შინაარსზე გადასვლა

იოანე ანტიოქიელი (ისტორიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე ანტიოქიელი (ბერძ. Ιωάννης της Αντιόχειας) — ბიზანტიელი ისტორიკოსი. ეკუთვნის VII საუკუნის სირია-პალესტინის მოღვაწეთა რიცხვს. მისი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ კონსტანტინე პორფიროგენეტის ექსცერპტებში შენახული შენიშვნების წყალობით შესაძლებელი გახდა იმის გამორკვევა, რომ მისი სამწერლო მოღვაწეობა ირაკლი კეისრის (610-641) ხანას უნდა ეკუთვნოდეს.

იოანე ანტიოქიელის პიროვნებისა და ეპოქის შესახებ დესაც არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება მეცნიერთა შორის. C. E. Gleye (BZ II, 160) ფიქრობდა, რომ იოანე ანტიოქიელი იყო იოანე მალალას ქრონიკის ავტორი. მეორე მხრით, XII საუკუნის პოეტ-კომპილატორის ცეცეს მიერ მოყვანილი ციტატების საფუძველზე თითქოს შესაძლებელი ხდებოდა იოანე ანტიოქიელის მიკუთვნება XI საუკუნის მეორე ნახევრისათვის. მაგრამ იოანე ანტიოქელის ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტებიდან და სხვა ისტორიკოსთა და ქრონოგრაფოსთა შედარებიდან ირკვევა, რომ იოანე ანტიოქიელის ნაწარმოები VII საუკუნის თხზულება უნდა იყოს.

იოანეს ნაწარმოები წარმოადგენდა მსოფლიო ქრონიკას ადამიდან 610 წლამდე, კეისარ ფოკას გარდაცვალებამდე. კონსტანტინე პორფიროგენეტის ექსცერპტებში ამ ნაწარმოებს ეწოდება „Ιστορία Χρονική“, ზოგჯერ პირდაპირ „Ιστορία“, ხოლო სხვა, ამ ნაშრომის ნაწილების შემცველ, ხელნაწერებში αρχαιολογία.

წყაროებად იოანეს გამოუყენებია სექსტე იული აფრიკანე, ევსევი კესარიელი, ევტროპი, იოანე მალალა, პეტრე პატრიკიოსი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]