ულრიკა ელეონორა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულრიკა ელეონორა დანიელი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 25 ნოემბერი, 1680, სტოკჰოლმი
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1680
მმართ. დასასრული: 26 ივლისი, 1693
წინამორბედი: ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი
მემკვიდრე: ფრიდრიხ ფონ ჰესენ-კასელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 სექტემბერი, 1656
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 26 ივლისი, 1693, (36 წლის)
გარდ. ადგილი: კარლბერგის სასახლე, სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: კარლ XI, შვედეთის მეფე
შვილები: ჰედვიგ სოფია, ჰოშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
კარლ XII, შვედეთის მეფე
ულრიკა ელეონორა, შვედეთის დედოფალი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ულრიკა ელეონორა დანიელი (დან. Ulrikke Eleonore af Danmark, შვედ. Ulrika Eleonora av Danmark; დ. 11 სექტემბერი, 1656 — გ. 26 ივლისი, 1693) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1680-93 წლებში როგორც კარლ XI-ის მეუღლე. შვედეთის მეფე კარლ XII-ისა და შვედეთის დედოფალ ულრიკა ელეონორას დედა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიკა ელეონორა დაიბადა 1656 წლის 11 სექტემბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. 1675 წლიდან, მისმა ძმამ, მეფე კრისტიან V-მ იგი შვედეთის მეფე კარლ XI-ზე დანიშნა. ქორწინება ითვალისწინებდა 1675-79 წლებში, დანიასა და შვედეთს შორის მიმდინარე სკანდინავიის ომის დასასრულს, რომელსაც ეს ორი სამეფო მოკავშირეებად უნდა ექცია. აღსანიშნავია, რომ ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, მისი ხელი თვით საღვთო რომის იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა ითხოვა, მაგრამ კრისტიანს შვედებთან ომის განახლების შეეშინდა, რის გამოც მას უარი უთხრა. აღსანიშნავია, რომ საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ულრიკა ელეონორას შვედეთში გადასვლის შემდეგ, შვედები ომის დროს დატყვევებულ დანიელებსა და ნორვეგიის დაკავებულ ნაწილს აბრუნებდნენ. აქედან გამომდინარე, იგი ფაქტობრივად გამოსასყიდი იყო.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიკა ელეონორა აღწერილია როგორც ლამაზი და კეთილი ქალი, რომელიც სტოკჰოლმში შესვლისთანავე დიდი ენთუზიაზმით მიესალმა შვედებს. მან კარგად იცოდა თავისი მოვალეობა — დანიასა და შვედეთს შორის მშვიდობის შენარჩუნება — რომლის შესრულებასაც ყველანაირად ცდილობდა. მისი მეუღლე, მეფე კარლ XI მეტად გულცივი კაცი იყო, რომელსაც არ სჩვეოდა თავისი გრძნობების გამოხატვა, ამიტომაც ულრიკას ყოველთვის ეგონა, რომ ქმარს იგი არ უყვარდა. როგორც ცნობილია, მისი გარდაცვალების შემდეგ, კარლმა დედამისს გაუმხილა, რომ ცოლის გარდაცვალების გამო ძალიან დარდობდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მეფეს მისდამი გრძნობები ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარლი პირველ ადგილას ყოველთვის დედამისს, დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელს აყენებდა, ულრიკა კი ყოველთვის მის შემდეგ იყო. ამრიგად, ულრიკას არასდროს ეკავა ნამდვილი დედოფლის პოზიცია, რაც ქვეყნის პირველ, ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალობას ნიშნავს. დანიელთა მოძულე ჰედვიგ ელეონორა და მისი მომხრე შვედი დიდებულები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ულრიკა ელეონორასადმი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეფე ულრიკას ყოველთვის „ჩემი ცოლი“-თ მოიხსენიებდა, მაშინ როცა ჰედვიგ ელეონორას „დედოფალს“ ეძახდა. ამის გამო, უცხოელი ელჩები ყოველთვის ჯერ ჰედვიგ ელეონორას ესალმებოდნენ, შემდეგ კი ულრიკა ელეონორას.

