ერისთავების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერისთავების ციხე — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის ცენტრში. საჯარო სკოლასთან. განეკუთვნება XVIII საუკუნის II ნახევარს. ციხე გეგმით სამკუთხაა, რომლის ყოველ კუთხეში დგას გალავნის გარეთ გასული თითო ცილინდრული კოშკი. კოშკები ნაგებია რიყის ქვით. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ციხე დაზიანებულია და ძლიერაა სახეშეცვლილი: მონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, გალავნის კვალი მხოლოდ კოშკებზეღაა შემორჩენილი.

აღმოსავლეთის კოშკისგან (გარე დიამეტრი ფუძესთან 7,7 მ, სიმაღლე 7 მ) შემორჩენილია ორსართულნახევარი. პირველ და მეორე სართულებს შესასვლელები ეზოს მხარეს ჰქონია - ერთი-მეორის თავზე. პირველი სართულის კარის გვერდებზე თითო თაღოვანი, სათოფურით აღჭურვილი ნიშია, მათ პირდაპირ - ასეთივე თაღოვანი, უსათოფურო თითო ნიში, რომელთა შორის გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. სართულზე, ერთმანეთის პირდაპირ, ორი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლების ხვრელობი შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. პირველ სართულს ბრტყელი გადახურვა ჰქონია.

კოშკის მეორე სართულზე, სათოფურებით აღჭურვილი ექვსი სწორკუთხა ნიში, ორი ცალმაგი სათოფური და გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო გარეთკენ შემაღლებული სწორკუთხა სარკმელია, რომელთა გადახურვა სართულის ჭერის დონეზეა. მესამე სართულის კედლები მხოლოდ 1,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შეიმჩნევა რამდენიმე ნიშისა და სათოფურის კვალი.

სამხრეთის კოშკი გეგმით წრიულია, ზემოთკენ ოდნავ დავიწროვებული (გარე დიამეტრი ფუძესთან 7,5 მეტრი, სიმაღლე 8 მეტრი). შემორჩენილია ორი სართული. პირველ სართულზე თაღოვანი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ეზოს მხრიდან. სართული გადახურულია კონუსისებური გუმბათოვანი კამარით. კამარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში თითო სწორკუთხა სარკმელია. სარკმლების ხვრელობები გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. კედელში ოთხი საშუალო ზომის შეისრულთაღოვანი ნიშია, კარის გვერდით მდებარე ნიშებში თითო ცალმაგი სათოფურია.

ჩრდილოეთის კოშკისაგან ერთი სართულია შემორჩენილი (გარე დიამეტრი ფუძესთან 5 მ). თაღოვანი შესასვლელი ეზოდანაა. კარის პირდაპირ გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. კონუსისებურ კამარაში ორი სწორკუთხა სარკმელია, კედლებში - ოთხი ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]