ლავური პლატო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხეთის მთიანეთი (პლატო).
ლავური პლატო ახალ ზელანდიაში.

ლავური პლატო (ვულკანური პლატო) — ვულკანური მოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე შექმნილი ვრცელი პლატოები ან ვაკეები.[1] წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე (ბაზალტური) ლავის ამონთხევის შედეგად,[1] რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება ხმელეთის ზედაპირის რელიეფის უსწორმასწორო ფორმები. ლავური პლატოების ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს.[2] მასზე შესაძლოა წარმოიქმნას ფარისებრი ვულკანი, შლაკური კონუსი და სხვა ვულკანური რელიეფის ფორმები. ზოგჯერ, ლავური პლატო არის კონკრეტულად რომელიმე ვულკანის ნაწილი. ლავური პლატოები ხშირად დაკავებულია ტბებით. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები.

სავარაუდოდ, ხმელეთის ყველაზე ვრცელი ლავური პლატო (თულეანის პლატო) არსებობდა პალეოგენში,[3] ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სექტორში, რომელსაც ეკავა ფართობი 1,8 მლნ. კმ². მოგვიანებით პლატომ დაძირვა განიცადა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ვრცელი ოკეანური აუზი. დღეისათვის არსებული ყველაზე მსხვილი პლატოებია: კოლუმბიის პლატო (აშშ) და ონტონგ-იავის პლატო (წყნარ ოკეანეში). მნიშვნელოვანია აგრეთვე: სომხეთის მთიანეთი, დეკანის ზეგანი და სხვ.

ლავური პლატოები გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია ახალქალაქის ლავური პლატო, რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს. აგებულია ქვედა მეოთხეული (ზედაპლიოცენური) დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით. პლატოს ლავები უკავშირდება ჯავახეთის ქედის სამხრეთი ნაწილის ვულკანურ ცენტრებს.[4]

ზედაპირი ბრტყელია, თუმცა აქა-იქ გართულებულია მცირედ ამაღლებული ბორცვებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ამირანისაგორა (სიმაღლე — 1884 მ, შეფარდებითი სიმაღლე 200 მ). არის ვულკანური გენეზისის ტბები, რომლებიც წარმოადგენენ ნაშთებს იმ წყალსატევებისა, რომლებმაც ამოავსეს ლავური განფენის ზედაპირის პირველადი უსწორმასწორობანი და ლავებით გადაკეტილი ხეობები.[4]

მნიშვნელოვანია აგრეთვე ყელის ზეგანი, რომელიც შეიქმნა მეოთხეული ვულკანების მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ლავურ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით — არხის ქედისკენ და აღმოსავლეთითარაგვის სათავეებისაკენ. არის ტაფობები. პლატოდან გაწვდილია სხვადასხვა მიმართულების ლავების მეტად ან ნაკლებად გრძელი შტოები — ლავური ღვარები, რომლებიც ძველ ხეობებს მიჰყვებიან.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955
  2. ლავური პლატო — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
  3. Brittle tectonism in relation to the Palaeogene evolution of the Thulean/NE Atlantic domain: a study in Ulster Retrieved on 2007-11-10
  4. 4.0 4.1 4.2 მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 172-174/322-323 თბ. 1964.