აღსანიშნავია, რომ ულრიკა ელეონორას სოციალური ცხოვრება უბედური იყო, მაგრამ მისი ურთიერთობა ქმარ-შვილთან პირიქით, ძალიან ბედნიერი. ცნობილია, რომ მას ყველაზე მეტად კალბერგის სასახლეში ყოფნა უყვარდა თავის ოჯახთან ერთად. ეს იყო პატარა სასახლე სამეფო კარიდან მოშორებით, სადაც ყველაფერი მარტივი და ხელმისაწვდომი იყო. აქ იგი ხშირად დადიოდა თავის ქმართან ერთად დასასვენებლად. აქ ულრიკა ივიწყებდა თავის წოდებრივ მდგომარეობას და უბრალო ქალივით იქცეოდა, მეტიც, როგორც ცნობილია იგი ბოსტანშიც საქმიანობდა ხოლმე. იგი დიდად იყო დაინტერესებული ხელოვნებით, განსაკუთრებით კი თეატრითა და ცეკვით. იგი თავის საყვარელ სეფექალებთან ერთად ხშირად ესწრებოდა სპექტაკლებს.

ცნობილია, რომ ულრიკა ელეონორამ არაერთხელ სცადა თავის ქმარზე პოლიტიკური გავლენა მოეხდინა, როგორც ეს გათხოვების წინ დაარიგეს, მაგრამ სულ ამაოდ. მტრულად განწყობილი დიდებულები და სამეფო საბჭოს წევრები ამას არაფრით უშვებდნენ. ამის გამო, მან უბრალოდ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და ასე შეეცადა გაეუმჯობესებინა თავისი ხალხის ცხოვრება. იგი შვედეთის ისტორიაში სწორედ ქველმოქმედი დედოფლის სახელითაა შესული, რომელმაც დააარსა არაერთი ბავშვთა სახლი, უსახლ-კაროთა თავშესაფარი, სკოლა და სხვა ინსტიტუტები. მან დააფინანსა რამდენიმე საჯარო სკოლის გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დაბალი ფენის ადამიანებსაც შესძლებოდათ ელემენტარული განათლების მიღება. ამის გამო, იგი ხალხს ძალიან უყვარდა, რის გამოც გარკვეული პოლიტიკური გავლენა მაინც ჰქონდა. მისი განსაკუთრებულად კარგი და ცნობილი პროექტი 1686 წელს გაიხსნა და „დედოფლის სახლი“ ეწოდა, სადაც ქვრივებსა და ღარიბ გოგონებს შეეძლოთ თავშესაფრისა და განათლების მიღება. თავისი სადედოფლო და რეგულარული პენსიის უმეტესობას იგი ქველმოქმედებას ახმარდა. იგი პირადად ზრუნავდა დაინვალიდებულ ჯარისკაცებსა და მაც ცოლ-შვილზე. ამას გარდა, მის დროს შვედეთში აიკრძალა კათოლიკეების, მართლმადიდებლების, მუსულმანებისა და იუდაისტების დევნა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვედეთის არმიაში იმსახურებდნენ.

გარდაცვალება და ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1690 წელს, კარლ XI-მ გამოაცხადა, რომ თუ იგი ნაადრევად გარდაიცვლებოდა, მათი მცირეწლოვანი ვაჟის რეგენტი ულრიკა ელეონორა უნდა გამხდარიყო. ამან გაახარა დედოფალი, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება. შვიდმა მშობიარობამ და აქედან ოთხი ვაჟის ნაადრევმა გარდაცვალებამ შეარყია დედოფლის ჯანმრთელობა, რაც განსაკუთრებით 1692-93 წლებში დამძიმდა. ამის გამო, ამ წლის ზამთარი მან მთლიანად საწოლი გახდა. დასუსტებული ულრიკა ელეონორა 1693 წლის 26 ივლისს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავის საყვარელ კარლბერგის სასახლეში. აღსანიშნავია, რომ კარლმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ უწოდა მას დედოფალი.

