ბასოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბასოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ბასოს განაპირას, სამხრეთით. ახმეტიდან დაახლოებით 120-130 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

კოშკი ექვსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (5,6 X 5,15 მ, შემორჩენილი სიმაღლე 11,5 მ), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ყველა სართული პირველისა და ბოლოს გარდა, ნაკელნარევი თიხითაა შელესილი. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა.

პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. მეორე სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – სათოფური. მესამე სართულის სამხრეთ კედელში მიწიდან 3,5 მეტრის სიმაღლეზე კარია. ამავე სართულზე, დასავლეთ კედელში, სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – სათოფური, ჩრდილოეთისაში – დიდი ნიში. მეოთხე სართულზე კარი აღმოსავლეთიდანაა, მიწიდან 3,6 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში – ერთი სათოფური. მეხუთე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში – ერთი, დასავლეთისაში – სარკმელი და სათოფური. მეექვსე სართულზე (ოთხივე კედელზე) სალოდეებია. სართულები ერთმანეთთან ხის მისადგმელი კიბეებით ყოფილა დაკავშირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]