ერზურუმი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ერზურუმი Erzurum | |||
ერზურუმის ხედი | |||
| |||
ქვეყანა | თურქეთი | ||
კოორდინატები | 39.9°00′00″ ჩ. გ. 41.27°00′00″ ა. გ. / 39.90000° ჩ. გ. 41.27000° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | აჰმეტ ქუჩუკლერი | ||
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ | ||
ოფიციალური ენა | თურქული ენა | ||
მოსახლეობა | 361,235 კაცი (2000) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | (+90) 442 | ||
საფოსტო ინდექსი | 25 000 | ||
საავტომობილო კოდი | 25 | ||
ოფიციალური საიტი | erzurum-bld.gov.tr | ||
ერზურუმი, თეოდოსიოპოლი (ძვ. ქართულ წყაროებში კარნუ-ქალაქი[1], თურქ. Erzurum, სომხ. Կարին — კარინი) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერზურუმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2000 წელს 361,235 კაცი. ერზურუმი მდებარეობს მაღალ ფერდობზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქურთები შეადგენენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერზურუმის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. მნიშვნელოვან დასახლებად და გამაგრებულ პუნქტად იქცა V საუკუნეში და მას თეოდოსიოპოლი ეწოდა ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს II-ის პატივსაცემად. ქართულ წყაროებში მას სომხური დასახელების (კარინის) კვალდაკვალ კარნუ-ქალაქი ეწოდებოდა. შუა საუკუნეებში ქალაქი დაკავშირებული იყო კავკასიის სამხრეთში გამავალ სავაჭრო-სატრანზიტო გზასთან. VII საუკუნის 40-იან წლებში არაბებმა დაიპყრეს და კალიკალა უწოდეს.
სახალიფოს დაშლის შემდეგ თეოდოსიოპოლი ბიზანტიის ხელში იყო. 979 წელს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში დახმარებისათვის დავით ტაოს კურაპალატმა იმპერატორ ბასილი II-სგან მიიღო კარნუ-ქალაქი, ბასიანი და სხვ. დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ (1001) მისი სამფლობელოების დიდი ნაწილი ბიზანტიამ დაიკავა. 1049 წელს ერზურუმში ბიზანტიელებმა გადაასახლეს სელჩუკების მიერ განადგურებული სომხური ქალაქის — არზანის (არწნის) მოსახლეობა. ამის გამო თურქებმა ქალაქს უწოდეს არზან ურ-რუმ („რომაელთა არზანი“). აქედან მოდის ქალაქის თანამედროვე დასახელებაც. XI საუკუნის ბოლოს, ერთხანს, თეოდოსიოპოლის გამგებელი იყო გრიგოლ ბაკურიანის ძე, შემდეგ ქალაქს და მის ოლქს სალთუკიანთა თურქმანული დინასტია დაეპატრონა.
1163 წელს ერზურუმი დალაშქრა საქართველოს მეფე გიორგი III-მ. 1192–1193 წლებში, ტახტის მემკვიდრის ლაშა გიორგის დაბადების აღსანიშნავად, საქართველოს ჯარი კვლავ დაესხა თავს ერზურუმს. საქართველოზე ლაშქრობის წინ რუმის სელჩუკიანთა სულთანმა, რუქნადინმა (მართავდა 1196–1204) მცირე აზიის პროვინციების გამგებლებს (მათ შორის ერზურუმელ სალთუკიანებსაც) დახმარება სთხოვა. ერზურუმის მელიქმა ალაედინ სალთუკ-ოღლუმ, რომელიც საქართველოს ყმადნაფიცი იყო, მას უარი უთხრა დახმარებაზე. 1201 წელს რუქნადინმა გადააყენა ერზურუმის გამგებელი და იქ თავისი ძმა მოღისედინ თოღრულ-შაჰი დანიშნა. ამით ბოლო მოეღო ერზურუმის სალთუკიანთა დინასტიის ბატონობას და ქალაქი რუმის სელჩუკიანთა სასულთნოში მოექცა.
