შინაარსზე გადასვლა

ტირა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტირა დანიელი
წოდებები
ჰანოვერის კრონპრინცესა
დაიბადა 29 სექტემბერი, 1853
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 26 თებერვალი, 1933, (79 წლის)
გმუნდენი, ავსტრია
საგვარეულო გლიუქსბურგები
მეუღლე(ები) ერნესტ ავგუსტი, ჰანოვერის კრონპრინცი
შვილ(ებ)ი ექვსი შვილი
მამა კრისტიან IX, დანიის მეფე
დედა ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
რელიგია ლუთერანიზმი

ტირა დანიელი (დან. Thyra af Danmark, გერმ. Thyra von Dänemark; დ. 29 სექტემბერი, 1853 — გ. 26 თებერვალი, 1933) — გლიუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის უმცროსი ასული. ჰანოვერის კრონპრინცესა როგორც ერნესტ ავგუსტ ჰანოვერელის მეუღლე.

ტირა დაიბადა 1853 წლის 29 სექტემბერს ყვითელ სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის უმცროსი ქალიშვილი. იგი თავისი მშობლების გამეფებამდე ათი წლით ადრე დაიბადა, ვინაიდან კრისტიანი ტახტზე მხოლოდ 1863 წელს ავიდა. ამავე წელს, მისი ძმა, გეორგიოს I საბერძნეთის მეფედ აირჩიეს. იმავდროულად, მისი უფროსი და, ალექსანდრა ცოლად დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს, ხოლო დაგმარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს გაჰყვა ცოლად.

სამეფო კარზე ტირა გამოირჩეოდა თავისი კარგი აღზრდითა და მანერებით, რომელთაც მისი შავი თმა და მომხიბვლელი ლურჯი თვალები ემატებოდა. დედოფალ ლუიზას სურდა, რომ ისიც მისი და-ძმების მსგავსად სარფიანად დაქორწინებულიყო. ამის გამო, თავდაპირველად ტირას საქმროდ განიხილებოდა ნიდერლანდების მეფე ვილემ II, თუმცა იგი ტირაზე თექვსმეტი წლით უფროსი იყო და ამიტომაც უარი თქვა ქორწინებაზე.

ამ პერიოდში, ტირას ერთ-ერთი დანიელი ლეიტენანტი შეუყვარდა, მასთან რომანი გააბა და 1870 წელს დაფეხმძიმდა კიდეც. დანიის სამეფო ოჯახის „ღირსების“ შესანარჩუნებლად, დედოფალმა დამალა მისი ფეხმძიმობა და იგი მის ძმასთან, გეორგიოსთან გაუშვა ათენში, სადაც გააჩინა ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ბავშვის შემდგომი ბედი უცნობია. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მან გოგონა გააჩინა, სახელად მარია, რომელმაც შემდგომში კეიტი დაირქვა და დედის საძებნელად დანიაში ჩავიდა, თუმცა იქ მან თავისი სიყვარული გაიცნო და გათხოვდა. თუმცა, ეს მხოლოდ ხალხში გავრცელებულ ჭორზე აგებული ლამაზი ლეგენდაა და მას ისტორიული წყარო არ აქვს.

1878 წლის 21/22 დეკემბერს ტირა ცოლად შერთეს ჰანოვერის მეფე გეორგ V-ისა და დედოფალ მარია საქსენ-ალტენბურგელის ვაჟს, კრონპრინც ერნესტ ავგუსტს. მიუხედავად ტიტულისა, ერნესტ ავგუსტის სამეფო, ანუ ჰანოვერი, ჯერ კიდევ 1866 წელს გააუქმა და მიიერთა პრუსიამ.

მიუხედავად ყველაფრისა, ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა და ტირამ ექვსი ბავშვი გააჩინა. ვინაიდან მისი ქმარი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბიძაშვილი იყო, იგი კამბერლენდისა და ტევიოტდალის ჰერცოგის წოდებას ატარებდა. ამავდროულად, ის და ტირა, ფაქტობრივად ჰანოვერის ტიტულარული მეფე-დედოფალი იყვნენ.

ტირა დანიელი 1923 წლის 14 ნოემბერს ავსტრიის ქალაქ გმუნდენში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხრა წელი და გარდაიცვალა 1933 წლის 26 თებერვალს, 79 წლის ასაკში.

  1. მარია ლუიზა (1879-1948), ცოლად გაჰყვა ბადენის მთავარ მაქსიმილიანს;
  2. გეორგ ვილჰელმი (1880-1912), ჰანოვერის ჰერალდიტარული პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  3. ალექსანდრა (1882-1963), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც IV-ს;
  4. ოლღა (1884-1958), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. კრისტიანი (1885-1901), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  6. ერნესტ ავგუსტი (1887-1953), ბრაუნშვაიგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ვიქტორია ლუიზა პრუსიელი, რომელთა შვილიც იყო საბერძნეთის დედოფალი ფრედერიკა ჰანოვერელი;
  • Bramsen, Bo. Huset Glücksborg i 150 år, 1825 6. juli-1975. Copenhagen: Forum, 1975
  • "Genealogy of the Royal Family of Denmark". Archived from the original on October 28, 2009. Retrieved 2006-11-22. at www.geocities.com
  • DIS-Forum :: AneEfterlysning :: Prinsesse Thyras uægte barn at www.dis-danmark.dk