ნიკიფორე გრიგორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკიფორე გრიგორა (გვიანდელი პორტრეტი)

ნიკიფორე გრიგორა (გრიგორასი, ბერძ. Νικηφόρος Γρηγοράς; დ. 1290/1291 – გ. 1360) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და მეცნიერი. შეადგინა კალენდრის რეფორმის პროექტი. იყო პლატონის თაყვანისმცემელი და წერის მანერითაც მას ბაძავდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პონტოს ჰერაკლეაში. ბავშვობაში დაობლდა და აღზარდა ბიძამ, იოანეჰ, ჰეარკლიის ეპისკოპოსმა. პირველი განათლება ბიძის ხელმძღვანელობით მიიღო ჰერაკლეაში. 20 წლის ასაკში ბიძამ სასწავლებლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში. იქ მას ასწავლიდნენ იოანე გლიკა და თეოდორე მეტოხიტი. გლიკასგან ისწავლა გრამატიკა და რიტორიკა, ხოლო თეოდორე მეტოხიტისაგან ფილოსოფია და ასტრონომია. თეოდორე მეტოხიტმა გრიგორასი წარუდგინა იმპერატორ ანდრონიკე II-ს. 1326 წელს იმპერატორმა ის გაგზავნა ელჩად სერბეთში. 1328 წელს ნიკიფორემ მთავრობის რისხვა დაიმსახურა და ჩამოშორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას ორი წლით, 1330 წლამდე. შემდგომში ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეკლესიათა უნიის გარსემო წარმოებულ მოლაპარაკებებში და გრიგოლ პალამას წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისი ისტორიული თხზულება „რომის ისტორია“ მოიცავს პერიოდს 1204 წლიდან 1359 წლის ჩათვლით. თხზულების პირველ ნაწილში (1204-1320) ძირითადად აკროპოლიტეს და პაქიმერეს ეყრდნობა, თუმცა დამატებით წყაროებსაც იყენებს; დანარჩენი ამბების უშუალო მომსწრე და მონაწილე თავად იყო. დაწვრილებით გადმოსცემს 1320-1359 წლის ამბებს. ამ მონაკვეთში ნიკიფორე გრიგორა უფრო მემუარისტად გვევლინება, ვიდრე ქრონისტად. დიდ ყურადღებას უთმობს საეკლესიო ბრძოლას. მოვლენებს სუბიექტურად აფასებს. მტრულად ეკიდება ზილოტების გამოსვლას.

მნიშვნელოვანია გრიგორას ცნობები ტრაპიზონის იმპერიის შესახებ. ტრაპიზონის მეფეებს „კოლხების ქვეყნის მფლობელად“, „კოლხთა და ლაზთა ქვეყნის მფლობელად“, „ლაზებად“ მოიხსენიებს. აღსანიშნავია აგრეთვე გრიგორას ცნობები ტრაპიზონის მეფეთა დინასტიურ ქორწინებების, აბაზგებისა და საქართველოში თათარ-ხვარაზმელთა შემოსევის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 428, თბ. 1984 წელი.
  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე გრიგორასი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 119-158.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]