დიდი მეჯვრისხევი
სოფელი | |
---|---|
დიდი მეჯვრისხევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეჯვრისხევი |
კოორდინატები | 42°07′54″ ჩ. გ. 44°12′30″ ა. გ. / 42.13167° ჩ. გ. 44.20833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2329[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი მეჯვრისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას. ტირიფონის არხის მარჯვენა მხარეს. მეჯვრისხევის თემის ცენტრი (სოფლები: ზერტი, კვარხითი, მეჯუდისპირი, პატარა მეჯვრისხევი, ფაბრიკის დასახლება). ზღვის დონიდან 800 მეტრი, გორიდან 19 კილომეტრი.
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ცულები, შუბები და სხვა სამეურნეო თუ საბრძოლო დანიშნულების იარაღი. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და V-XVII საუკუნეებში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მეჯვრისხევი ქართლის რეგიონში განთქმული იყო მოჭიქული თიხის ჭურჭლის წარმოებით. ჭიქურის დასამზადებლად იყენებდნენ სოფლის მიდამოებში არსებულ კვარცის ქვიშას. მეჯვრისხევში 1605 წელს საზაფხულოდ იდგა და მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. XVIII საუკუნის დასაწყისში აქ ლეკებთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა ოსმალთა გარნიზონის სარდალი, გორის ფაშა. ლეკების ალაგმვა შესძლო მხოლოდ ძლიერმა ფეოდალმა გივი ამილახვარმა, რომელმაც ქართველთა ლაშქრით სოფელთან ბრძოლა გაუმართა მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. XIX საუკუნის 80-იან წლებში მეჯვრისხევი წარმოადგენდა ახლომდებარე სოფლების ცენტრს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მხარის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. აქ სისტემატიურად იმართებოდა ბაზრობები, ჩამოყალიბებული იყო ადგილობრივი თეატრალური წრე. სოფელი გარკვეულ როლს თამაშობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წლის 20 მარტს, აქ თავი უნდა მოეყარათ მახლობელი სოფლების გლეხებს. ბოქაულმა გზები შეკრა და სხვა სოფლის გლეხებს მეჯვრისხევში ჩამოსვლის საშუალება არ მისცა. სოფლის სასაფლაოზე მაინც შეგროვდა 4000-მდე კაცი. გადაწყდა მოეთხოვათ: დროებითი ვალდებული გლეხების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, გლეხებისათვის ტყითა და საძოვრებით სარგებლობის უფლება, ღალის ერთ მეათედამდე შემცირდება, მღვდლის გადასახადის მოსპობა, სახელმწიფო ხარჯზე სწავლის შემოღება და სხვა. გლეხებმა ფიცი დასდეს, რომ იბრძოლებდნენ მოთხოვნების განხორციელებისათვის. იმავე წლის 2 აპრილს, გორის მაზრის პოლიციამ, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ხუთი გლეხი. 1919 წლის 9 ნოემბერს, გორის მაზრის აჯანყებულმა გლეხებმა სოფელში შეკრეს გზები, დააპატიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურები, გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. 1921 წლის 18 ოქტომბერს, მეჯვრისხევში ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი შრომითი ამხანაგობა „მშველეთი“. ამხანაგობაში გაერთიანდა ადგილობრივი თემის გლეხობა. დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს გამგეობა, მიიღეს წესდება და დაამტკიცეს წევრების სია. ამჟამად სოფელში არის კოლ-ბა (მეხილეობა, მევენახეობა); მეფრინველეობის ფაბრიკა, რომლის მუშა-მოსამსახურეებისათვის აშენდა ექსპერიმენტული დასახლება ყველა სახის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებით (გენერალური გეგმისა და განაშენიანების ავტორი არქიტექტორები: ი. მარგიშვილი, დ. მორბედაძე, ლ. მჭედლიშვილი, თ. კვერცხიშვილი, ნ. ქურდიანი, 1970-იანი წლები).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2329 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | კომლი |
---|---|---|---|---|
1987[2] | 3164[კომ. 1] | 1029[კომ. 2] | ||
2002[3] | 3153 | 1527 | 1626 | |
2014[1] | 2329 | 1135 | 1194 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია
- დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია
- დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
- დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X საუკუნე)
- დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)
- დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგის ეკლესია
- ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანიშვილი შ., კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 61.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 526.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ გორის რაიონი და ქალაქი გორი: სტატისტიკური კრებული, გვ. 38, სახელმწიფო სტატისტიკის გორის რაიონული განყოფილება, გორი, 1988.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II