პორტ-ოვ-სპეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დედაქალაქი
პორტ-ოვ-სპეინი
ინგლ. Port of Spain
POS panorama.JPG
ქვეყანა ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო
კოორდინატები 10°40′00″ ჩ. გ. 61°31′00″ დ. გ. / 10.66667° ჩ. გ. 61.51667° დ. გ. / 10.66667; -61.51667
მმართველი Prime Minister of Trinidad and Tobago
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
ოფიციალური ენა ინგლისური ენა|ინგლისური
მოსახლეობა 50 000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 3650 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 868
საფოსტო ინდექსი 500234
ოფიციალური საიტი cityofportofspain.gov.tt
პორტ-ოვ-სპეინი — ტრინიდადი და ტობაგო
პორტ-ოვ-სპეინი

პორტ-ოვ-სპეინი (ინგლ. Port of Spain) — ტრინიდადი და ტობაგოს დედაქალაქი და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პარიას ყურეში. პორტ-ოვ-სპეინი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია სან-ფერნანდოს შემდეგ, ხოლო მუნიციპალიტეტებს შორის ამ უკანასკნელისა და ჩაგუანასის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მუნიციპალური მოსახლეობა 37,074, ხოლო ურბანული – 81,142 ათასია.

პორტ-ოვ-სპეინი ტრინიდადის დედაქალაქი 1757 წლიდანაა. ქალაქი კუნძულის ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრია, ამასთანავე კარიბის ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრის სტატუსს ატარებს.[1] ქალაქში რეგიონის ორი უმსხვილესი ბანკის სათავო ოფისი მდებარეობს.

პორტ-ოვ-სპეინი ვესტ ინდოეთის ფედერაციის დე ფაქტო დედაქალაქი იყო, რომელმაც ხანმოკლე დროით იარსება.

ქალაქში კუნძულის უდიდესი პორტი მდებარეობს. პორტ-ოვ-სპეინი კარიბის ზღვის რეგიონში საქონლის ტრანსპორტირების ერთ-ერთი კერაა და როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე წარმოებული საქონლის ექსპორტს ახორციელებს. პორტ-ოვ-სპეინში ტრინიდადი და ტობაგოს საფონდო ბირჟა მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებულია კარიბის ზღვის რეგიონში. ქალაქში კარიბის ზღვის რეგიონის უმაღლესი ცათამბჯენებია განლაგებული, რომელთა შორის აღსანიშნავია ნიკოლასის კოშკი. მარხვის წინა კარნავალი დედაქალაქის მთავარი ყოველწლიური კულტურული ფესტივალია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

დღესდღეობით, პორტ-ოვ-სპეინი კარიბის ზღვის რეგიონის წამყვანი ქალაქია. ტრინიდადმა 2009 წელს ამერიკის მეხუთე სამიტს უმასპინძლა, რომელთა სტუმრებს შორის აშშ-ის იმჟამიდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყვნენ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავრობო სახლი პორტ-ოვ-სპეინში, 1914 წელი

პორტ-ოვ-სპეინში პირველი ესპანური ნაგებობები XVI და XVII საუკუნეებში გაჩნდა. ეს იყო ტალახისგან აგებული ქოხები, რომლებსაც თავს სხვადასხვა ხეები აკრავდა. ქალაქის ციხესიმაგრეც ასევე ტალახისგან აგებული კედელი იყო, რომლის შიგნითაც სამრეკლო და ესპანელი ჯარისკაცების ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორი-სამი ქვემეხი იდგა. პორტ-ოვ-სპეინს 1680 წელს ფრანგი საზღვაო მეთაური ვიქტორ-მარი დ’ესტრესი ეწვია. 1690 წელს ქალაქში ესპანეთის გუბერნატორი დონ სებასტიან დე როტეტა იყო, რომელმაც ესპანეთის მეფეს შეატყობინა, რომ ადგილობრივები „დამცინავად და ძალადობრივად იყვნენ განწყობილნი ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმართ და აბუჩად იგდებდნენ წმინდა მამათა ძალისხმევას.“

