მეზვრიშვილების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეზვრიშვილების კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით.

კოშკი გარედან ოვალურია (11 X 9,5 მ), შიგნიდან - სწორკუთხა. ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვის თარაზული რიგებით - კირის დუღაბზე. შესასვლელების წირთხლებში კვადრატული აგურია გამოყენებული. კედლებს შიგნიდან ეტყობათ შელესილობის კვალი. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია I სართული და II სართულის დასავლეთ ნახევრის ნაწილი. კოშკი საცხოვრებელიც იყო და საბრძოლოც. I სართული აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული ოთახია. შესასვლელები ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. სართულის კედლებში სათოფურებით აღჭურვილი რვა მაღალი და განიერი სწორკუთხა ნიშია. ამ ნიშების გარდა აღმოსავლეთ კედელში გეგმით ოვალური ორი თაღოვანი ნიშია, დასავლეთ კედელში - ერთი. კოშკის II სართულის შემორჩენილ ნაწილში ერთი თაღოვანი კარი და ორიარუსიანი სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]