ბარუხის გეგმა
ბარუხის გეგმა (ინგლ. Baruch Plan) — ამერიკული გეგმა, რომელიც წარედგინა გაეროს ატომური ენერგიის კომისიას. გეგმის მიხედვით აშშ სთავაზობდა სხვა ქვეყნებს ეთანამშრომლათ ატომის მშვიდობიანი გამოყენების მიმართულებით. 1946 წლის 14 ივნისს გეგმა წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩეველმა ბერნარდ ბარუხმა.
ბარუხის გეგმის მიხედვით უნდა შექმნილიყო საერთაშორისო „ატომური განვითარების სააგენტო“ და მას უნდა გადასცემოდა კონტროლი ბირთვულ წარმოებაზე და ქვეყნებს შორის გაეცვალა კვლევის შედეგები. სააგენტოს კონტროლი უნდა განეხორციელებინა ადგილზე საერთაშორისო შემოწმების ფარგლებში. გეგმა ითვალისწინებდა იმ ქვეყნების ბირთვული პროგრამების მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას, რომლებიც თანამშრომლობენ საერთაშორისო ინსპექტირების ფარგლებში. გაეროს ატომური ენერგიის კომისია უნდა გამხდარიყო ამ სააგენტოს ცენტრალური ორგანო. ამასთანავე იგი არ დაექვემდებარებოდა უშიშროების საბჭოს და მასში გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხმათა უმრავლესობით.
ბარუხის გეგმას არ დაეთანხმა სსრკ, ვინაიდან მისი მიღების შემთხვევაში, იგი აშკარად შეანელებდა სსრკ-ის მოძრაობას ბირთვული პოტენციალის მიმართულებით, რაც აუცილებელად მიაჩნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საჭიროება აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა თავისი ძალა აჩვენა 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, როდესაც ბირთვული ბომბები ჩამოყარა ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში. ამიტომ საბჭოთა დიპლომატიამ გაეროს კონფერენციაზე წამოაყენა ატომური ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმის იდეა.
საბოლოოდ, გეგმა არ მიუღიათ უსაფრთხოების საბჭოში საბჭოთა ვეტოს გამო. კომისიამ 1949 წელს შეწყვიტა საქმიანობა. „ბარუხის გეგმის“ მარცხისა და საპასუხო საბჭოთა ინიციატივის შემდეგ, მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების შეჯიბრი დაიწყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Atomic Archive: The Baruch Plan დაარქივებული 2020-02-13 საიტზე Wayback Machine.
- David J Holloway. 2020. "The Soviet Union and the Baruch Plan."