შინაარსზე გადასვლა

ჭონთიოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭონთიოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჭონთიოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული (ზომები პირველი სართულის დონეზე 5,6 X 5,3 მ.), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა (შემორჩენილია კედლებიდან გამოშვერილი ფიქლის ფილები, რომლებზეც კოჭები იყო გადებული).

კოშკში შესასვლელი I სართულზეა - სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლების კიდეებში თითო სათოფურია. II სართულის სამხრეთ კედლის შუაში ისრულთაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ორი კვადრატული სათოფური, თითო სათოფურია გაჭრილი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. III და IV სართულებსაც სამხრეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვთ. III სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე თითო სათოფურია. IV სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში კი ერთი. V სართულის ოთხივე კედელში თითო მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარზე, გარედან, ფიქლის სამ-სამ კონსოლზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. კოშკის ოთხივე ფასადზე, მაშიკულების ოდნავ ქვემოთ, ჭადრაკულად განლაგებული მცირე ზომის კვადრატული ნიშებით ორ-ორი პატარა რომბია გამოყვანილი. კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს.