ანდრონიკაშვილები
ანდრონიკაშვილები | |
---|---|
ტიტული | თავადი |
ქვეშევრდომობა | საქართველო |
სამფლობელოები | საანდრონიკო |
ანდრონიკაშვილები, ენდრონიკაშვილები — თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII საუკუნის II ნახევარში.
ანდრონიკაშვილებიე მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ („საენდრონიკო“) მოიცავდა კახეთის სოფლებს — მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველსა და სხვა. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვიდრეო სახელოდ მიიღეს ქიზიყის მოურავობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურავობაც. მარტყოფის მოურავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოვლის მებატონე ანდრონიკაშვილებისგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბაშვილების, ხოლო ქიზიყელი ანდრონიკაშვილები აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან.
XVIII საუკუნის ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების (ბაიდარი, ყარაჩა და სხვა) მოურავები და ქართლ-კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის სახანოს მმართველებიც იყვნენ. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე. ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდისა თუ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ანდრონიკაშვილები (რუსულ ტრადიციაში — ანდრონიკოვები; რუს. Андрониковы) ძირითადად სამხედრო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ.
იოანე ბატონიშვილი ანდრონიკაშვილებზე წერს:
„ესენი არიან გვარით მანოელ კეისრისა ძმის წულნი, რომელნიცა გამოძევებულ იქმნენ საბერძნეთიდგან და მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, ხოლო მეფემან დიდად მიიღო ესე ანდრონიკე სახლეულობითურთ თვისით და უბოძა კახეთსა შინა მამულნი სოფლებითურთ და დაეშენნენ მუნ, რომელსაცა ადგილსა მას ეწოდების აწ საანდრონიკო და სცხოვრებენ მუნიდგან წოდებით თავადათ ანდრონიკე შვილებად, რომელნიცა არიან აწ განყოფით მოსახლენი: 1) პაპუას შვილები, 2) თამაზის შვილები, 3) სოლომონის შვილები, 4) მდივან ბეგის შვილები ანუ ქაიხოსროსნი, 5) მზეჭაბუკის შვილები, 6) ზურაბის შვილები, აწ ზაალის შვილებად წოდებულნი, 7) ერასტის შვილები, ესენი არიან მოსახლედ დავითის შვილებად: 1) დიმიტრის შვილები, 2) ივანეს შვილები, 3) პეტრეს შვილები, ამათ სახლის კაცნი და სხვანი.[1]“
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 449.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997