ნოდარ ახალკაცი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნოდარ ახალკაცი | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1938 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 იანვარი, 1998 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი[1][2][3] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1955 | ნორჩი დინამოელი | ||
1956 | ფშმ თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1957 | ოდო თბილისი | ||
1958–1959 | სკვო თბილისი | ||
1960–1966 | ლოკომოტივი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1967–1970 | ლოკომოტივი თბილისი | ||
1976–1983 | დინამო თბილისი | ||
1985–1986 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ნოდარ ახალკაცი (დ. 2 იანვარი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 1998, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის არმიის სპორტული კლუბისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. 1971–1974 წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. 1976–1983 და 1985–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1963), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1981). 1990–1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრად.[4]
ფიფას და უეფას ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.[5][6] ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტად.
მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი.[7]
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნოდარ ახალკაცი თბილისში, კერძოდ ნაძალადევში, 1938 წლის 2 იანვარს, ფარსადან ახალკაცისა და ანა კიკნაძის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში, რომელიც 1955 წელს წარმატებით დაამთავრა. სწავლა იმდროინდელ პლეხანოვის პროსპექტზე არსებულ რკინიგზელთა ინსტიტუტში განაგრძო.
სათამაშო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს თბილისის ნორჩ დინამოელთა სკოლაში მწვრთნელ გრიგოლ გაგუასთან. 1956 წელს თბილისის ფშმ-ს რიგებშია. 1957 წლიდან კი — თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში (ოდო (ოსკ) თბილისი),[8] რომელსაც ცნობილი სპეციალისტი ნესტორ ჩხატარაშვილი წვრთნიდა.[9]
1958–1959 წლებში თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი — სამხედრო ოლქის სპორტული კლუბის (სკვო თბილისი)[10] სახელით გამოდიოდა, ხოლო 1960 წლიდან — თბილისის არმიის სპორტული კლუბის სახელით განაგრძო გამოსვლები (ასკ თბილისი)[11].
1960–1966 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. სათამაშო კარიერაც ამავე კლუბში, 28 წლის ასაკში დაასრულა.
სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამწვრთნელო კარიერა 1967 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, რომელსაც 1970 წლის ნოემბრამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 166 მატჩიდან „ლოკომოტივმა“ — 65 მოიგო, 41 ფრედ დაამთავრა და 60 შეხვედრა დათმო.
1974–1975 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდის უფროსი, 1976–1983 და 1985–1986 წლებში მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 383 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ — 179 მოიგო, 102 ფრედ დაამთავრა და 102 შეხვედრა დათმო.
საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან ოთხი — მისი მთავარი მწვრთნელობის დროს. ნოდარ ახალკაცის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსვლამდე თბილისის „დინამოს“ არაერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი ედგა სათავეში. მათ შორის საკმარისი იქნებოდა თუნდაც სამი მათგანის — ანდრო ჟორდანიას, მიხეილ იაკუშინისა და გავრილ კაჩალინის დასახელება. სამწვრთნელო გამოცდილებით, მიღწეული შედეგებითა და მოპოვებული ავტორიტეტით, — სამივე მათგანი ითვლებოდა და დღესაც საყოველთაოდ ითვლება საბჭოთა ფეხბურთის ყველა დროის უდიდეს მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველი თაობის ფეხბურთელებიდან, ანუ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, — ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი კლასის შემსრულებლები.
ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ დინამოელები ყოველთვის თვითმყოფადობით გამორჩეულ, შემოქმედებით, კერძოდ კი, — სანახაობრივად მიმზიდველ, ინტელექტუალურ და არტისტულ ფეხბურთს თამაშობდნენ, — მათ სუსტ წერტილად და გადაულახავ პრობლემად წლების განმავლობაში, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე, ყოველთვის რჩებოდა — ჩავარდნების გარეშე, სტაბილური ასპარეზობის პრობლემა, რაც მათივე მოსაზრებით, უპირველესად, გუნდში არსებული სუსტი დისციპლინისა და საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომის საკითხს უკავშირდებოდა. გუნდში მოსვლისთანავე, ნოდარ ახალკაცისთვის მთავარ გამოწვევას, სწორედ ამ პრობლემების წარმატებით დაძლევა წარმოადგენდა. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სათამაშო კლასის, იმპროვიზაციის უნარისა და ტექნიკური მომზადების მხრივ დინამოელები საკავშირო პირველობის მონაწილე სხვა კლუბების მოთამაშეებს ისედაც საგრძნობლად აღემატებოდნენ, საჭირო იყო ყურადღების მობილიზება და უმთავრესი აქცენტის გაკეთება საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვასა და თითოეული ფეხბურთელის მხრიდან დაკისრებული მოვალეობისადმი პროფესიონალური მიდგომის ამაღლებაზე, — რაც ქართული ტემპერამენტიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო და საგულისხმოა, თავად ნოდარ ახალკაცის პრინციპული დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამონარიდი[12] მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
![]() |
„...ერთ ზედმიწევნით სერიოზულ საკითხზე კი უთუოდ ცალკე უნდა ითქვას. მე ვგულისხმობ კოლექტივში დისციპლინის საკითხს. წლევანდელ სეზონში ჩვენ ალბათ ზედმეტი ლმობიერება გამოვიჩინეთ ცალკეული ფეხბურთელების მიმართ, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მარტო საერთო დისციპლინაზე, არამედ გუნდის ბრძოლისუნარიანობასა და თამაშის ხარისხზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, წინა წლებში „დინამოს“ გამარჯვებათა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მტკიცე, შეგნებული დისციპლინა იყო. კარგად მესმის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძნელია, იქნებ ძალზე ძნელიც კი, გუნდის ინტერესებისათვის დაივიწყოს ეგრეთ წოდებული ამქვეყნიური სიამენი და სრულიად აიღოს მათზე ხელი. მაგრამ თუ ახალგაზრდამ ნებაყოფლობით აირჩია ერთგვარად ასკეტური საფეხბურთო ცხოვრება, თუ იგი რესპუბლიკის პირველ გუნდში თამაშობს, რაც თავისთავად დიდი ეროვნული საქმეა, თუკი მას უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა დააკისრეს, იგი ვალდებულია, იყოს ზედმიწევნით მობილიზებული, შეგნებული და, მეტსაც მოგახსენებთ, თავდადებულიც. არავის, არც ახალგაზრდას, არც გამოცდილ სპორტსმენს არ ეპატიება დისციპლინის უმნიშვნელო დარღვევაც კი, სულ ერთია, ვარჯიშზე იქნება ეს, მატჩის დროს თუ ცხოვრებაში. მსოფლიოში არ ყოფილა და არც არის გუნდი, რომელსაც მაღალი მიზნები დაესახოს და ამ მიზნებისთვის საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვის გარეშე მიეღწიოს.“
|
სამწვრთნელო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი | დაწყება | დამთავრება | მონაცემები | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ბს | მ % | |||
ლოკომოტივი | აპრილი 1967 | ნოემბერი 1970 | 166 | 65 | 41 | 60 | 174 | 152 | +22 | 39.16 |
დინამო თბილისი | მარტი 1976 | ოქტომბერი 1983 | 330 | 160 | 86 | 84 | 495 | 323 | +172 | 48.48 |
დინამო თბილისი | ივლისი 1985 | ნოემბერი 1986 | 53 | 19 | 16 | 18 | 63 | 64 | −1 | 35.85 |
ჯამში | 1967 | 1986 | 549 | 244 | 143 | 162 | 732 | 539 | +193 | 44.44 |
ხსოვნა და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში“ — ასე მოიხსენიებდნენ ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს. 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს. გავლენიანი გერმანული ჟურნალის „კიკერის“ მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, დინამოელთა ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოს და ერუდიციას. „კარგა ხანია ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას, — წერს ჰაიმანი, — ის ნამდვილი სტრატეგია, იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.“ ჰაიმანს კვერს უკრავენ მისი სხვა ცნობილი კოლეგები და ფეხბურთის ევროპელი სპეციალისტები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ახალკაცის დამსახურებას, კოლეგებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივრები და კულტურის მოღვაწეები აფასებდნენ. ბევრ მათგანთან ახალკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იხსენებს:
2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის მაესტრო“.[13]
2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.[14][15]
2018 წლის 15 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაშივე დაიდგა ნოდარ ახალკაცის ბიუსტი.[16][17]
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ნოდარ ახალკაცი 1976 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[18]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ნოდარ ახალკაცი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[19][20]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნოდარ ახალკაცს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[21]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თასის მფლობელი: 1981
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [26]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი: 1969
- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი: 1976
- საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი: 1981
- სპორტის რაინდი: 2011
- ღირსების ორდენის კავალერი: 2018
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ., ფეხბურთი – 75 : ცნობარი–კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 11. 84 გვ.
