ჰეღოს კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰეღოს კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჰეღოს განაპირას, აღმოსავლეთით. ერთმანეთისგან ორმოციოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს.

სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისგან 8 მეტრის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით. ძეგლები დაზიანებულია: ჩამონგრეულია ორივე კოშკის სახურავები, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები.

სამხრეთის კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთის კოშკი ექვსსართულიანია, გეგმით არაწესიერ ტრაპეციას უახლოვდება (7,2 X 7 მ). პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს ორივე მხრიდან შეისრული გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მარტივი პილასტრები მეორე სართულის ჭერამდე ადის. მეორე სართულის შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში. კარი შეისრულთაღიანია. მის მარჯვნივ პარალელურწირთხლებიანი ირიბად გაჭრილი პატარა ღიობი და სარკმელია. სამხრეთ კედელში გაჭრილ ორივე სარკმელს საფეხურებიანი რაფები აქვს. დასავლეთ კედელში ორი ნიშია - ერთი პატარა და სწორკუთხა, მეორე - გეგმით ნახევარწრიული, საკმაოდ ღრმა და სათოფურიანი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარს შეისრული თაღი აქვს. კარის მარცხნივ, კედლის ჩრდილოეთ კიდეში, პატარა სარკმელია, სამხრეთ კიდესთან - სწორკუთხა ნიში. ორი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი - დასავლეთისაში. დასავლეთ კედელში ერთი პატარა სწორკუთხა ნიშიცაა, ჩრდილოეთ კედელში - ორი. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, გარდა ამ ნიშებისა, თითო მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის მოზრდილი ნიში სათოფურითაა აღჭურვილი. მეოთხე სართულის დასავლეთ კედელში ფართო ღიობია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა ნიში. ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი.

ორ-ორი მსგავსი სათოფური მეხუთე სართულის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ერთი - დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში. მეექვსე სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ფართო ღიობია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სალოდეცაა.

ჩრდილოეთის კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კოშკი გეგმით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედია (7,6 X 5,5 მ). შემორჩენილია ხუთი სართული. პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი შეისრულთაღიანია. სამხრეთ კედლის შუა ნაწილში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის აღმოსავლეთით პატარა, სწორკუთხა ნიშია. ერთი უფრო მოზრდილი ნიში დასავლეთ კედელშია. კოშკის მეორე სართულზეც შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. შეისრულთაღოვანი კარის ჩრდილოეთითაც პატარა ნიშია. ორი მსგავსი ნიში დასავლეთ კედელშია, ერთი - ჩრდილოეთისაში. სამხრეთ კედელში ორი ფართო სარკმელია, რომლებსაც საფეხურებიანი რაფები აქვთ. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად დავიწროებული თითო სათოფურია. III სართულის აღმოსავლეთ კედელში ფართო შესასვლელი, სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. მსგავსი ნიში დასავლეთ კედელშიცაა. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ კედელში - ერთი თაღოვანი სარკმელი. IV სართულზე კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. ორი სარკმელი დასავლეთ კედელშია, თითო-თითო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთისაში. V სართული სანახევროდ დანგრეულია. მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი პარალელურწირთხლებიანი ფართო ღიობია. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი.

ორივე კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამაგრებული. კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის დასავლეთ კედელი, რომელშიც კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ეს კედელი კოშკების დასავლეთ კედლებთან ერთად ერთ სიბრტყეს ქმნის. კედლის პირდაპირ მშრალი წყობით ნაგები ფიქლის ტერასაც რელიეფს მიჰყვება.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკებს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]