთვის მადლიერების ნიშნად, რომელმაც მხარი დაუჭირა ქალაქის დამფუძნებელის უილიამ უეიკფილდის კოლონიზაციური გეგმების პრინციპებს[2].

ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა — პოლინეზიელი ხალხი მაორები, ქალაქს იცნობენ სამი დასახელებით. პირველი მათგანია — ტე ფანგა-ნუი-ა-ტარა (მაორ. Te Whanga-nui-a-Tara, ითარგმნება როგორც «ტარას დიდი უბე»)[3]. მეორე — პონეკე (მაორ. Pōneke), მესამე — ტე უპოკო-ო-ტე-იკა-ა-მაუი (მაორ. Te Upoko-o-te-Ika-a-Māui, ითარგმნება როგორც «თევზ მაუის თავი»)[4].

ამას გარდა, უელინგტონს აქვს რამდენიმე მეტსახელი: დედაქალაქი-უბე (ინგლ. The Harbour Capital), ველივუდი (ინგლ. Wellywood = Wellington + Hollywood)[5] და ქარების ქალაქი (ინგლ. Windy City).

ერთი კვირით, 2012 წლის ნოემბერში უელინგტონს ოფიციალურად გადაერქვა სახელი და ეწოდა მიდლ-ოფ-მიდლ-ირთ (Middle of Middle-earth, ანუ «ხმელეთის შუა ნაწილი»)[6].

ბუნებრივი პირობები[რედაქტირება]

უელინგტონი მდებარეობს ჩრდილოეთი კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვულკანური წარმოშობის — უელინგტონის უბის ნაპირას, რომელიც ჩრდილოეთის და სამხრეთის კუნძულების ერთმანეთისგან გამყოფი კუკის სრუტის ნაწილია. კარგ ამინდში ქალაქიდან მკაფიოდ ჩანს სამხრეთის კუნძულზე მდებარე კაიკურას მთები. ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს კაპიტის სანაპიროს პლაჟები, აღმოსავლეთით — რიმუტაკას მთები.

უელინგტონი საკმაოდ ხშირად განიცდის ძლიერ შტორმულ ქარებს. კლიმატი — ზღვის სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — +16 ºC, ხოლო ივლისის — დაახლოებით +8 ºC. წელიწადში საშუალოდ მოდის 1445 მმ ნალექი, ძირითადად წვიმის სახით. თოვლი მოდის მხოლოდ მაღლა მთებში. ქალაქი მიჩნეულია სეისმო საშიშად. ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებით და ბუჩქებით, რომელთა შორის ჭარბობს მარადმწვანე სახეობები.

ქალაქში მდებარეობს 102 პარკი და დასასვენებელი და გასართობი ადგილი. უელინგტონის ფართობი შეადგენს 289,9 კმ²-ს[7].

განვითარების ისტორია[რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ევროპელების მიერ დაიწყო მკვიდრი მაორის მოსახლეობის მიწების მიტაცების პროცესი. 1839 წელს პოლკოვნიკმა უილიამ უეიკფილდმა, რომელიც მსახურობდა ახალზელანდიურ კომპანიაში, დააარსა ქალაქი ოდნავ ჩრდილოეთით მისი თანამედროვე მდებარეობიდან. მაგრამ 1840 წელს მდინარე ჰატის (ინგლ. Hutt, მაორ. Awakairangi) ძლიერმა ადიდებამ მოსახლეობა აიძულა გადასახლებულიყო სამხრეთით. პირველმა გადასახლებულებმა ქალაქს დაარქვეს უელინგტონი ფელდმარშალის, უელინგტონის I ჰერცოგის, გაერთიანებული ინგლისურ-ჰოლანდიური ჯარის მთავარსარდლის — ართურ უელსლის პატივსაცემად, იმ დახმარებისათვის, რომელიც მან გაუწია პირველ გადასახლებულებს. 1848 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქში გამოიწვია სერიოზული ნგრევები, ხოლო 1854 წელს ასევე ძლიერი მიწისძვრის გამო დაიღუპა ბევრი ადამიანი. 1865 წელს უელინგტონი გახდა ახალი ზელანდიის დედაქალაქი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით უელინგტონის საქალაქო ზონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 460 ათას ადამიანს, ხოლო საქმიანი ცენტრის (ინგლ. Wellington City) რაოდენობა — 190 500 ადამიანს[7]. ქალაქთან მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც რეგიონალურად ეკუთვნიან «დიდ უელინგტონს» ცხოვრობს კიდევ 182 000 ადამიანი. მოსახლეობის ყოველწლიური ზრდა საშუალოდ შეადგენს 3,5 %-ს.

მოსახლეობის რაოდენობის დაახლოებით 19 %-ს შეადგენენ 15 წელზე უმცროსი ბავშვები და დაახლოებით 9 %-ს 65 წელზე უფროსი ადამიანები. ეთნიკური ჯგუფების მიხედვით ჭარბობენ ევროპელები, რომლებიც შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 70,2 %-ს. მეორე დიდი ეთნიკური ჯგუფია მაორები — ქალაქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 7,8 %-ს[8]. ქალაქის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ძირითადად აზიელები და პოლინეზიური ქვეყნების ხალხის წარმომადგენლებია.

ძირითადი სასაუბრო ენაა ინგლისური. სხვა ყველაზე უფრო გამოსაყენებელი ენებია ფრანგული, მაორი, სამოური, გერმანული და ჩინური.

უელინგტონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია. ქალაქში ასევე ცხოვრობენ ისლამის, იუდაიზმის და ბუდიზმის მიმდევრები.

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება]

უელინგტონი — ლამაზი და მშვიდი ქალაქია, ხიდების, ვიადუკების, გვირაბების, პარკების და სკვერების დიდი რაოდენობით. მრავალფეროვანია მისი არქიტექტორული სახე: ელექტიკური ნაგებობები, რომლებიც მიეკუთვნება XIX — XX საუკუნის პირველ ნახევარს, ქალაქის ქუჩებში შერწყმულია თანამედროვე ტიპის შენობებს და ხის მასობრივ ნაგებობებს. დედაქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობაა — პარლამენტის მრგვალი შენობა, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა ეძახის ულეის. პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მთავრობის ყოფილი სასახლე, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა სისგან აშენებულ შენობებს შორის. ასევე ყურადღებას იპყრობს პავლე მოციქულის მონასტერი. შესანიშნავია დედაქალაქის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდებარეობს მაღალი მთის ფერდოზე. ქალაქის დიდ სიამაყედ ასევე ითვლება ზოოპარკი, რომელშიც ცხოველები მოთავსებული არიან არა მარტო შემოფარგლულ უჯრედებში, არამედ ღია ფართე ვოლიერებში.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. New Zealand. CIA. World Factbook. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  2. WELLINGTON CITY. Settlement and Growth. An Encyclopaedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  3. Wellington Region. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  4. Te Ara o nga Tupuna. Wellington City Libraries. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  5. Story Leads. Positively Wellington Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  6. ახალი ზელანდიის დედაქალაქი გადაიქცევა ხმელეთის შუა ნაწილად
  7. 7.0 7.1 Overview. Wellington City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 18 ნოემბერი 2008.
  8. Population. Positively Wellington Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-24-ში. წაკითხვის თარიღი: 18 ნოემბერი 2008.