- აკოფოვი, გარუნ., ასე ნანატრი გამარჯვება : თბილისის „დინამო“ — საბჭოთა კავშირის თასის მფლობელია, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. — გვ. 46–55. 78 გვ.
- აკოფოვი, გ., ფეხბურთი – 77 : ცნობარი–კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977. — გვ. 13. 104 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 20. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 15. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 16. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 15. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 6. 117 გვ.
- ლოლაძე, დემიკო., ნოდარ ახალკაცი: ღვაწლი ღირსეული კაცისა, თბ.: ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1998.
- ლოლაძე, დემიკო., ნოდარ ახალკაცი : თითქმის ყველაფერი ფეხბურთის მაესტროზე და უფრო მეტზე, თბ.: ტექნ. უნ-ტის გამ-ბა, 1999.
- ცინცაძე, დურმიშხან., განუმეორებელი ნოდარი / რედ. ალექსანდრე ჩივაძე, თბ.: ოაზისი, 2005.
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, М.: Терра-спорт, 2001. — გვ. 40. 367 გვ., ISBN 5-93127-139-2.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი – 74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი – 83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი – 84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე : თბილისის „დინამო“ — სსრ კავშირის 1978 წლის ჩემპიონი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი : დავით ყიფიანი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საჩუქარი დედაქალაქის სპორტსმენებს // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1956, № 92 (1002), გვ. 1.
- ცინცაძე, ზ. ოსკ (თბილისი) 9–1 ქ. ტურკუ (ფინეთი) // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1957, № 133 (1147), გვ. 4.
- მკითხველი — სპეციალისტი: დიდი ფეხბურთის პრობლემები // „ლელო“, 30 დეკემბერი, 1976, № 258 (5808), გვ. 3.
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- ნოდარ ახალკაცი: „ფეხბურთი ხელოვნებაა“ // „ლელო“, 14 დეკემბერი, 1978, № 244 (6299), გვ. 3.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Footballtop.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
რადიო თავისუფლება · სარბიელი · crystalsport.ge · Lelo.ge · NewPosts · Sport-express.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ეპოქის დასასრული. წყარო: ლოლაძე, დემიკო. ნოდარ ახალკაცი: ღვაწლი ღირსეული კაცისა. — თბ.: ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1998. — გვ. 22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტატა: „გუშინ მოსკოვში, აეროპორტიდან ცსკა-ს მანეჟისკენ მიმავალ გზაზე, ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა — ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. „სარბიელი“, 26 იანვარი, 1998“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი აღარ ჰყავს. წყარო: ლოლაძე, დემიკო. ნოდარ ახალკაცი: ღვაწლი ღირსეული კაცისა. — თბ.: ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1998. — გვ. 24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტატა: „გუშინწინ მოსკოვში გარდაიცვალა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი. ლევან გოგსაძე, „ალია“, 27–28 იანვარი, 1998“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ უახალკაცოდ. წყარო: ლოლაძე, დემიკო. ნოდარ ახალკაცი: ღვაწლი ღირსეული კაცისა. — თბ.: ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1998. — გვ. 22–23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტატა: „გუშინ მოსკოვში ნოდარ ახალკაცი ფიფას გენერალურ მდივანს იოზეფ ბლატერს უნდა შეხვედროდა. სწორედ ამიტომ ნაჩქარევად გაემგზავრა კვირას თბილისიდან. „ვნუკოვოს“ აეროპორტში მანქანა ელოდა, თვითმფრინავშივე ცუდად უგრძვნია თავი. მანქანას გეზი დედაქალაქისკენ აუღია. აეროპორტის ავტოინსპექციის გამშვებ პუნქტს გასცილებია თუ არა, ერთი ღრმად ამოუსუნთქავს და... განსვენებული გუშნ, ღამის 9 საათზე მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოასვენეს. „სარბიელი“, 27 იანვარი, 1998“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.– თბ., 1997.– გვ. 284
- ↑ გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ფიფა-ს ორდენით (ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ჯილდო 2008 წლის 10 სექტემბერს, საქართველო-კვიპროსის მატჩის წინ გადასცა ნოდარ ახალკაცის ვაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტს უმცროს ნოდარ ახალკაცს)
- ↑ ФИФА посмертно наградит Нодара Ахалкаци орденом Чести. წყარო: Газета.Ru (11 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტატა: „Президент ФИФА Йозеф Блаттер принял решение удостоить посмертно высшей наградой организации — Орденом Чести — легендарного грузинского тренера, первого президента Федерации футбола страны Нодара Ахалкаци (1938-1998). Об этом сообщили в субботу представители Федерации футбола Грузии. Они отметили, что «этой награды Ахалкаци удостоен за выдающийся вклад в развитие футбола».“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ კონსტანტინე ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად.
