ზემო ხალაწნის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხალაწნის კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხალაწანში. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს.

პირველი კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი დგას სოფლის ჩრდილოეთით 500 მეტრზე. მთის ტყიან ფერდობზე. კოშკი ზურგიანია (5,7 X 4 მეტრი, სიმაღლე 12 მეტრი), შემორჩენილია ოთხი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია მეოთხე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი და სართულშუა გადახურვები. შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთით. კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნით ხის ძელების თარაზული გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია ძელების ბუდეები). ამ სართულის ზურგის ნაწილში და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. II სართულის სამხრეთ კედელში ბრტყლად დაწყობილი ქვის ფილებით გადახურული, ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, გრძივ კედლებში - თითო სწორკუთხა ნიში. III სართულზე სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია, დასავლეთ კედელში - ნიში. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შემორჩენილია ბუდეები.

მეორე კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი დგას სოფლის ჩრდილოეთით 600 მეტრზე, ფერდობზე. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (5,3 X 4,8 მ) ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები - ოთხი სართულის სიმაღლეზე; აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები მთლიანად დანგრეულია.

პირველ სართულს ყრუ კედლები ჰქონია. II სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით - სწორკუთხა. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია III სართულზე ასასვლელი ხის კიბის საყრდენი ხის ძელების ბუდეები. მესამე სართულზე, ჩრდილოეთ კედელში ერთი, ხოლო დასავლეთისაში ორი სწორკუთხა ნიშია. IV სართულის კედლები ყრუა. კოშკს ხის კოჭოვანი სართულშუა გადახურვა ჰქონია.

დასავლეთიდან კოშკს ეკვროდა მარანი, შემორჩენილია მხოლოდ ქვის მოზრდილი საწნახელი.

მესამე კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. იგი გეგმით სწორკუთხაა (6,2 X 6,2 მ), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი სწორკუთხა მინაშენები ეკვრის. კოშკის თავდაპირველი ნაწილი, რომელიც მხოლოდ I სართულს მოიცავს, რიყისა და ნატეხი ქვითაა ნაგები. კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებულია. II სართულის კედლები და მინაშენები რიყისა და ნატეხი ქვისაა, მაგრამ წყობა ტლანქია - ბათქაშის გარეშე. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია I სართული და II სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილი.

კოშკში შესასვლელი I სართულზეა, ჩრდილოეთიდან. შესასვლელის ორივე მხარეს, კარის თაღის დონეზე, თითო განიერი კონსოლია, შიგნით ყოველ კედელში - ორ-ორი მაღალი სათოფურია. სართული ნახევარწრიული კამარით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

II სართულის დასავლეთ კედელში ორი შეწყვილებული სათოფურია. აღმოსავლეთ კედლის შემორჩენილი ნაწილი ყრუა.

მეოთხე კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ კმ-ზე, ტყით დაფარული მთის ფერდობზე. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის კედლები, მაგრამ მათაც წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. კოშკის გეგმა კვადრატშია (3,4 X 3,4 მ) ჩაწერილი. გარედან აღმოსავლეთ ნაწილის ორივე კუთხე, ხოლო შიგნით ოთხივე კუთხე მომრგვალებულა. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი. დანარჩენი კედლები ყრუა. კოშკის ირგვლივ გალავნის კვალი შეიმჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]