ვერხოვანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვერხოვანის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ვერხოვანის განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ნაგებობა ექვსართულიანია (სიმაღლე 17 მ), გეგმით კვადრატული (ზომები II სართულის დონეზე - 4,5 X 4,5 მ), ნაგებია ფიქლით. დაზიანებულია. კოშკის პირველი სართული ყრუა, შესასვლელი II სართულზეა, სამხრეთ-დასავლეთით, მიწის დონიდან 3,5 მეტრის სიმაღლეზე. ამ სართულზე სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია. III და IV სართულებზე კარი სამხრეთ-დასავლეთითაა. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისაში - ორი. მეხუთე სართულზე, ჩრდილო-დასავლეთ კედელში, ერთი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისაში - ორი. VI სართულზე ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში სალოდეა. სართულშუა გადახურვა ბრტყელი, კოჭოვანი ყოფილა. V სართულის გადახურვის კოჭები კედელშია ჩატანებული, ხოლო სხვა სართულებზე - კუთხეებში ირიბად გადებულ ქვებზე იყო დალაგებული. ყველა სართულზე, ჭერში დატანებული იყო ხვრელი მისადგმელი კიბისთვის.

კოშკი გადახურული ყოფილა ფიქლის ცალფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]