ხონის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტი დროშა ხონის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ხონი

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

74.1 [1] კაცი/კმ²

ფართობი

428.5 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

23 570 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.2%
რუსები 0.4%
აფხაზები 0.2%[2]

ხონის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.


ხონის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში.

გეოგრაფია

მდებარეობა

ხონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარეების გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 42 კილომეტრზე გრძელდება, მაქსიმალური სიგანე 17 კილომეტრია, მინიმალური კი 7.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 428.5 კმ2-ია, მისი 58% მთაგორიანია. მთიან ზონას შუაზე ყოფს მდინარე ცხენისწყალი. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი (ზღვის დონიდან 62 მეტრი), ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436.7 მეტრი). გამოიყოფა სამი რელიეფური ზონა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. მთიან ზონაში მრავლადაა ჩანჩქერები, წყაროები და ფოთლოვანი ტყეები.

ხონის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი.

ჰავა

მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, დაბლობში წლიური საშუალო ტემპერატურაა +14.3°, იანვარში +5°, აგვისტოში +23.4°, წელიწადში საშუალოდ 1460-1790 მმ ნალექი მოდის. მთის ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურაა +12.°, იანვარში -3.°, აგვისტოში +21°; ნალექები 2280-2400 მმ.

ბუნება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი. პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ოკაცე, ნაბეჩო, ღალდა, მეჭია, ღარჩელა, სუხჩელა, კუხა, რაჩხა და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია თევზის ჯიშები: წვერა, ქაშაყი, საველა, ტობი, კალმახი, ღორჯო, ნაფოტა და სხვა. მთისწინა და მთის სოფლებში მრავლადაა წყაროები, მათ შორის ძველი წყაროები: მთავრის წყარო (1832 წ.) და დედოფლის წყარო (XIX საუკუნე) ზედა გორდიში, პატარა ჯიხაიშის ღოღობერიძეების წყარო (XVI საუკუნე), წყარო ბინური სოფელ ხიდში, სოფელ მათხოჯის წყარო და სხვა. აღსანიშნავია მდინარე ოკაცეზე არსებული წყალვარდნილები და 15 კილომეტრის სიგრძის კანიონი.

მთის ზონა ტყეებითა და ბუჩქნარებითაა დაფარული. ტყეებს 20000 ჰექტარი უკავია, იზრდება მუხა, ცაცხვი, წაბლი, წიფელი, ბალამწარა, ვაშლი, ლეკა, თხმელა, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, აკაცია, ტირიფი, ბზა, უხვადაა კენკროვანი და სამკურნალო მცენარეები. ბინადრობს კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, დათვი. მთის ზონაშია ასხის მასივი.

ისტორია

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიული კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი.

მიკვლეულია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები ქვედა კინჩხაში. აქვეა ნაპოვნი ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს (ძვ. წ. III საუკუნე) სტატერი, ხონში კი "კოლხური თეთრის" მონეტათა განძები 1270 ცალი, ბიზანტიური თუ თურქული მონეტები. გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები –"გორიკები" - არის აღმოჩენილი ხონში, პატარა ჯიხაიშში, ქუტირში, ღვედში. მოსახლეობა დღემდე პოულობს ბრინჯაოს საბრძოლო, სამეურნეო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების სხვადასხვა ნივთებს და სპილენძის ზოდებს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აიგო პირველმოწამეთა სახელობის ეკლესიები: ხონში, გელავერში, ქვედა კინჩხაში, ხიდში. შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია მეფის საკუთრება იყო. რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკის მაზრის ნაწილი იყო, ხოლო დაბა ხონი - მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ეს ტერიტორია ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა.

დაბა ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ხონი იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი. 70-იან წლებში ის ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. 60-იან წლებში გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. მან სოფელს რკინის ხიდი აჩუქა. ხიდი 1985 წლამდე მოქმედებდა. 1892 წელს ნიკო ნიკოლაძის და სხვათა ინიციატივით გაიყვანეს სარწყავი არხი მდინარე ცხენისწყლიდან ხონი-ჯიხაიშის მიმართულებით, რომლის მეშვეობით ირწყვებოდა 12 ათასი დესეტინა მიწის ფართობი.

ხონის ისტორიის შესწავლით დაკავებული იყვნენ: ნიკიფორე ტოლოჩანოვი; ვახუშტი ბატონიშვილი, იოჰან გიულდენშტედტი, ჟაკ ფრანსუა გამბა, პლატონ იოსელიანი, მარი ბროსე, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ამირანაშვილი.

