არტაქსერქსე III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტაქსერქსე III

არტაქსერქსე III (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης "მართალთა სამეფოს მეუფე") (ძვ. წ. 425 - ძვ. წ. 338) — სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 359 - ძვ. წ. 338 წლებში. ართახშასა II-ს ვაჟი.

არტაქსერქსე იყო არტაქსერქსე II-ს და სტატირას მესამე ვაჟი და გამეფებამდე ერქვა ვახაუხა. მამას იგი არ უყვარდა და მას მოუწია ძალაუფლების მისაღებად ბევრი ბრძოლა. უფროსი ძმის, დარიახუშის შეთქმულების შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელიც სიკვდილით დასრულდა, მემკვიდრედ მეორე ძმა - არიასპი ითვლებოდა, მაგრამ ვახაუხამ შანტაჟით მოახერხა მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. მაშინ მეფემ მემკვიდრედ უკანონო შვილი გამოაცხადა, მაგრამ ისიც მალე ვახაუხამ მოაკვლევინა. ამრიგად მან მოიშორა ყველა მეტოქე და 359 წელს გამეფდა როგორც არტაქსერქსე III.

ახალმა მეფემ, მომავალში შეთქმულებების თავიდან ასაცილებლად ამოწყვიტა თავისი უახლოესი ნათესავები. მხოლოდ ერთ დღეს მოკლულ იქნენ მისი 80 ძმა (არტაქსერქსე II-ს 366 ქალისგან 150 ვაჟი ჰყავდა). მეფობის პირველივე წლებში არტაქსერქსე შეუდგა აქემენიდების იმპერიის პირვანდელ საზღვრებში აღდგენას. სპარსეთის მეტოქეები მალე მიხვდნენ რომ პოლიტიკური კურსი შეიცვალა. დაიწყო სატრაპიებში აჯანყებების სასტიკი ჩახშობა. მან დაიმორჩილა კადუსიების ტომები, რომლებიც წინა მეფობისას მიდიისთვის ნამდვილ უბედურებად იქცნენ.

ძვ. წ. 356 მეფემ მცირე აზიის სატრაპებს, რომლებიც დამოუკიდებელი მეფეებივით იქცეოდნენ, უბრძანა დაქირავებული ჯარების დათხოვნა. ფრიგიის სატრაპი არტაბაზი არ დაემორჩილა და აჯანყდა. მას მისიის მმართველი ორონტი შეუერთდა. არტაქსერქსემ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ. ომი ძვ. წ. 352 წელს დასრულდა მეფის გამარჯვებით. ძვ. წ. 349 წელს აჯანყდნენ ეგვიპტის მიერ წაქეზებული ფინიკიური ქალაქები. ორმა სპარსულმა არმიამ გაილაშქრა ამბოხის ჩასახშობად, მაგრამ დამარცხდნენ. აჯარყება მოედო კილიკიას, იუდეას და კვიპროსს. ძვ. წ. 345 წელს ართახშასა თავად გაუძღვა ფინიკიელების წინააღმდეგ უდიდეს არმიას (დიოდორეს თანახმად 300 000 ჯარისკაცი და 300 გემი). სიდონი მეფე ტენესის ღალატის გამო უბრძოლველად აიღეს სპარსებმა და მისი 40 000 მაცხოვრებელი სიკვდილით დასაჯეს. ამ სისასტიკემ ისე შეაშფოთა ფინიკიელები, რომ ძვ. წ. 344 წელს მათ შეწყვიტეს წინააღმდეგობა.

ძვ. წ. 343 წლის ზამთარში არტაქსერქსე ეგვიპტის საზღვრებს მიადგა. არმიის ნაწილმა ალყა შემოარტყა პელუსიას, ხოლო მეორე ნაწილი გადმოსხდა ნილოსის დელტასთან, ეგვიპტელების ზურგში. ფარაონ ნეკტანებ II-ს ბერძენი დაქირავებული ჯარები სპარსეთის მხარეზე გადავიდნენ. ძვ. წ. 342 წელს არტაქსერქსემ აიღო მემფისი, შემდეგ კი მთელი ეგვიპტე დაიკავა. ნეკტანები თავისი განძით ნუბიაში გაიქცა. აჯანყებისთვის ეგვიპტელები სასტიკად დაისაჯენ – ქალაქები და ტაძრები გაიძარცვა, ციხეები დაინგრა და ქვეყანა დაჩაჩანაკდა. დამოუკიდებლობის 60 წლის შემდეგ ეგვიპტე ისევ სპარსეთის სატრაპიად იქცა.

ძვ. წ. 338 წელს საჭურის ბაგოას წაქეზებით მეფე მისმა პირადმა ექიმმა მოწამლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
არტაქსერქსე II
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 359 - ძვ. წ. 338
შემდეგი:
არტაქსერქსე IV
წინამორბედი:
ნეკტანებ II
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 343 - ძვ. წ. 338
შემდეგი:
არტაქსერქსე IV