ქაჩალაურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოშკი
ეკლესია

ქაჩალაურის ციხე — ციხესიმაგრე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალის ჩრდილო-დასავლეთით 400 მეტრზე, ტყიან ბორცვზე. კომპლექსი შედის ეკლესია, ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა და კოშკებიანი გალავანი.

ეკლესია ორნავიანია (9×5,2 მ) ჩრდილოეთის მინაშენით. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით დუღაბზე. ეკლესია აზიდული პროპორციებისაა. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. მთავარი სამხრეთისაა. ნავები ერთმანეთისგან სწორკუთხა ბურჯზე გადასული ნალისებრი ორი თაღითაა გახსნილი. თაღები სამხრეთის მხრიდან ორსაფეხურიანია. სამხრეთის ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდება, რომლის ღერძზე ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. აბსიდა წესიერი კონქით სრულდება, რომელიც ნახევარწრიულ თაღს ეყრდნობა. თაღი თავის მხრივ იმპოსტებზეა დაბჯენილი. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ ქვის ტრაპეზია ამოშენებული. საკურთხევლის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტია შემორჩენილი. სამხრეთის კედელზე ნალისებური ორსაფეხურიანი ორმაგი დეკორატიული თაღია, რომლებიც კაპიტელებზეა გადასული. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში ფართო და მაღალი სარკმელია, რომელიც ნაწილობრივ აბსიდში იჭრება. ნავი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც დარბაზის შუაში და დასავლეთი კედლის კიდეებში გადასულ შეკიდულ თაღებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის ნავი მთავარზე ორჯერ უფრო ვიწროა. აღმოსავლეთ კიდეში პატარა ნიშია, ჩრდილოეთის კედელში კი ორი ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელი, რომელთაგან დასავლეთის მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში გადის. შესასვლელისთვის ინტერიერის მხრიდან მოგვიანებით თავმომრგვალებული სქელი კედელი მიუშენებიათ, რომელშიც მაღალი თაღოვანი გასასვლელია გაკეთებული.

მინაშენი გვიანი პერიოდისაა. მიშენებულია ჩრდილოეთიდან. ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადები მოპირკეთებულია შირიმით. სწორკუთხაა (4,8×4,3 მ). შესასვლელი დასავლეთ კედელშია. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ კედელს საფეხური გასდევს. მინაშენი ცილინდრული ფორმის კამარითაა გადახურული. სათავსი შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა შემორჩენილია ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედელზე. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია ადამიანთა ფეხები და ძვირფასი სამოსის ნაწილი, ასევე ცხენოსანის მეომრის გამოსახულების ფრაგმენტები. ჩრდილოეთის კედელის აღმოსავლეთ ნაწილში ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და წმ. დედა. მათ ქვემოთ ცხენოსანი წმ. მეომრის ფიგურის ნაშთები გაირჩევა. კედლის დასავლეთ ნაწილში: ზედა რეგისტრი - ნათლისღების სცენაა შემორჩენილი, ქვედა რეგისტრი - წმინდანი მამაკაცის სახის ფრაგმენტებია. სარკმის წირთხლები ორნამენტული დეკორითაა მოხატული, ხოლო სარკმლის თავი - გეომეტრიულით. ციხის დასავლეთით, რამდენიმე მეტრში, გორის ფერდზე ნაგებობის ნაშთია, რომელსაც ორი სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო მის ძირში ქვევრია. ქვევრში მოგვიანებით ჩადგმული კიდევ უფრო პატარა ქვევრია.

გალავნის კედლების სიმაღლე სხვადასხვაა რელიეფის შესაბამისად და ასევე სხვადასხვა დონეზეა შემორჩენილი. ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელი, რომლის სიმაღლე 7 მეტრს აღწევს. მოგვიანებით ჩრდილოეთის კედელი გაუსქელებიათ. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია 6×6 მ² კოშკი, რომელიც ნაწილობრივ გალავნის გარეთაა გაზიდული. კოშკის აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. შემორჩენილია კოშკის ორი სართული. შესასვლელი სამხრეთ კედელში ქონია. სართულშორისი გადახურვა ხის ძეგლების ყოფილა. პირველი სართულის დონეზე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლებში სწორკუთხა ნიშაა. პირველი სართულს შემორჩა შებათქაშება. ასეთივე კოშკი მდგარა სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ნახევარწრიული კონტრფორსით იყო გამაგრებული. ესეც ორი სართულის დონეზეა შემორჩენილი. სართულშორისი გადახურვა აქაც ხის ძელებით იყო მოწყობილი. ამ ნაგებობიდან მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია მოღწეული. ციხის ეზო კედლით ორნაწილად ყოფილა გაყოფილი: დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ ნაწილშია მოქცეული საერო ნაგებობები, და ღია მარანი, რომელიც ამჟამად 12 ქვევრითაა შემორჩენილი. აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესია დგას. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე ციხის კედლებია შემოშენებული, ხოლო ეკლესიის მინაშენსა და ციხეს შორის დარჩენილი სივრცე კოშკად გადაკეთებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 13944