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 34 979
2002 31 757
2014 23 570

ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტი შედის 12 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად იყოფა

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 31200 ადამიანს. აქედან ქალაქის მოსახლეობა დაახ. 11 200-ია, ხოლო სოფლისა - 20 000. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, ასევე ცხოვრობენ რუსები და აფხაზები. მუნიციპალიტეტში 1400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 22 წევრისგან, აქედან 12 არჩეულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - პროპორციულით. 2010 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს 20 წევრი წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო თითო-თითო ქრსიატიან-დემოკრატებსა და თავისუფალ დემოკრატებს. საკრებულოში შექმნილია ორი ფრაქცია: "ნაციონალები" და "მაჟორიტარები". მოქმედებს ოთხი კომისია: ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების, საფინანსო-საბიუჯეტო, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისა და სოციალურ საკითხთა კომისიები.

ეკონომიკა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 18042 ჰექტარი. მათ შორის სახნავია - 8020 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 2251.33 ჰექტარი, სათიბი - 104 ჰექტარი და საძოვარი - 7666 ჰექტარი.

ღირსშესანიშნაობანი

ბუნების ძეგლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია ოკაცეს კანიონი სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. კანიონის სიგრძე ორი კილომეტრია. სიგანე ზოგან 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი - 20-დან 100 მეტრამდე. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და ტბაა. ერთ-ერთი ტბის "ოსხაპოს" სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რადმენიმე მღვიმეა: ქვაბიკარის მღვიმე სოფელ ღვედში, ჭირკარის მღვიმე სოფელ მათხოჯში, გორდის მღვიმე სოფელ ზედა გორდიში, "წმინდალიანის გამოქვაბული", "კლდეიდას მღვიმე" და "ღვალბაჯანის გამოქვაბული" სოფელ ქვედა კინჩხაში, ასევე გამოქვაბულები თურჩუს მთაზე. კარსტული მღვიმეები არის ასევე ასხის მასივზე, მდინარე ტობის აუზში.

ისტორიული ძეგლები

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძვეესი ისტორიული ძეგლია ძველი წელთაღრციცხვით 65 წლის "ბუმბუას" ანუ პომპეუსის ხიდი სოფელ ხიდში. ადრეფეოდალური ხანის ორი ციხეა სოფელში მათხოჯი. აღსანიშნავია ხონის ეკლესია - VIII-XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ქალაქ ხონში.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი კიბულა არის აღმოჩენილი სოფელში ქვედა კინჩხა. აქაა მაცხოვრისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, ტარეშის ეკლესია და აკლდამა. XVII საუკუნის გვაშტიბის ციხე და ეკლესია გვაშტიბში; ღვედის კოშკი ღვედში. სოფელ ქვედა გორდის ტერიტორიაზეა XVIII საუკუნის რეხისა და ველის ციხეები. ამავე სოფელშია დადიანების კუთვნილ მამულებზე შემორჩენილი XIX საუკუნის ძეგლები: ტყე-პარკი, კარის ეკლესია, ისტორიული წყაროები.

მუნიციპალიტეტის ტრეიტორიაზე ისტორიული ძეგლები ასევე შემორჩენილია სოფლებში:

  • ბანგვეთი - X-XI საუკუნეების ეკლესია
  • უძლოური - 1319 წლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
  • ახალშენი - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე მუხურისი
  • სუხჩა - შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
  • გამოღმა ნოღა - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე „უქიმერიონი“ და ეკლესია
  • ხიდი - გვიანი შუა საუკუნეების ობუჯის ნაეკლესიარი
  • პატარა ჯიხაიში - 1790 წლისა და 1897 წლის წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ეკლესიები.
  • გელავერი - XVIII საუკუნის მარინეს სახელობის ეკლესია
  • მათხოჯი - 1864 და 1872 წლების წმინდა ბასილისა და წმინდა ნინოს ეკლესიები
  • ქუტირი - 1872 წლის წმინდა გიორგის ეკლესია
  • ხონი - 1881 წლის სამასწავლებლო სემინარია
  • საწულუკიძეო - XIX საუკუნის კვირიკესა და ივლიტას ნაეკლესიარი
  • ძეძილეთი - მთავარანგელოზის ეკლესია

რესურსები ინტერნეტში