1757 წელს ტრინიდადის დედაქალაქი, სან ხოსე დე ორუნა დაინგრა, რის შემდეგაც, გუბერნატორმა დონ პედრო დე ლა მონედამ თავისი ტახტი პორტ-ოვ-სპეინში გადაიტანა და ეს უკანასკნელი ტრინიდადის დე ფაქტო დედაქალაქი გახდა. კუნძულის უკანასკნელი ესპანელი გუბერნატორი, დონ ხოსე მარია ჩაკონი ძირითადად ქვეყნის ახალი დედაქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნავდა. მან კუნძულის მმართველი საბჭო პორტ-ოვ-სპეინში გადაიტანა. 1783 წელს კუნძულზე ფრანგი კათოლიკეები დასახლდნენ, რის შემდეგაც მკვეთრად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა და გაფართოვდა მისი გეოგრაფიული საზღვრები. მოეწყო ახალი ქუჩები და სააღლუმო მოედანი პლაზა დე ლა მარინა. 1786 წლისთვის, პორტ-ოვ-სპეინის მოსახლეობა 3,000 ადამიანს შეადგენდა.

დედოფლის სამეფო კოლეჯის საათის კოშკი 2015 წელს

1787 წელს გუბერნატორმა წმინდა ანას მდინარის კალაპოტი შეცვალა, რადგანაც მისი წყალდიდობისკენ მიდრეკილება ქალაქის გაფართოებას აფერხებდა. კალაპოტის შეცვლის შემდეგ მდინარე პორტ-ოვ-სპეინის აღმოსავლეთით მიედინებოდა, რამაც ქალაქს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით საზღვრების გაფართოების საშუალება მიეცა.

1797 წელს ტრინიდადში ბრიტანული სამხედროები გენერალი სერ რალფ აბერკრომბის მეთაურობით შეიჭრნენ. ბრიტანელები პორტ-ოვ-სპეინის დასავლეთ ნაწილში დაბანაკდნენ. გუბერნატორმა ხოსე ჩაკონმა გადაწყვიტა მათთვის წინააღმდეგომა არ გაეწია, რადგანაც მწირი სამხედრო რესურსების გამო ქალაქი თავდაცვას ვერ შეძლებდა. არაფრისმომცემი სისხლისღვრისა და ნგრევის თავიდან აცილების მიზნით მან კაპიტულაცია გამოაცხადა და აბერკრომბთან მოლაპარაკებებს დასთანხმდა. ბრიტანელთა მიერ კოლონიზაციის შემდეგ პორტ-ოვ-სპეინმა ტრინიდადის დედაქალაქის სტატუსი შეინარჩუნა. კოლონიურმა მთავრობამ ქალაქის თითქმის ყველა ქუჩას სახელი შეუცვალა და ბრიტანელი სამეფო წევრებისა და სამხედრო მოღვაწეების სახელები უწოდა. კუნძულის ყოფილი გუბერნატორის ხსოვნის საპატივსაცემოდ სახელი შეინარჩუნა ჩაკონის ქუჩამ.

1803 წელს პორტ-ოვ-სპეინი სამხრეთით გაფართოვდა. ქალაქის მნიშვნელობისა და საზღვრების ზრდა XIX და XX საუკუნეებშიც აქტიურად გრძელდებოდა. 1960-იან წლებში პორტ-ოვ-სპეინის მოსახლეობა დაახლოებით 100,000 ადამიანს შეადგენდა. 1960-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ქალაქის კომერციული მნიშვნელობა და შემცირდა მის ცენტრში მცხოვრებთა რიცხვი, თუმცა ამ უკანასკნელმა იმატა ქალაქის ჩრდილოეთით, დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბნებში. 1958-1962 წლებში პორტ-ოვ-სპეინი ვესტ-ინდოეთის ფედერაციის დედაქალაქი იყო, რომელმაც ხანმოკლე დროით იარსება.

