ჯვარბოსელის კოშკები
ჯვარბოსელის კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჯვარბოსელის სამხრეთით. ერთმანეთისგან ორმოციოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს.
აღმოსავლეთით მდგარი კოშკი ოთხსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. შესასვლელი დასავლეთიდან, პირველ სართულზეა. კარი სამკუთხა თაღითაა გადახურული.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურებია მოწყობილი. მეორე სართულის დასავლეთ კედლებში სათოფურებია მოწყობილი. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გარეთკენ დავიწროებული ორი თაღოვანი სარკმელია. მსგავსი სარკმელია ჩრდილოეთ კედელშიც, რომლის გვერდით ერთი სათოფურია. ერთი სათოფურია აღმოსავლეთ კედელში. მესამე სართულზე რამდენიმე სათოფურია. მეოთხე სართულს ყოველ მხარეს თითო სალოდე პქონია, რომლებისგანაც მხოლოდ კვალი შემორჩა. დასავლეთით მდგარი კოშკი ექვსსართულიანია. გეგმით კვადრატული (7 X 7 მ). ნაგებია ფიქლით - მშრალად. ძეგლი დაზიანებულია. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. მონგრეულია ზედა სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ფართო თაღოვანი კარია. კარის ორივე მხარეს - ვიწრო სწორკუთხა სარკმლები. დასავლეთ კედელში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული ორი სარკმელია. ერთი თაღოვანი სარკმელია სამხრეთ კედლის შუაში, რომლის გვერდებზე თაღოვანი სათოფურებია მოწყობილი. ჩრდილოეთ კედელში ორი თაღოვანი ნიშია. მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულების ოთხივე კედელი სათოფურებითაა აღჭურვილი. მეექვსე სართულს სათოფურების გარდა სალოდეებიც ჰქონია, რომლებისგანაც მხოლოდ კვალი შემორჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 174.