ზაქარია რიტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ammonius

ზაქარია რიტორი (დ. დაახლ. 482 — გ. დაახლ. 560) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და საეკლესიო მოღვაწე. იყო მონოფიზიტური მიმდინარეობის წარმომადგენელი. იცავდა ღმერთის მარადიულობის, ტრანსცენდენტობისა და ღმერთის მიერ ქვეყნის დროში შექმნის იდეას, რომელიც მიმართული იყო იმ დროს გავლენიანი ნეოპლატონიზმის წინააღმდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მაიუმასში, მისი მამის სახლი მდებარეობდა მაიუმასის ეპისკოპოსის, პეტრე იბერის მონასტრის მახლობლად. 482-489 წლებში სწავლობდა ალექსანდრიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ბეირუთში სამართლის შესასწავლად. ჯერ კიდევ ალექსანდრიაში ჩამოყალიბდა აქტიურ ქრისტიანად. მანუტინში მონაწილეობდა ღმერთების კერპების დამმსხვრევაში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა პეტრე იბერის წრემ, ისე, რომ ბერად აღკვეცასაც ფიქრობდა. ბეირუთში სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ზენონის იმპერატორობის დროს გადასახლდა კონსტანტინოპოლში და დაიწყო ვექილობა. 527 წლის დოკუმენტით ის კვლავ ვექილად იხსენიება. 536 წელს ის უკვე მიტილენის ეპისკოპოსის სტატუსით მონაწილეობდაკონსტანტინოპოლის სინოდში. ამის შემდეგ ზაქარიას შესახებ ცნობები არღა მოიპოვება. 553 წელს სინოდში მიტილენის წარმომადგენელი უკვე მიტროპოლიტი პალადი იყო.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • De mundi opilicio contra philosophos disputatio
  • პეტრე იბერის ცხოვრება, დაკარგულია
  • მამა ესაია ასკეტის ცხოვრება
  • სევერეს ცხოვრება, შედგენილია 512-518 წლებში, კონსტანტინოპოლში
  • მანიქეველთა წინააღმდეგ
  • საეკლესიო ისტორია

„საეკლესიო ისტორია“ შეიცავს ბიზანტიის ისტორიის საყურადღებო ცნობებს 436 წლიდან 491 წლამდე. „საეკლესიო ისტორიამ“ შემოინახა უაღრესად საყურადღებო ცნობები პეტრე იბერის შესახებ, რომელიც მას მიაჩნია იმ დროის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პიროვნებად. „საეკლესიო ისტორია“ ზაქარია რიტორის სახელით გამოიცა, თუმცა მთლიანად მას არ ეკუთვნის. ის დაწერილი იყო ბერძნულად, თუმცა ბერძნული ორიგინალი დაკარგულია და ნაშრომი ასურული თარგმანის მეშვეობით შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 489.
  • ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 1-22.