დართლოს ციხე-სახლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დართლოს ციხე-სახლები — არქიტექტურული ძეგლების კომპლექსი. მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს განაპირას, აღმოსავლეთით, მდინარე დართლოსწყლის ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კომპლექსი შედგება ერთმანეთისაგან 1 მეტრით დაშორებული ორი კოშკური ციხე-სახლისაგან. ერთი ხუთსართულიანია, მეორე - ექვსსართულიანი. სახლები ნაგებია ფიქლით. ორივე ციხე-სახლის სართულშუა გადახურვები და ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია.

ხუთსართულიან სახლს (6,6 x 5 მეტრი) შესასვლელი პირველ სართულზე აქვს, ჩრდილოეთ-დასავლეთიდან. მტრისათვის ძნელმისადგომი მხრიდან. პირველი სართულის დანარჩენი სამი კედელი ყრუა. სხვა სართულებზე თითო კარია. სათოფური ყველა კედელშია. აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე სართულის დოზენე, შემორჩენილია ქვის სამი კონსოლი, რომლებზეც ხის აივანი იყო გამართული.

ექვსსართულიან სახლში (5,8 x 6,3 მეტრი) შესასვლელი პირველ, მეორე და მესამე სართულებზეა. ჩრდილოეთ-დასავლეთით, პირველი სართულის სამი კედელი ყრუა. მეორიდან მეექვსე სართულამდე, სამხრეთ-დასავლეთით, სიმეტრიულად ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. სათოფურების რაოდენობა, პირველ ციხე-სახლთან შედარებით, ნაკლებია. მეექვსე სართულის ოთხივე კედელში ყოფილა თითო სალოდე. დასავლეთ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე, სამი კონსოლია.

ორივე ნაგებობაში სართულშუა ბრტყელი გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). ყველა კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]