ვაჟა აზარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟა აზარაშვილი
მშობლიური სახელი ვაჟა აზარაშვილი
დაბადების სახელი ვაჟა შალვას ძე აზარაშვილი
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1936
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 7 თებერვალი, 2024 (87 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება კომპოზიტორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, პედაგოგი
აქტიური 1964–2023
ცნობილი ნაშრომები „დინამო, დინამო!“, „წინ, ტორპედო!“, „გიხაროდეს, კაპიტან!“, „გურია“, „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „თბილისელი გოგონები“, „ბალადა სიყვარულზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „სიზმარივით გამიფრინდნენ წლები“.
შვილ(ებ)ი ნათია აზარაშვილი[1]
მშობლები მამა: შალვა აზარაშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პრემია, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ჟანრი
ინსტრუმენტები
ლეიბლები
  • Мелодия
ასოციაციები

ვაჟა აზარაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936, თბილისი — გ. 7 თებერვალი, 2024) — ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ. ალექსანდრე შავერზაშვილის[4] კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. იონა ტუსკიას კომპოზიციის კლასი) მიიღო.

1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამჟამად იგი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. 1998–2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.[5]

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო.

1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა, რომელმაც წარმატებით გაიუჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში. 70-იანი წლებიდან კომპოზიტორი აფართოებს შემოქმედების ჟანრულ სფეროს — ქმნის ექვს ოპერეტას, ორ ვოკალურ ციკლს — ბანისა და ფორტეპიანოსთვის, და „თეატრალურ ნიღბებს“ ტენორისა და ფორტეპიანოსთვის. 80-იანი წლების დასაწყისში ვაჟა აზარაშვილი პირველად მიმართავს საბალეტო ჟანრს.

1982 წელს შედგა ბალეტ „ხევისბერის“ პრემიერა. ნაწარმოებზე მუშაობისას ფშაური მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებზე დაყრდნობით კომპოზიტორმა თანამედროვე გამომსახველობითი ხერხებიც გამოიყენა. 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა სუიტა „ძველი თბილისის სურათები“, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „პოეტის აღსარება“, „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“,[6] რამდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.

1995 წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს, როდესაც შექმნა თავისი საუკეთესო მიუზიკლი „მეჩექმე გაბო“.

მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებებს, ხოლო თანამედროვე პოეტებიდან — მორის ფოცხიშვილის და პეტრე გრუზინსკის ლექსებს.

კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“[7] და სხვ. მის სიმღერებს 70-იანი წლებიდან საესტრადო მუსიკის მოყვარულთათვის ფართოდ ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ, მათ შორის — ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, ვახტანგ კიკაბიძე,[8][9] ეთერ კაკულია, თამარ გვერდწითელი, მერაბ სეფაშვილი, ანსამბლები — „ორერა“, „რერო“, „ივერია“, „თეატრონი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ხშირად სრულდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და რამდენიმე კომპაქტ დისკი.

ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

კომპოზიტორის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში[10].

გარდაიცვალა 2024 წლის 7 თებერვალს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას პანთეონში (თბილისი).[11]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 22 დეკემბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილეზე გაიხსნა მისი ვარსკვლავი.[12]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976 : Важа Азарашвили ‎– Песни Важа Азарашвили (Мелодия) [13]
  • 1984 : Важа Азарашвили / Рамаз Карухнишвили ‎– Грузинская Камерная Музыка (Мелодия) [14]
  • 1985 : ვაჟა აზარაშვილი – სიმღერები (მელოდია) [15]
  • 1988 : ვაჟა აზარაშვილი – მე და ჩემი სიმღერა (მელოდია) [16]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტო, ვიდეო, აუდიო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი · YouTube
თემატური საიტები
AllMusic · Discogs · Internet Movie Database · MusicBrainz

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვაჟა და ნათია აზარაშვილები. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  2. ვაჟა აზარაშვილი იუბილარია. საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-21. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2020.
  3. „სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა, ასე­თი კა­ცი ვარ... რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ“. kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  4. ალექსანდრე შავერზაშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2020.
  5. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
  6. ამ ნაწარმოებმა 2003 წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა
  7. ვაჟა აზარაშვილი საიდუმლოს გვიმხელს: როდის და რა ვითარებაში დაიწერა სიმღერა "დინამო, დინამო"?. გაზეთი „ლელო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-22. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2020.
  8. ვახტანგ კიკაბიძე - სუბსარქისის ქარო (1979) YouTube-ზე. RamShemqmnaAdamianad. გამოქვეყნების თარიღი: 1 იან. 2016.
  9. გულს სანამდე ემღერება – ვახტანგ კიკაბიძე // 8. ქარი (ვაჟა აზარაშვილი — დ. გვიშიანი) / 8. Ветер (В. Азарашвили — Д. Гвишиани) — 3.21. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  10. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-05-20.
  11. „ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა“. imedinews.ge. 7 თებერვალი, 2024. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „ვაჟა აზარაშვილის ვარსკვლავის გახსნა“. Tabula. 21 დეკემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. Важа Азарашвили ‎– Песни Важа Азарашвили. Discogs. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  14. Важа Азарашвили / Рамаз Карухнишвили ‎– Грузинская Камерная Музыка. Discogs. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  15. ვაჟა აზარაშვილი – სიმღერები. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.
  16. ვაჟა აზარაშვილი – მე და ჩემი სიმღერა. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.