დაქიურთის ციხე-სახლი
დაქიურთის ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ დაქიურთის შუაში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ხელიძეებს.
ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. მეორე, მესამე და მეოთხე სართულების კედლები შიგნით მინარევი ნაკელითაა შელესილი. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. ციხე-სახლი (6,25 x 6 მეტრი; შემორჩენილი სიმაღლე 10,2 მეტრი) ხუთსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა. ყველა სართულს დამოუკიდებელი შეისრულთაღოვანი შესასვლელი აქვს. l სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე - სამხრეთიდან. ამ სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ფართო სარკმელია. პირველი და მეორე სართულები საქონლის სადგომია, მესამე სართული - საცხოვრებლის l სართულის შესასვლელი სამხრეთიდანაა. ამავე კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში - ორი სარკმელი, ჩრდილოეთისაში - სათოფური და ნიში. დასავლეთ კედლის შუაში განიერი პილასტრია, რომელიც ჭერამდე ადის. მეოთხე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამ სართულზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში - ერთი ფართო სარკმელი. მეხუთე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამავე კედელში ერთი სათოფურია. სამხრეთ კედელში - ორი სათოფური და დიდი ოთხკუთხა ღიობი, ჩრდილოეთ კედელში - ერთი ასეთივე ღიობი, აღმოსავლეთისაში - ორი ღიობი და ერთი სარკმელი. მეოთხე და მეხუთე სართულები სათავდაცვო იყო. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები).
აღმოსავლეთიდან ციხე-სახლს ეკვრის ტერასა (7,5 x 8,4 მეტრი), რომლის აღმოსავლეთ კედელში 0,7 მეტრ სიმაღლეზე, ჩასმულია ცხენების მისაბმელი ფიქლის შვერილები. ll სართულზე სამხრეთიდან მიდგმულია სწორკუთხა ნაგებობა (3,35 x 2,8 მეტრი), რომელშიც ქვის კიბით ადიოდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალდანი. ა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 75-76.