აბალოიძეების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბალოიძეების კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჭეშოს დასავლეთით 500 მეტრში, კლდოვან შემაღლებაზე. განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს. ეკუთვნოდა აბალოიძეებს.

კოშკი (6,2 X 5,5 მ) ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული; ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა.

I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილში, შუაში, ოდნავ შვერილი პილასტრია, მის აღმოსავლეთით – ღრმა, სწორკუთხა ნიში. ამ კედლის ქვედა ნაწილს კლდის ქანი ქმნის. II სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი კარია გაჭრილი. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდესთან და სამხრეთ კედლის შუაში – თაღოვანი სარკმლები. სამხრეთ კედელში, სარკმლის დასავლეთით, პარალელურწირთხლებიანი ვიწრო სათოფურია. III სართულზე ჩრდილოეთ კედლის შუაში თაღოვანი კარია, მის დასავლეთით – სწორკუთხა სარკმელი, სარკმელსა და კარს შორის – ვიწრო პარალელურწირთხლებიანი სათოფური. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. IV სართულზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში, ორ-ორი თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ღერძებზე – თითო. V სართულის კედლების უმნიშვნელო ნაწილია შემორჩენილი. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]