1990 წლის ივლისში მუსლიმთა ექსტემისტულმა დაჯგუფების წევრებს ხუთი დღის მანძილზე მძევლებად ჰყავდათ აყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები, რა დროის განმავლობაშიც დედაქალაქს არბევდნენ.[3] ექსტრემისტთა მიერ ძარცვამ პორტ-ოვ-სპეინის კომერციულ კვარტალს დიდი ზარალი მიაყენა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინი კუნძულ ტრინიდადის ჩრდილოეთ ნაწილში, პარიას ყურეს, ჩრდილოეთის მთათა მასივის და კარონის ჭაობებს შორის მდებარეობს. მისი ფართობი 10.5 კმ²-ია.

სამეფო ბოტანიკური ბაღი

ჩრდილოეთის მთათა მასივი ტრიდიდადის ჩრდილოეთით მდებარე მაღალ გორაკებს მოიცავს, რომლებიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთებში 465 სახეობის ფრინველი და 100 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს.

3278 ჰექტარზე გაშლილი კარონის ჭაობები პორტ-ოვ-სპეინის ბუნებრივი ბარიერია, რაც სამხრეთით ქალაქის გაფართოებას ზღუდავს და ეს უკანასკნელი მხოლოდ აღმოსავლეთით ფართოვდება. ქალაქის დასავლეთი სანაპირო, სადაც 160-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია.[4]

ქალაქის ნაწილი პარიას ყურის სანაპიროზეა განლაგებული, რომელიც ტრინიდადს ვენესუელასგან გამოყოფს. პორტ-ოვ-სპეინი საზღვაო მიმოსვლისთვის იდეალური ქალაქია, რამეთუ ტრინიდადის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროებს ბუნებრივ ნავსადგომებად აქცევს, სადაც თითქმის ყოველთვის ხელსაყრელი ამინდია ზღვაში გასასვლელად.[5] პორტ-ოვ-სპეინს გარს მთები არტყავს, რის გამოც ქალაქში გრილი ჰავაა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ტროპიკული სავანის ჰავაა და მთელი წლის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ხოლო ეკვატორთან ახლოს მდებარეობის გამო სეზონები თითქმის არ იცვლება. წლის მანძილზე ტემპერატურა 17-დან 34 °C-მდე მერყეობს. მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე, ხოლო ნესტიანი მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება. ზამთრის პერიოდში ღამე ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.

დედოფლის სავანის პარკი

პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინის უდიდესი ღია სივრცეა დედოფლის სავანის პარკი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „სავანა“. პარკის ფართობი 110 ჰექტარი, ხოლო პერიმეტრი 3.5 კილომეტრია. მისი ტერიტორია ქალაქის საბჭომ 1817 წელს პესორიელი ოჯახისგან შეიძინა. თავდაპირველად ეს ტერიტორია საძოვრებად გამოიყენებოდა, ხოლო პარკი XIX საუკუნის შუა წლებში დაარსდა. 1990 წლებამდე სავანაში ხშირად ტარდებოდა საცხენოსნო დოღები. მის ტერიტორიაზე რამდენიმე კრიკეტის, ფეხბურთისა და რაგბის სათამაშო მოედანია. პარკის სამხრეთ ნაწილში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია ტრინიდადის ყოველწლიური კარნავალი. სავანის დასავლეთი კიდე ცნობილია გვიანი პერიოდის ვიქტორიანული და ედვარდიანული სტილის შენობებით. მისგან ჩრდილოეთით სამეფო ბოტანიკური ბაღები, იმპერატორის ზოოპარკი, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიცენციები მდებარეობს.

