შინაარსზე გადასვლა

ხახაბოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხახაბოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ხახაბოში.

ექვსსართულიანი კოშკი დგას სოფელში (6,2 X 5,8 მ; სიმაღლე 12,5 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია VI სართულის კედლების ზედა ნაწილი.

პირველ სართულს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია, კარის გვერდით (აღმოსავლეთით) მცირე ზომის კვადრატული ხვრელი. აღმოსავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია მოწყობილი. დანარჩენ კედლებში - თითო სათოფური. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია, ერთი სათოფურია სამხრეთ კედელშიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი ორ-ორი. მეოთხე სართულსაც ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი სარკმელი აქვს. სარკმლის ქვემოთ სათოფურია, დანარჩენ კედლებში ორ-ორი სათოფურია მოწყობილი. მეხუთე სართულის ოთხივე კედელი სათოფურებით არის აღჭურვილი. მეექვსე სართულს ყოველ მხარეს ფიქლის კონსოლებზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს.