შინაარსზე გადასვლა

ოჟიოს კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჟიოს კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში.

კოშკი დგას ალაზნის ვაკეზე, ახმეტიდან 17 კილომეტრზე, სოფელში, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატს მიახლოვებული სწორკუთხედია (4,5 X 4 მ), ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი. თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვით. კედლები შიგნით შელესილია. გარედან შელესილობის მხოლოდ კვალიღაა შემორჩენილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. შესასვლელის წირთხლები და თაღი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი. შიგნით, შესასვლელის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია, ხოლო მათ ზემოთ - თითო სწორკუთხა სარკმელი. მსგავსი ნიშები და სარკმლები დანარჩენ კედლებშიცაა. მათ გარდა სართულზე რამდენიმე სათოფურიცაა.

სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, კედლის სისქეში, მოწყობილია II სართულზე ასასვლელი კიბე. სართული გადახურულია ცილინდრული ფორმის სხმული კამარით.

კოშკი დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 300 მეტრზე, ანდრონიკაშვილების ნასახლარად წოდებულ ადგილზე. თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით. კოშკი გეგმით მრგვალია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ სამშენებლო ფენას. ორივე ფენა რიყის ქვითაა ნაგები, მაგრამ შენების ხასიათით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. კოშკის პირველი სართული რიყის წვრილი ქვითაა ნაშენი და გარედან მობათქაშებულია. ზედა სართულებიც რიყის ქვისაა - ბათქაშის გარეშე. ძეგლი დაზიანებულია: შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის კედლის მცირე ნაწილი.

კოშკის პირველი სართული გუმბათოვანი კამარით გადახურული რვაწახნაგა ოთახია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღოვანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის წირთხლები და თაღი აგურისაა. კარის პირდაპირ, მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეში ჩასმული თაღოვანი ბუხარია. დანარჩენი ექვსი წახნაგიდან. ხუთში თითო ღრმა და მაღალი შეისრულთაღოვანი ნიშია. მათ შორის სამში, სხვადასხვა მხარეს მიმართული ორ-ორი სათოფურია, დანარჩენ ორში, მოგვიანებით (როგორც ჩანს XX საუკუნეში) მოწყობილი თითო თაღოვანი კარი ამჟამად ამოშენებულია. სამხრეთით (კამარაში) ერთი სარკმელია, რომელიც გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. პირველი სართული მეორეს უკავშირდება კედლის სისქეში მოწყობილი კიბით. კიბის უჯრედი ფართო და მაღალია, მასში ორი სათოფურია. უჯრედში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ წახნაგშია. კარს აგურით ნაწყობი შეისრული თაღი ხურავს.

მეორე სართული კვადრატული (6,2 X 6,2 მ) ოთახია, რომელსაც დასავლეთით აივანზე გასასვლელი თაღოვანი კარი აქეს (შემორჩენილია აივნის საყრდენი ძელების ბუდეები). კარის გვერდებზე ორ-ორი სათოფურით აღჭურვილი თითო თაღოვანი ნიშია. მსგავსი ორი ნიში სამხრეთ კედელშია, ხოლო ერთი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში I სართულზე ჩასასვლელი კიბის შესასვლელია,. რომელსაც გადახურვა და წირთხლების უმეტესი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში, შეღრმავებულ სწორკუთხა არეში ჩასმული თაღოვანი ბუხარია, ბუხრის ორივე მხარეს ფიცრებით ბრტყლად გადახურული თითო ღრმა ნიშია, რომლებშიც მოწყობილია თითო თაღოვანი სარკმელი და თითო ცალმაგი სათოფური. თითო ცალმაგი სათოფურია სართულის ოთხივე კუთხეში. სართულის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში მესამე სართულზე ასასვლელი კიბის შესასვლელია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). სართულს ხის კოჭებზე გამართული ბრტყელი გადახურვა ჰქონია.

გარედან II სართულის აივნის კარი აგურით გამოყვანილ, სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, რომელსაც ზემოდან ხერხულა ფრიზი აგვირგვინებს. კარის თავზე, შემორჩენილია შეღრმავებული ჯვრის საფეხუროვანი პოსტამენტი და ქვედა მკლავის ნაწილი.