ჯვარბოსელის ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯვარბოსელის ციხე-სახლი — ციხე-სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასოფლარ ჯვარბოსელის ტერიტორიაზე (ომალოს თემში), ნასოფლარის განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

შენობა ხუთსართულიანია, ოთხკუთხა პრიზმის ფორმის - ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მეხუთე სართულის სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი, დაბზარულია სამხრეთ კედელი და ნგრევის პირამდეა მისული.

პირველი სართულის (8 X 7,5 მ) დასავლეთ კედელში ვიწრო და დაბალი თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი, ჩრდილოეთ კედელში - ერთი სათოფური და ორი მცირე ზომის თაღოვანი ნიში. სამხრეთ კედელში კი, სამი თაღოვანი ნიშია. მეორე სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში - სამ-სამი. მესამე სართულის დასავლეთ კედელში შეისრულთაღოვანი კარი და ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფური. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში კი, ორ-ორი სათოფური. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელი და თითო სათოფური. მეხუთე სართულზე სათოფურების გარდა სალოდეებიცაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სალოდეა, დანარჩენ ორში - ორ-ორი. სათოფურებიდან ოთხი დასავლეთ კედელშია, სამი აღმოსავლეთ კედელში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში კი, ორ-ორი.

კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]