მისი გარდაცვალების შესახებ ერთი ძველი შვედური ლეგენდა არსებობს. ამ ლეგენდის მიხედვით, დედოფალი ულრიკა ელეონორა კარლბერგის სასახლეში, თავის საწოლში გარდაიცვალა. როდესაც ამის შესახებ მისმა საყვარელმა მეგობარმა, გრაფინია მარია ელიზაბეთ სტენბოკმა შეიტყო, რომელიც სტოკჰოლმში იყო და ასევე ავადმყოფობდა, დაუყოვნებლივ ჩავიდა კარლბერგში. იგი ღამით ჩუმად შევიდა დედოფლის საძინებელში, სადაც მისი ცხედარი იყო. იქვე მყოფმა მცველმა, რომელმაც გარდაცვლილი დედოფლის ოთახიდან გამოსული საუბარი გაიგონა დაუყოვნებლივ იქით გაეშურა. ოთახში შესულმა მცველმა კი დაინახა, რომ დედოფალი და გრაფინია ფანჯრის პირას საუბრობდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, გრაფინიას იმ ღამით სტოკჰოლმი არ დაუტოვებია, რადგან მატარებელმა ერთი წუთით გაასწრო. როდესაც მცველმა გაიგო, რომ იქ გრაფინია არ ყოფილა და გააანალიზა, რომ მოეჩვენა, იმდენად შეეშინდა რომ გულის შეტევა განუვითარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, თქმულების მიხედვით, კარლბერგის სასახლეში დედოფლის სული დადის, რომელიც ფანჯარასთან თავის მეგობარს ესაუბრება და ვინც მათ მოუსმენს ყველას კლავს. ცხადია ეს ყოველივე უბრალო გამონაგონია, რომელიც შემდგომში სასახლის პოპულარიზაციისათვის გამოიყენეს. უნდა აღინიშნოს, რომ ფანდმა გაამართლა და ლეგენდის გამო, კარლბერგის სასახლეს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰედვიგ სოფია (1681-1708), ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ს, რომელთა ვაჟიც იყო შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკი;
  2. კარლ XII (1682-1718), შვედეთის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ამიტომაც ტახტი მისმა დამ დაიკავა;
  3. გუსტავი (1683-1685), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ულრიკი (1684-1685), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფრედერიკი (1685), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. კარლ გუსტავი (1686-1687), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ულრიკა ელეონორა (1688-1741), ცოლად გაჰყვა ლანდგრაფ ფრიდრიხ ჰესენ-კასელელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია. ძმის გარდაცვალების შემდეგ შვედეთის ტახტზე ავიდა, თუმცა ერთ წელიწადში იგი მისმა ქმარმა ჩამოაგდო და თავად გამეფდა, ის კი უბრალო დედოფლად აქცია. მათი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა დის შვილმა დაიკავა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Herman Lindqvist (2006). Historien om alla Sveriges drottningar (in svedese). Norstedts Förlag. ISBN 91-1-301524-9. (In svedese)
  • Lindqvist, Herman. Storhet och fall. Sweden: Bokförlaget Pan, 2000 (1997). Vol 4 of Historien om Sverige. 10 vols. 1992–2002. ISBN 91-7263-092-2. (In svedese)
  • "Ulrika Eleonora". vol 13 of Bra böckers lexikon. (ed. Jan-Öjvind Swahn). 25 vols.Bokförlaget Bra Böcker AB, 1986. (In svedese)
  • http://runeberg.org/sqvinnor/0427.html (In svedese)
  • Carl Grimberg: Svenska Folkets underbara öden IV. 1660-1707 (The wonderful destinys of the Swedish people) (In svedese)