კვავლოს ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვავლოს ციხე-სახლი — ციხე-სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასოფლარ კვავლოს ტერიტორიაზე (ომალოს თემში), სოფლის შუაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი ოთხსართულიანია. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია.

პირველი სართული (ფართ. 20 კვ. მ.) საქონლის სადგომია. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. კარი ორფრთიანია, ურდულიანი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია. იატაკზე ფიქალია მოგებული. ჭერში მოწყობილია II სართულზე ასასვლელი ხვრელი. მეორე სართულზე საცხოვრებელი (ფართ. 20 კვ. მ.) და ერთი დამხმარე სათავსია (ფართ. 12 კვ. მ.). საცხოვრებელში შესვლა შეიძლება დამხმარე სათავსის სამხრეთ აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით. საცხოვრებლის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში თითო ნიშია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - ორი სარკმელი. იატაკი ამ სართულზე დატკეპნილი მიწისაა. III სართულზეც ორი სხვადასხვა ფართობის სათავსია. სათავსებს გარედან ცალ-ცალკე შესასვლელები აქვთ. დიდი სათავსის (ფართ. 20 კვ. მ.) კარი სამხრეთ-დასავლეთ კედელშია გაჭრილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია. პატარა სათავსის (ფართ. 12 კვ. მ.) კარი ჩრდილო-დასავლეთითაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში – ბუხარი, ჭერში - მეოთხე სართულზე ასასვლელი ხვრელი.

IV სართულზეც ორი სათავსია, რომელთაგან მხოლოდ ერთს იყენებდნენ. ამ სათავსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში განიერი ღიობია, ჩრდილო -აღმოსავლეთით - სარკმელი და სათოფური, ჩრდილო-დასავლეთ კედელში - ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ-დასავლეთისაში - ერთი სათოფური. იატაკი დატკეპნილი მიწისაა.

შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]