კესელოს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კესელოს ციხე 2018 წელს
თუშეთი, კესელო

კესელოს ციხე მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი ნაგებია ფიქალი ქვით. კოშკები დაზიანებულია: ორი კოშკის სახურავი, სართულშუა გადახურვა და ზედა სართულის კედლების ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

ზედა კოშკი (4,8 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 9,3 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულზე - დასავლეთიდან. მეორე სართულზე კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ორი სათოფური და ერთი სარკმელი. მესამე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. კოშკის ბოლო ორი სართული სათავდაცვო იყო. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში, კედლის წყობაში, ერთ ხაზზე, მთის ბროლის ხუთი ქვაა ჩასმული. კოშკი გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

შუა კოშკი (5,1 X 5,1 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 7,75 მ), პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე - ჩრდილოეთიდან. მეორე სართულზე აღმოსავლეთ კედელში სათოფურია, სამხრეთისაში - სარკმელი. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ორი სათოფური და ერთი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი სათოფური.

ქვედა კოშკი (5,2 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 7,25 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, ამ კედელში ერთი სათოფურიცაა. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - სარკმელი და ორი სათოფური. მეორე და მესამე სართულები ნაკელნარევი თიხითაა შელესილი. მესამე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ამ სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სამხრეთ-დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური და სარკმელი. მეოთხე სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში დიდი ზომის ღიობია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში - ერთი სათოფური, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ-დასავლეთ კედელში - ორი სათოფური.

სამივე კოშკში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). სართულები ერთმანეთს ხის მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: