ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩოლოყაშვილების ციხე
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი — ციხესიმაგრე კახეთში, ახმეტის დასავლეთის უბან უტოში, მდ. ორვილის მარცხენა ნაპირზე. ციხის ეზოში აგებული ჯვარპატიოსნის ეკლესიის კედელზე არსებული წარწერიდან ვიგებთ, რომ ციხესიმაგრე აუგია მეფის სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილს 1755–1756 წელს.

ციხე-დარბაზი XVIII საუკუნის შუა ხანაში ქართლ-კახეთში გავრცელებულ სიმაგრეთა ტიპს მიეკუთვნება. გეგმით მოგრძოა. კუთხეებში ცილინდრული კოშკები ყოფილა აღმართული, რომელთაგან ჩრდილო-აღმოსავლეთისა მთლიანად დანგრეულია, დასავლეთის კოშკებიდან კი მხოლოდ ქვედა ნაწილებია გადარჩენილი. ეს ნარჩენებიც ნანგრევებითაა ამოვსებული. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკიც საკმაოდაა დანგრეული, მაგრამ ტიპისა და გადაწყვეტის დადგენა მაინც ხერხდება. გარედან იგი წრიულია, შიგნით - ოთხკუთხა. ნაწილობრივ შერჩენილია სამი სართული. პირველ სართულს შესასვლელი ეზოდან აქვს. თაღი ნახევარწრიულია. მის პირდაპირ კედელში პატარა ოთხკუთხა სათავსოა მოწყობილი. უფრო პატარა სათავსოა დასავლეთის კედელშიც. აღმოსავლეთით მოზრდილი ბუხარია. ამას გარდა, პირველ სართულს აქვს ღრმა და მაღალი თაღოვანი ნიშებიც.

მეორე სართულზე ასვლა ხდებოდა ხის კიბით, შემდეგ სართულებზე კი - კედლის კიბით. სამხრეთის კედელში მთელ სიმაღლეზე ორი ღრმა ნიშია მოთავსებული. ნიშების ზედა ნაწილებში პატარა სარკმლებია, ქვემოთ კი პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურებია. ერთი ასეთი ნიში დასავლეთითაცაა. აღმოსავლეთის კედლის შუაში ბუხარია, მაგრამ იგი, ქვედა სართულის ბუხრის მსგავსად, ოთხკუთხა ჩარჩოში არ არის ჩამჯდარი. ბუხრის ორივე მხარეს ისევ ნიშებია მოთავსებული.

მესამე სართული უფრო საზეიმო იერს ატარებს. მას ფართო და მაღალი სარკმლები აქვს სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით. დასავლეთის სარკმლის თაღზე მხატვრობის ფრაგმენტია შერჩენილი, რაც გვიჩვენებს, რომ ამ სართულის კედლები მთლიანად ყოფილა მოხატული. საფიქრებელია, რომ დანარჩენი სართულებიც მოხატული ყოფილიყო. ეს გარემოება თავისთავად მეტად საინტერესოა, რადგან ფრესკული მხატვრობის კვალი ქართლ-კახეთის სხვა კოშკებში არსად არ გვხვდება. ციხის დასავლეთის მონაკვეთი მთლიანად სიმაგრის მეპატრონის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკავა. ციხის ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის შუაში ყოფილა. შიგნით, მის სამხრეთით, მარანი მდგარა, მეორე მხარეს კი - თონე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1955.
  • ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფაკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.