თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში. თურქეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ რევოლუციის ლიდერი, სამხედრო მოღვაწე. მუსტაფა ქემალ ფაშა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. მისი დიდი დამსახურებაა ინგლისელთა მარცხი გალიპოლის ოპერაციაში (1915 წ.). 1916 წელს მას ებოძა ბრიგადის გენერლის ჩინი და ფაშას ტიტული. 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის ეროვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. ამ ძალამ ვერ იხსნა ოსმალეთის იმპერია, მაგრამ გადაარჩინა თურქეთი. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა. 1934 წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული „ათათურქი“ — თურქების მამა.
↑Andrew Mango Atatürk: The Biography of the Founder of Modern Turkey, Overlook Press, 2002, ISBN978-1-58567-334-6, [1]
↑Hasan Eren. II. ATATÜRK ve TÜRK DİLİ. ციტატა: „24 Kasım 1934’te Türkiye Büyük Millet Meclisi 2587 sayılı kanunla Gazi Mustafa Kemal’e Atatürk soyadını verdi.“