XIII საუკუნის დამდეგს ერზურუმი დროდადრო საქართველოს ყმადნაფიცი იყო. თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, დაახლობით 1213 წელს, ერზურუმის მფლობელო განუდგა საქართველოს ტახტს, მაგრამ მალე ლაშა გიორგიმ ილაშქრა და კვლავ შემოიმტკიცა ხლათი, ერზურუმი და ნახიჩევანი. XIII საუკუნის 20-იან წლებში საქართველომ თავის კონტროლს დაუქვემდებარა დვინ–ერზურუმის სავაჭრო მაგისტრალი. 1223 წელს ლაშა გიორგიმ თავისი და რუსუდანი მიათხოვა თოღრულ-შაჰის ძეს ღიას ად-დინს, რომელიც გაქრისტიანდა.
1241 წელს ერზურუმი აიღეს მცირეაზიელმა სელჩუკებმა და მოსახლეობა ამოჟლიტეს. XIII საუკუნის II ნახევრიდან ერზურუმი ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში ერზურუმისთვის იბრძოდნენ ოსმალეთის სულთანი ბაიაზიდ I და თემურლენგი, რომელმაც ქალაქი ძველ მფლობელს დაუტოვა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ 1405 წელს, კასტილიელი ავტორის კლავიხოს ცნობით, ქართველებმა ერზურუმის მიწები დაარბიეს. XVI საუკუნის დამდეგიდან ერზურუმის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ებრძოდნენ სეფიანები და ოსმალები. 1522 წლისთვის ქალაქი საბოლოოდ შეიერთა ოსმალეთმა. 1534–1535 წლებში შეიქმნა ერზურუმის საბეგლარბეგო, რომელიც კავკასიაში ოსმალეთის ექსპანსიური ომების პლაცდარმი გახდა. ბეგლარბეგებად ინიშნებოდნენ ვეზირის წოდების მქონე ფაშები. 1578 წელს სულთნის ხელისუფლებამ ერზურუმის ბეგლარბეგს დაავალა ახლადშექმნილი ახალციხის საფაშოს საქმიანობისათვის თვალყურის დევნება.
რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს ერზურუმი სამჯერ (1829, 1878, 1916) აიღო რუსის ჯარმა, მაგრამ საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა კვლავ დაიბრუნა იგი. სომხების გენოციდის (1915) დროს ერზურუმის თითქმის 40 000-იანი სომხური მოსახლეობა ქალაქიდან გააძევეს. 1919 წლის ივლის-აგვისტოში ერზურუმში მუსტაფა ქემალის (შემდგომში ათათურქი) თავმჯდომარეობით ჩატარდა თურქების ეროვნული მოძრაობის პირველი კონგრესი, რასაც საბოლოოდ თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნება მოჰყვა.
თანამედროვე ერზურუმი საქონლით ვაჭრობის ცენტრია. აქვეა კვების, განსაკუთრებით შაქრისა და ხორცის, საწარმოები. ქალაქი ასევე ცნობილია ლითონის ნაკეთობებისა და ცხენის აღკაზმულობის სახელოსნოებით. ერზურუმის ისტორიული ნაგებობებიდან აღსანიშნავია სელჩუკიანთა დროის საღვთისმეტყველო სასწავლებელი (1253, 1308 წწ.), XII საუკუნის „დიდი მეჩეთი“ და XII-XIII საუკუნეების მმართველთა მავზოლეუმები. ქალაქში არის არქეოლოგიური მუზეუმი და ათათურქის სახელობის უნივერსიტეტი (დაარსდა 1957).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Jedidiah Morse; Richard C. Morse (1823), „Erzerum“, A New Universal Gazetteer (4th რედ.), New Haven: S. Converse, http://www.archive.org/stream/newuniversalgaze00morsrich#page/246/mode/2up
- Robert Curzon (1854), Armenia: a year at Erzeroom and on the frontiers of Russia, Turkey, and Persia, London: John Murray, OCLC 10563061, http://openlibrary.org/books/OL7178931M/Armenia
- „Erzeroom“, Handbook for Travellers in Turkey (3rd რედ.), London: J. Murray, 1854, OCLC 2145740, http://www.archive.org/stream/ahandbookfortra22firgoog#page/n224/mode/2up
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chamber of Commerce
- Erzurum დაარქივებული 2016-10-21 საიტზე Wayback Machine.
- 2011 winter universiade
- Atatürk Üniversitesi
- Pictures of this city
- Bilkent Üniversitesi Erzurum Yerleşkesi
- Erzurum City Map and Search დაარქივებული 2017-06-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 412.