სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1811
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი, 1875, (63 წლის)
პო, საფრანგეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ამალია დე ბურბონ-სიცილია
მარია კრისტინა ესპანელი
შვილ(ებ)ი ფრანსისკო, მარჩენას ჰერცოგი
პედრო, დურკალის ჰერცოგი
ლუისი, ანსოლას ჰერცოგი
ალფონსო
გაბრიელი
მშობლები მამა: პედრო კარლოს ესპანელი
დედა: მარია ტერეზა პორტუგალიელი

სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა (პორტ. Sebastião de Bourbon-Bragança, ესპ. Sebastián de Bourbón-Braganza; დ. 4 ნოემბერი, 1811 — გ. 14 თებერვალი, 1875) — ბურბონ-ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პედრო კარლოს ესპანელისა და მარია ტერეზა პორტუგალიელის ერთადერთი ვაჟი. ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებასტიანი დაიბადა 1811 წლის 4 ნოემბერს რიო-დე-ჟანეიროში, პორტუგალიის კოლონია ბრაზილიაში. იგი იყო პედრო კარლოს ესპანელისა და მარია ტერეზა პორტუგალიელის ერთადერთი შვილი. ამ დროს პორტუგალიის სამეფო ოჯახი ბრაზილიაში იყო გაქცეული ნაპოლეონის შემოჭრების გამო. მისი დაბადებიდან სულ ერთ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ესპანეთის მეფე კარლ III-ის ვაჟი გაბრიელ ესპანელი და პორტუგალიის მეფე პედრუ III-ის ასული მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე ჟუან VI და დედოფალი კარლოტა ხოაკინა ესპანელი. 1824 წელს ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-მ მას ესპანეთის ინფანტის წოდება უბოძა.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ პორტუგალიის სამეფო ოჯახი კვლავ ლისაბონში დაბრუნადა. მას შემდეგ რაც სებასტიანის ბიძა, მეფე პედრუ IV უშვილოდ გარდაიცვალა, ტახტზე მისი ძმა მიგელ I ავიდა, რომელსაც ამ დროისათვის შვილები არ ჰყავდა, რის გამოც პორტუგალიის ტახტის პირველ მემკვიდრედ 1826-34 წლებში სებასტიანი ითვლებოდა, როგორც მიგელის უფროსი დის შვილი.

1838 წელს სებასტიანის დედა მეორედ გათხოვდა თავისსავე განსვენებული დის ქვრივზე, მონილას გრაფ კარლოს ესპანელზე, რომელიც 1833 წლიდან კარლისტების პარტიის დამფუძნებელი და ესპანეთის ტახტის მოსარჩელე იყო.

ამის შემდეგ სებასტიანი კარლისტების პარტიაში გაწევრიანდა და ესპანელი მონარქისტების წინააღმდეგ იბრძოდა. მან მონაწილეობა მიიღო ბილბაოს მეორე ალყაში. აგრეთვე იბრძოდა ბრიტანელი ლეგიონელის ჯორჯ დე ევანზის წინააღმდეგ ორიამენდის ბრძოლაში. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ომი კარლისტების მარცხით დასრულდა.

სულ რამდენიმე წელიწადში სამოქალაქო ომი კვლავ დაიწყო, თუმცა ამჯერად რესპუბლიკელებსა და მონარქისტებს შორის. რესპუბლიკელებმა დაამხეს დედოფალი ისაბელ II და მასთან ერთად საფრანგეთსა და იტალიაში გააძევეს სრულიად ესპანური არისტოკრატია. ამის შემდეგ სებასტიანი საფრანგეთის სამხრეთულ ქალაქ პოში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1875 წლის 14 თებერვალს, 63 წლის ასაკში.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832 წლის 25 მაისს, მადრიდში სებასტიანი დაქორწინდა სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მარია ისაბელ ესპანელის ასულ მარია ამალია დე ბურბონ-სიცილიელზე, რომელიც 1857 წელს, 39 წლის ასაკში უშვილოდ გარდაიცვალა. ამ ამბიდან სულ სამ წელიწადში, 1860 წლის 19 ნოემბერს სებასტიანმა ცოლად შეირთო ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკოსა და მისი მეუღლის, ლუიზა კარლოტა დე ბურბონ-სიცილიელის ქალიშვილი მარია კრისტინა ესპანელი, რომელთანაც ხუთი ვაჟი შეეძინა:

  1. ფრანსისკო (1861-1923), ცოლად შეირთო მარია დელ პილარ დე მახუირო;
  2. პედრო (1862-1892), ცოლად შეირთო მარია დე ლა კარიდად დე მადანი;
  3. ლუისი (1864-1889), ცოლად შეირთო მარია ანა ბერნალდო დე კიროს ი მუნიოსი;
  4. ალფონსო (1866-1934);
  5. გაბრიელი (1869-1889);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mateos Sáinz de Medrano, Ricardo (1997). Los desconocidos infantes de España: Casa de Borbón (2ª edición). Barcelona: Thassàlia. ISBN 978-84-8237-054-5.(ესპანურად).