პორტ-ოვ-სპეინის ცენტრი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინი ტრინიდადის საქმიანი და სავაჭრო ცენტრია. დედაქალაქში ქვეყნის სამთავრობო ოფისების უმრავლესობა მდებარეობს. არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო სერვისი მხოლოდ სამინისტროებშია ხელმისაწვდომი, რომლებიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული. პორტ-ოვ-სპეინის ტრინიდადის რესპუბლიკური და სამეფო ბანკების, კარიბის ზღვის რეგიონის ორი უმსხვილესი ბანკის სათავო ოფისები მდებარეობს, რაც დედაქალაქს ცენტრალური ამერიკის ფინანსურ ცენტრად აქცევს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფლის სამეფო კოლეჯი

სკოლებში სწავლა უფასოა. 1999-2000 სასწავლო წელს პორტ-ოვ-სპეინის ადმინისტრაციულ ფარგლებში 40 საჯარო სკოლა იყო, აქედან დაწყებით სკოლაში 17,957,[6] ხოლო საშუალო სკოლაში 15,641 მოსწავლე სწავლობდა.[7] ტრინიდადში საშუალო განათლება სავალდებულოა.

პორტ-ოვ-სპეინში ვესტ ინდოეთის უნივერსიტეტის ადგილობრივი კამპუსი მდებარეობს, სადაც 2007-2008 სასწავლო წელს 15,671 სტუდენტი ჩაირიცხა.[8] დედაქალაქში 2004 წელს დაარსებული ტრინიდადის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსი და კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს, მათ შორისაა საზღვაო კვლევების ჩაგუარამასის ცენტრი.

დემოგრაფია და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით პორტ-ოვ-სპეინის მოსახლეობა 18,008 კაცს და 19,066 ქალს შეადგენს. ქალაქში 5,694 კერძო ბიზნესი და 12,333 შინამეურნეობა ირიცხება. 2000-2011 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობის ყოველწლიური ზრდის კოეფიციენტი 2.3%-ს შეადგენს.

პორტ-ოვ-სპეინის ეთნიკური მრავალფეროვანი მოსახლეობა ორსაუკუნოვანი ემიგრაციების შედეგია, რაც ქალაქის არქიტექტურაზეც აისახა. პორტ-ოვ-სპეინში შეხვდებით ფრანგული კოლონიური სტილის სახლებს, თანამედროვე ცათამბჯენებს, გოთიკური სტილის კათედრალებს და ინდურ ტაძრებს, რაც ქალაქის კულტურულ მრავალფეროვნებას მოწმობს. გამოჩენილი პორტ-ოვ-სპეინელები არიან ნობელიანტი დერეკ უოლკოტი და კრიკეტის მოთამაშე ბრაიან ლარა.

კრიმინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინი ტრინიდადში კრიმინალის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა. ქალაქში მკვლელობების რაოდენობა 1980-იანი წლებიდან 1998 წლამდე 50-დან 97-მდე გაიზრდა, ხოლო 2006 წელს ამ რიცხვმა 360-ს მიაღწია, რაც 100 000 ადამიანზე 30 მოკლულს უდრიდა. 2008 წლისთვის მკვლელობების რაოდენობა 500-მდე გაიზარდა, ხოლო 2010-2011 წლებში ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.[9] 2012 წელს ქვეყანაში მოკლულთა რიცხვი 100 000 ადამიანზე 354-ს უდრიდა, თუმცა ამის შედეგი მთავრობის მიერ გამოცხადებული სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა იყო. 2013 წელს ეს რიცხვი 407-ს, ხოლო 2014 წლის ივლისისთვის 207-ს უდრიდა.[10]

მკვლელობათა უმრავლესობა ნარკონიტებს და კრიმნალურ დაჯგუფებებს უკავშირდება. უსაფრთხოების სამსახური დანაშაულთა რიცხვის შემცირებას პოლიციის ოფიცერთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებით, თანამედროვე სათვალთვალო კამერების დაყენებით და უცხოელი ექსპერტების დაქირავების საშუალებით ცდილობს.[11]

გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცების შემთხვევები 2006 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა,[12][13] თუმცა ქურდობა და ძალადობრივი დანაშაული დღემდე ხშირია. კრიმინალი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.[14][15]

კულტურა და გართობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის კარნავალი

პორტ-ოვ-სპეინში რამდენიმე დიდი სტადიონია. 2007 წელს ქალაქში კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო 2009 წელს პანამერიკულ თამაშებს უმასპინძლა. ასევე ქალაქში ჩატარდა ფიფა-ს 2001 წლის 17 წლამდე და 2010 წლის 17 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა 1892 წელს დაარსდა და ტრინიდადის მთავარი მუზეუმია. მუზეუმში განთავსებულია არქეოლოგიური არტეფაქტები და გამოფენილია გამოსახულებები, რომლებიც ასახავს ქვეყნის ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ასევე ეროვნულ ფესტივლებსა და კარნავალებს. წლის განმავლობაში მუზეუმში ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების გამოფენები ტარდება.

ღამის ცხოვრება და რესტორნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინი აქტიური ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. ქალაქი გართობის მოყვარულებს ღამის კლუბების ფართო არჩევანს სთავაზობს. პორტ-ოვ-სპეინს არაერთი არაერთი მსოფლიო დონის შემსრულებელი ეწვია, მათ შორის არიან ბიონსე, კრის ბრაუნი, რიანა, შონ პოლი, Maroon 5. ტრინიდადში დაიბადა ცნობილი მომღერალი ნიკი მინაჟი.

ქალაქში უამრავი რესტორანი, ლაუნჯი და სპორტული ბარია. პორტ-ოვ-სპეინის რესტორნები ვიზიტორებს ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნების სამზარეულოების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა იტალიური, მექსიკური, ფრანგული, იაპონური, ჩინური, ამერიკული და ინდური სამზარეულოები.

აღმოსავლეთის მთავარი მაგისტრალი

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინში კარიბის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და გადატვირთული საგზაო სისტემაა. განსაკუთრებით გადატვირთული მოძრაობით დილის და საღამოს საათები გამოირჩევა. მაგისტრალები სათვალთვალო კამერებით, საგზაო ნიშნებით და სხვა უსაფრთხოების მექანიზმებითაა აღჭურვილი.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ოვ-სპეინი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA World Factbook Trinidad and Tobago. cia.gov
  2. The website for the secretariat for the fifth summit of the Americas. ციტირების თარიღი: 21 March 2009
  3. US State Department Background Notes – Trinidad and Tobago(11/07). State.gov (12 July 2012). Retrieved 24 August 2012.
  4. Wetlands: Towards their sustainable development. The Trinidad Guardian, (31 January 2000) p. 18.
  5. Port Authority of Port of Port of Spain website. Patnt.com. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  6. Central Statistical Office of Trinidad and Tobago (2000) Tables 2–3 on Enrollment in Primary Schools
  7. Central Statistical Office of Trinidad and Tobago (2000) Table 16 on Enrollment in Secondary Schools
  8. Student Statistics. St. Augustine campus, University of the West Indies
  9. Trinidad and Tobago Police Service website. ttpos.gov.tt. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  10. Trinidad and Tobago Police Service website. ttcrime.com. ციტირების თარიღი: 7 July 2014.
  11. Trinidad and Tobago Crime. ttps.gov.tt. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  12. Kidnappings for ransom down. ctntworld.com (13 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 May 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  13. Police Tackle Kidnappings. NPR (17 August 2007). ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  14. We must get serious about combatting crime. Trinidad Express (24 June 2011). ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  15. A Caribbean crime wave“, The Economist, 20 March 2008. ციტირების თარიღი: 26 June 2010. 
  16. Listing of Twinning Cities. City of Port of Spain. ციტირების თარიღი: 2020-06-14.