ქუმელაურთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუმელაურთის კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ხისოს ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ექვსსართულიანია (ზომები ფუძის დონეზე: 4,7 X 4,3 მ), ზემოთ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით - მშრალად. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეექვსე სართულის კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი პირველ სართულზეა — ჩრდილოეთიდან. კარი თაღოვანია. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში — თითო სწორკუთხა ნიში. მეორე სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი კარია. ჩრდილოეთ კედელში — პატარა თაღოვანი სარკმელი, აღმოსავლეთ კედელში - ერთი სათოფური. მესამე სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში — თაღოვანი სარკმელი. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, დასავლეთ კედელში - ორი, ჩრდილოეთ კედელში - ერთი თაღოვანი სარკმელი. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო სათოფურია. მეექვსე სართულს ყოველ მხარეს ფიქლის კონსოლებზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]