- ↑ ოდო (რუს. ОДО (Окружной Дом офицеров))
- ↑ 1958. ODO Tbilisi - Stal Mielec Poland 3-2. წყარო: Guruli1000. ციტატა: „საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. 1958 წლის 17 სექტემბერი თბილისი. „დინამოს“ სტადიონი. 30 000 მაყურებელი. ოფიცერთა სახლის გუნდი თბილისი — „სტალი“ პოლონეთი 3–2 (3–1). გოლები: 1–0 მიქაძე (01'), 2–0 კურტანიძე (25'), 3–0 გვარამაძე (43'), 3–1 ოპიელკა (67'), 3-2 ტობოლიკი (88'). ოსგ თბილისი: ვასილი ივანოვი (ნოდარ ჭანტურია), ვლადიმერ გრიშინი (ზაურ გაიხარაშვილი), რობერტ ჭანჭალეიშვილი, გიორგი კვირკველია (ანატოლი ივანოვი), მიხეილ მიროშნიკოვი, ედუარდ თორაძე, ავთანდილ ხელაძე (ნოდარ ახალკაცი), თენგიზ მიქაძე, ვიქტორ გვარამაძე, (ალექსი ქველიძე), იური კურტანიძე, ანატოლი ნორაკიძე მთავარი მწვრთნელი: ნესტორ ჩხატარაშვილი. „სტალი“ მელეცი: რიშარდ მიშიაკი, თადეუშ გჟესკა, კაჟიმიეჟ ბიელეცკი, იან კრული, ზბიგნევ ჟუდა (ჰერბერტ იურასჩიკი), ზიგმუნდ კუკლა, ოტონ ოპიელკა, ალფრედ გაზდა, ჰენრიკ ჩილოკი, ჰელმუტ ვალესკა, ჰელმუტ ტობოლიკი, შტეფანე გაბრიშიაკი მთავარი მწვრთნელი: მიხალ მატიაში“ ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ↑ სკვო (რუს. СКВО (Спортивный клуб военного округа))
- ↑ სკა (რუს. СКА (Спортивный клуб армии))
- ↑ იმედი ხვალინდელი დღისა. წყარო: ლოლაძე, დემიკო. ნოდარ ახალკაცი: ღვაწლი ღირსეული კაცისა. — თბ.: ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1998. — გვ. 156. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტატა: „თბილისის „დინამოს“ სადღეისო პრიბლემაზე 26 ნოემბერს ისაუბრეს გუნდის უფროსმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ არჩილ გოგელიამ. „ლელო“, 11 დეკემბერი, 1982“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020
- ↑ От «Нахаловки» до Дюссельдорфа. Гиви Бакрадзе (20 დეკემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტატა: „Все эти подробности из жизни Нодара Ахалкаци я извлек не только из своей памяти заядлого футбольного болельщика, а и почерпнул из нового документального фильма «Маэстро грузинского футбола», премьера которого состоялась в тбилисском Доме кино. Создатель ленты известный режиссер Гоги Торадзе (ему же принадлежит и сценарий фильма), буквально по крупицам – в архивах грузинских и украинских телеканалов, Грузинской студии телефильмов – собрал кино- и видеоматериалы, сохранившие для нас живой облик замечательного тренера и глубокого, неординарного человека.“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. Georgia · GFF (14 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია (15 თებერვალი, 2018). ციტატა: „ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003–2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს.“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ „ესტაფეტა“ 28.12.17 ნოდარ ახალკაცი-80. Georgian Public Radio (28 დეკ. 2017). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. წყარო: სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (15 თებერვალი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტატა: „ქალაქ თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, – ამის შესახებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამოსცა.“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2021.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 // Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. // Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось // Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. // terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й ციტატა: „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское „Динамо“. Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ // terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
|
|
- თბილისში დაბადებულები
- დაბადებული 2 იანვარი
- დაბადებული 1938
- გარდაცვლილი 25 იანვარი
- გარდაცვლილი 1998
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები